Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროს მემანქანეების გაფიცვა ერთი თვით გადაიდო


თბილისის მეტრო
თბილისის მეტრო

„წელთა დამსახურების“ ანაზღაურება, ღამის საათებში მუშაობის ორმაგი ტარიფი და ხელფასის გაზრდა 20%-ით - ეს თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ერთი ნაწილის სამი მთავარი მოთხოვნაა იმ 13-დან, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მეტროს თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ.

თუმცა 7 აპრილს ცნობილი გახდა, რომ, დაანონსებული 8 აპრილის ნაცვლად, მეტროს თანამშრომლები, შესაძლოა, ერთ თვეში გაიფიცონ, თუ სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. გაფიცვის გადავადების გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, რომელსაც სატრანსპორტო კომპანიამ შესაბამისი სარჩელით მიმართა.

დეპო „გლდანის“ მორიგე ზაზა ბარბაქაძე ამბობს, რომ მეტროს მემანქანეების გაფიცვის თარიღმა ერთი თვით გადაიწია, რისი საფუძველიც სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, სასამართლოს კი გადავადების მოთხოვნით სატრანსპორტო კომპანიამ მიმართა. შესაბამისად, 8 აპრილიდან რამდენიმე ასეული მემანქანე სამსახურში ისევ გამოცხადდება და მატარებლების მოძრაობა არ შეჩერდება. მიუხედავად მოლაპარაკებების პროცესისა, ზაზა ბარბაქაძის ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეული არ არის. ზოგადად კი პროცესი, მისი თქმით, დღეს არ დაწყებულა. ზაზა ბარბაქაძე იხსენებს, რომ დამოუკიდებელმა პროფკავშირმა მეტროს მაშინდელ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო - მეტროპოლიტენის თანამშრომლები მოითხოვდნენ იმ ფულადი დანამატების აღდგენას, რაც მათ 2006 წლამდე ეკუთვნოდათ. გარკვეულ საკითხებზე, როგორიც იყო მოსვენების საათები თუ მავნე პირობები, შეთანხმდნენ კიდეც, თუმცა ეს მოთხოვნების მხოლოდ ერთი ნაწილი იყო. 2014 წელს ხელმძღვანელობა შეიცვალა და მეტროს თანამშრომლებმა მოთხოვნების თაობაზე საუბარი ახალ უფროსთან განაახლეს - ამჯერად წელთა დამსახურების ანაზღაურების შესახებ. დამსაქმებელი მუშებს დაჰპირდა, რომ ამ თანხას 2015 წელს აუნაზღაურებდა. სამუშაო შეხვედრები გრძელდებოდა, მოთხოვნებში იყო სულ 13 საკითხი, თუმცა მათგან საფუძვლიანად არც ერთი არ გადაწყვეტილა, ამბობს ზაზა ბარბაქაძე. საუბარია ყოველწლიურად ერთ მილიონ ლარზე.

ღამის საათების ორმაგად ანაზღაურება, ხელფასის მატება, შიდა საკითხები, რაც ჩვენს კვალიფიკაციის ამაღლებას შეეხება და წინსვლის წინაპირობაა - ვერც ეს მოგვარდა. არის კიდევ სხვა ტექნიკური საკითხებიც, რომელთა მოგვარებაც გვინდა...
ზაზა ბარბაქაძე

დაპირების მიუხედავად, როგორც ზაზა ბარბაქაძე ამბობს, 2015-ში ეს თანხა არ ჩარიცხულა. გაფიცვას მეტროს მემანქანეები მაშინაც აპირებდნენ, მაგრამ ჯერ აღდგომის დღესასწაული დაემთხვა და გადადება სთხოვეს, შემდეგ - 13 ივნისის სტიქიური მოვლენები თბილისში, მერე - ახალგაზრდული ოლიმპიადა. სცადეს თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან, შეხვედრაც, თუმცა უშედეგოდ. მოთხოვნებს შორის იყო:

„ღამის საათების ორმაგად ანაზღაურება, ხელფასის მატება, შიდა საკითხები, რაც ჩვენს კვალიფიკაციის ამაღლებას შეეხება და წინსვლის წინაპირობაა - ვერც ეს მოგვარდა. არის კიდევ სხვა ტექნიკური საკითხებიც, რომელთა მოგვარებაც გვინდა“.

მეტროს თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ის მილიონი ლარი, რომელიც, სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 2016 წელს უნდა გაიცეს, მათი ბრძოლის შედეგია და არა საჩუქარი და რომ ეს თანხა წელს მეტროს მუშებს, წესით, უკვე მეორედ უნდა ერიცხებოდეთ. წელთა დამსახურების გარდა, მთავარი მოთხოვნებია ხელფასის მომატება 20 %-ით და ღამის საათებში ნამუშევრის ორმაგი ტარიფით ანაზღაურება და ამ მოთხოვნებს უერთდება მემანქანეების თითქმის 100 %, რაც ნიშნავს, რომ გაფიცვის შემთხვევაში მატარებლები არ იმოძრავებენ.

ორიოდე დღის წინ ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ, მიუხედავად შეზღუდული ფინანსური რესურსებისა, კომპანიის ხელმძღვანელობამ თბილისის მეტროს თანამშრომლებისთვის წელთა ნამსახურების ასანაზღაურებლად 1 მილიონი ლარი გამოყო და რომ კომპანია მზადაა დასაქმებულებს გადაუხადოს დანამატი მათი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით.

რაც შეეხება მემანქანეების მხრიდან წამოსულ დამატებით მოთხოვნებს ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს, რომ მეტროს მემანქანეების სახელფასო განაკვეთი შედგება საათობრივი ანაზღაურებისგან, ასევე მავნე და მძიმე პირობების დანამატის, დღესასწაულებზე და ღამის საათებში შესრულებული სამუშაოს, კლასის (თანრიგის) დანამატის, ასევე მეცამეტე ხელფასისა და სააღდგომო პრემიისგან. მათ გამოაქვეყნეს მეტროს მემანქანეების საშუალო ხელფასებიც. ამ ინფორმაციის თანახმად, დეპოს მორიგეს აქვს 1 455 ლარი, დეპოს მანევრის მემანქანის თანაშემწეს - 981 ლარი, დეპოს მანევრის მემანქანეს - 1 300 ლარი, ხაზის მემანქანეს - 1 731 ლარი და ა.შ. კომპანია იხდის ერთჯერად ხარჯებსაც: დაოჯახების შემთხვევაში - 250-400 ლარი + დამატებით 10 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება; დასაქმებულ ქალთათვის ბავშვის შეძენის შემთხვევაში - 375-700 ლარი + დამატებით ორი თვის სახელფასო ანაზღაურება; ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში - 250-375 ლარი + დამატებით 5 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება; თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში - 1000-ლარიანი დახმარება ოჯახს. კომპანიის ყველა თანამშრომელი სარგებლობს უფასო მგზავრობით (მეტრო, ავტობუსი) და კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევით.

თბილისის მეტრო
თბილისის მეტრო

ამის პასუხად ისევ ზაზა ბარბაქაძე ამბობს, რომ, გავრცელებული ინფორმაცია მეტროს თანამშრომელთა ხელფასების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და, სულ მცირე, 30 %-ით გაზრდილი თანხები წერია:

„მთელი წლის განმავლობაში რაც პრემია თუ დანამატი თუ ერთჯერადი დახმარებაა, ყველაფერი დააჯამეს და ეგრე დათვალეს, როგორც ჩანს. ჩემი პოზიციის მაგალითზე, მაგალითად, წერია, რომ 1 500 ლარია ხელფასი, როცა 1 030 ლარზე მეტი არასოდეს ამიღია, თუ, ისევ ვამბობ, არ მომიწია მუშაობა დღესასწაულზე, რომლის დროსაც ცოტა კიდევ გვემატება“.

ზაზა ბარბაქაძე იმასაც შენიშნავს, რომ მათი მუდმივად დაძაბული სამუშაო გრაფიკი, პირობები და მრავალსაათიანი ყოფნა მიწისქვეშ და მათი ხელფასი ერთმანეთის არაადეკვატურია. მას ხელთ აქვს სტატისტიკა, რომლის თანახმად, მეტროს მემანქანეების 50 პროცენტი საერთოდ ვერ აღწევს საპენსიო ასაკს სწორედ მძიმე სამუშაო პირობების გამო:

„ვინც კი გარდაიცვალა, მემანქანეებს ვგულისხმობ, მათ 50%-ს არც კი მიუღწევია საპენსიო ასაკისათვის. ეს, ვფიქრობ, ყველაფერზე მეტყველებს. ამ ხელფასის მესამედს ჩვენს ჯანმრთელობას ვახმართ და ეს მაშინ, როდესაც არაერთი პროფესიული დაავადება გვაწუხებს. უმნიშვნელო დარღვევაც რომ აღმოგვაჩნდეს, მატარებელს არ გვანდობენ. წარმოიდგინეთ, უჰაერობა მთელი დღე თუ ღამე, ვიბრაცია, ამხელა სტრესი - ამდენი ხალხის გადაყვანით გამოწვეული სტრესი - ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს. რაც ყველაზე ცუდია, მეტროს მემანქანეები მცოცავი გრაფიკით მუშაობენ და ისიც კი არ შეუძლიათ, რომ რამე სხვა სამსახურიც იშოვონ. ყველა ამ 1000 ლარს არის შეჩერებული“.

სწორედ იმის გამო, რომ ერთ მხარეს დგას სახელმწიფო, მას განსაკუთრებულად ეკისრება ეს ტვირთი - ის ტვირთიც, რაც შეიძლება ქალაქს მეტროს თანამშრომლების გაფიცვის შედეგად შეიძლება მიადგეს, თუ ხვალ მეტრო გაჩერდება...
ლინა ღვინიანიძე

„ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის სწავლების ცენტრის“ წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ რამდენიმე ასეული მემანქანის პროტესტი არ დაწყებულა დღეს - პირობების გაუმჯობესებას ისინი რამდენიმე წელია მოითხოვენ. და კიდევ ერთი გარემოება - ეს არის შემთხვევა, როდესაც მეორე მხარეს დგას არა კერძო კომპანია, არამედ სახელმწიფო, რომელსაც, როგორც ლინა ღვინიანიძეც ამბობს, პირველ რიგში ევალება შრომითი უფლებების დაცვა:

„სწორედ იმის გამო, რომ ერთ მხარეს დგას სახელმწიფო, მას განსაკუთრებულად ეკისრება ეს ტვირთი - ის ტვირთიც, რაც შეიძლება ქალაქს მეტროს თანამშრომლების გაფიცვის შედეგად შეიძლება მიადგეს, თუ ხვალ მეტრო გაჩერდება“.

სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში კი ასევე ვკითხულობთ რომ დღეს მათ დასაქმებული ჰყავთ 6 000-მდე თანამშრომელი, რომელთა საერთო სახელფასო განაკვეთი შეადგენს კომპანიის საერთო შემოსავლების 65 %-ს. სწორედ აქედან გამომდინარე, დღეს კომპანია არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის - ამ შემთხვევაში, მემანქანეებისათვის - ანაზღაურების გაზრდას.

სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მეტროს მემანქანეებს „უფრო მეტად გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ გააჩნიათ საზოგადოების წინაშე და ზუსტად გააანალიზონ ის შედეგები, რაც მოჰყვება მათ გაფიცვას, რომელიც გამოიწვევს ქალაქის სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვან შეფერხებას“.

თბილისის მეტროთი ყოველდღიურად 300 ათასამდე მგზავრი გადაადგილდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG