Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტოფესტივალით „შეწუხებული“ თბილისი


თბილისის ფოტოფესტივალი
თბილისის ფოტოფესტივალი

თუ უნებლიეთ ქუჩაში დიდ - ასე, ორი მეტრის სიმაღლისა და სამ მეტრზე მეტი სიგანის - ფოტოს გადაეყარეთ, რომელიც სირიელი ლტოლვილების მძიმე ყოფას აღწერს, ე.ი. პროექტმა #Dysturb, ანუ „შეაწუხე“, თქვენი შეწუხებაც მოახერხა. 25 სექტემბრიდან თბილისის ფოტოფესტივალმა ტრადიციულ გამოფენებსა და ფოტოგრაფიის ღამეს ახალი, უჩვეულო გალერეა დაამატა - სივრცე ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალური უბნების კედელზე.

აგურის კედელზე ქაღალდის წებო ძნელად ჩერდება. ამ სქელი, სახამებლის მსგავსი თეთრი მასის მოსამზადებლად ერთ სათლ წყალში ერთი კოლოფი ფხვნილი უნდა გახსნა და შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში თანაბრად ურიო - თანაბრად იმისთვის, რომ ალაგ-ალაგ არ შესქელდეს და ხელისგულისოდენა წებოვან ბურთულებად არ შეიკრას. მიღებული მასა, უკეთეს შემთხვევაში, კედელზე სამი ფოტოს გასაკრავად მაინც უნდა იყოს საკმარისი, თუმცა აგურის კედელი ასათიანის ქუჩაზე სითხეს ისე ისრუტავს, რომ წებო ექვს კვადრატულ მეტრ ფართობსაც ვერ ჰყოფნის.

ფოტოები ღია ცის ქვეშ თბილისისთვის ახალი არ არის, თუმცა ასეთი დიდი მასშტაბი არ ყოფილა. ვფიქრობ, ამ ზომებით ფოტოების მიწოდება აუდიტორიისთვის ძალიან კარგია. ისინი დაინტერესდებიან, შეჩერდებიან და დაფიქრდებიან იქ ასახულ თემებზე...
ჰასმიკ ჰაირაპეტიანი

ფრანგი ფოტოჟურნალისტი ბენჟამენ ჟირეტი ოთხად დანაწევრებულ ფოტოს ხელის სწრაფი, მოქნილი მოძრაობით აკრავს კედელზე. პროექტი #Disturb, ანუ „შეაწუხე“ წელიწად-ნახევრის წინ მეგობართან ერთად საფრანგეთში წამოიწყო და ერთგვარი ალტერნატიული საგამოფენო სივრცეც შექმნა:

„ჩვენ გვჯერა, რომ ტრადიციული მედია - ტელევიზია, ბეჭდური თუ რადიო - დიდ სამსახურს სწევს, თუმცა ისინი სირთულის წინაშე დგანან - გადასარჩენად იბრძვიან, რადგან უფრო და უფრო ნაკლები შემოსავალი აქვთ. ამ პროექტით გვინდა ფოტოების გამოქვეყნების ახალი გზა დავნერგოთ. ჩვენ ამას ტრადიციულ მედიაშიც ვაკეთებთ, მაგრამ სხვა სიახლეებსაც ვეძებთ. ეს არც ისე ძვირია, შეგვიძლია საკუთარი ხარჯებითაც გავწვდეთ, ამიტომაც გვინდა გავაგრძელოთ“.

ჟირეტი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელთაც სჯერათ, რომ მსოფლიო მედიის ფინანსური კრიზისის დროსაც კი ფოტოჟურნალისტიკას გადარჩენა და, მეტიც, განვითარება შეუძლია. სოციალური ქსელი, რომელსაც ფოტოგრაფების ნაწილი - ტრადიციული ფოტოჟურნალისტიკა - საფრთხედ აღიქვამს, მისთვის არათუ საშიშროება, არამედ ახალ შესაძლებლობათა ძიებაა. სწორედ ამაზე საუბრობდა ის ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ფოტოჟურნალისტებთან რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე თბილისის ქუჩებში ფოტოების გაკვრას დაიწყებდა.

თბილისის ფოტოფესტივალი
თბილისის ფოტოფესტივალი

„ფოტოების გაყიდვა რთული სამუშაოა, დიდი დრო სჭირდება. ჩვენ ფოტოგრაფებს ვაძლევთ შესაძლებლობას უფასოდ, დროის დაკარგვის გარეშე აჩვენონ თავიანთი ნამუშევრები უამრავ ადამიანს სხვადასხვა ქვეყანაში“.

ფოტოგრაფები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან თბილისში ფოტოფესტივალზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. მათი უმეტესობა ქალაქს ფესტივალზე დასასწრებად ყოველწლიურად სტუმრობს. ჰასმიკ ჰაირაპეტიანი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ყოფილი სტუდენტი, ერთ-ერთი მათგანია. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში ძალიან ბევრი კარგი ფოტოგრაფია, ასეთი ფესტივალები ჩვენთან არ იმართებაო, ამბობს. #Dysturb-ის იდეაც მოსწონს და უნდა, რომ ასეთი რამ თავის ქალაქშიც ნახოს:

„ფოტოები ღია ცის ქვეშ თბილისისთვის ახალი არ არის, თუმცა ასეთი დიდი მასშტაბი არ ყოფილა. ვფიქრობ, ამ ზომებით ფოტოების მიწოდება აუდიტორიისთვის ძალიან კარგია. ისინი დაინტერესდებიან, შეჩერდებიან და დაფიქრდებიან იქ ასახულ თემებზე“.

თბილისის ფოტოფესტივალი
თბილისის ფოტოფესტივალი

პროექტს ორი მთავარი წესი აქვს: პირველი - ფოტო უნდა ეხებოდეს ახალ მწვავე ამბავს, და მეორე - ეს ამბავი უნდა მოდიოდეს სხვა ქვეყნიდან. სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო აზერბაიჯანელი ფოტოგრაფის, მარკ რაფაელოვისთვის. სომხეთის მსგავსად, თბილისის ფოტოფესტივალისნაირ დიდ ღონისძიებას ვერც აზერბაიჯანში დაესწრებით. გარდა ამისა, როგორც მარკ რაფაელოვი ამბობს, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, იქ, ფაქტობრივად, შეუძლებელია, უბრალოდ, ადგე და კედელზე გააკრა ფოტოები, რომლებიც სოციალურ პრობლემებს ასახავს აზერბაიჯანში. ამიტომაც, მისი აზრით, ქუჩაში გამოფენა ფოტოებისა, რომლებიც სხვა ქვეყნებს ეხება, მეტად უსაფრთხოა:

„რისთვის გვჭირდება ეს? იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს: არაფერია საშიში იმაში, რომ ვიღაცის ფოტო ქუჩაში იყოს გამოკრული. ეს ნორმალურია, არ არის საჭირო ამის გრცხვენოდეს და, მით უმეტეს, აკრძალო“.

ღია ცის ქვეშ გამოფენები თბილისის ფოტოფესტივალისთვის უცხო არ არის, თუმცა ეს უზარმაზარი შავ-თეთრი ფოტოები ქალაქის ქუჩებში წელს პირველად გამოიკრა. ფესტივალის ორგანიზატორს, ნესტან ნიჟარაძეს, მიაჩნია, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის გვიბიძგებს დავფიქრდეთ იმ ამბებზე, რომლებიც ჩვენგან მოშორებით ხდება და გვგონია, რომ მსგავსი რამ ჩვენ არასდროს შეგვეხება:

ნესტან ნიჟარაძე
ნესტან ნიჟარაძე

„სამყაროს ის ნაწილი, რომელიც გვგონია, რომ შორს არის, სინამდვილეში არ არის ძალიან შორს. ასე რომ, როდესაც ფოტოჟურნალისტური გამოსახულება ურბანული პეიზაჟის ნაწილი ხდება და შეუძლია ძალიან შორეულ ქვეყანაზე, ქალაქზე, ადამიანზე მოიტანოს დიდი ინფორმაცია, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ის არის, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება“.

თბილისის მეექვსე ფოტოფესტივალის გამოფენების დიდი ნაწილი სწორედ სოციალურ პრობლემებსა და კონფლიქტს ეძღვენება. 25 სექტემბერს, საღამოს 6 საათიდან, აბანოთუბანში მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ამსახველი ფოტოები გამოიფინება, იმავე ღამეს კი #Dysturb-ი ქალაქის „შეწუხებას“ განაგრძობს. პირველ ღამეს მხოლოდ ოთხი ფოტოს გაკვრა მოესწრო. შესაბამისად, თბილისის ქუჩებში კიდევ ექვსი კედელია, რომელიც უკვე ოცდაექვსი სექტემბრიდან გიამბობთ ახალ ამბებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG