Accessibility links

logo-print

იშლება თუ არა თბილისის საკრებულოს უმრავლესობა


თბილისის საკრებულოს სხდომა

თბილისის საკრებულოს სხდომა

თბილისის საკრებულოს ხუთმა წევრმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და ახალი ფრაქცია - „თავისუფლება“ - შექმნა. საკრებულოს უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა განაცხადეს, რომ ფრაქციის რიგები პროტესტის ნიშნად დატოვეს და აპირებენ აქტიურად ითანამშრომლონ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის პოლიტიკურ პლატფორმას სრულად იზიარებენ. რამ გამოიწვია დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის ყოფილ წევრთა დემარში და რას ცვლის ყოველივე ეს ძალთა ბალანსის თვალსაზრისით?

12 ოქტომბრამდე თბილისის 49 წევრიან საკრებულოში ოპოზიცია სულ რაღაც 11 ადგილით იყო წარმოდგენილი, თუმცა მას შემდეგ, რაც ირაკლი შიხიაშვილმა, გიორგი ნემსაძემ, მიხეილ ქავთარაძემ და მერაბ რაფავამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვეს, ოპოზიციონერთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. კიდევ ერთი წევრი, ასევე ყოფილი ნაციონალი, ახალ ფრაქციას პირდაპირ პრესკონფერენციის მსვლელობისას დაემატა:

„ხომ არ გვიერთდები? აგერ, შემოგვიერთდა ბატონი ზაზა დოლიძე, საკრებულოს წევრი, ყოფილი ნაციონალი. ჯიგარი ხარ!“

ახალ ხუთკაციან ფრაქციას, ანუ ფრაქცია „თავისუფლებას“, ირაკლი შიხიაშვილი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, მან და მისმა თანამოაზრეებმა საკრებულოს უმრავლესობა, სულ ცოტა, ორი მიზეზის გამო დატოვეს. პირველი მიზეზი, როგორც ახალი ფრაქციის წევრი მერაბ რაფავა ამბობს, პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასა და არჩევნებთან:

„ვრჩებოდით „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, ვინაიდან ვთვლიდით, რომ საქართველოს ემუქრებოდა დამნაშავეთა სამყაროს შემოსევა, ასევე ემუქრებოდა მტრისთვის ჩვენი სახელმწიფოს ჩაბარება და პლუს ამას, გვეგონა, რომ საქართველოს დაეკეტებოდა ევროატლანტიკური სივრცე. დავრწმუნდი რა არჩევნების შემდეგ, რომ ეს ყველაფერი, სინამდვილეში, იყო სიცრუე, ჩავთვალე თავი ვალდებულად დავმდგარიყავი, თანამოაზრეებთან ერთად, გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც საქართველოს გაიყვანს სამშვიდობოს.“
’ნაციონალური მოძრაობა’ არ არის მონოლითური პოლიტიკური ძალა, ის სახელისუფლებო პოლიტიკური ძალაა და როგორც კი ასეთი პარტია ხელისუფლებას დაკარგავს, იქ იწყება ზუსტად ისეთი პოლიტიკური პროცესები, როგორიც ახლა საკრებულოში მიმდინარეობს ...

საკრებულოს უმრავლესობის დატოვების მეორე მიზეზი, როგორც ირაკლი შიხიაშვილი ამბობს, ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილი ის სისტემაა, რომელმაც საკრებულოს არსებობას აზრი დაუკარგა:

„საკრებულოს დეპუტატი ამ უზურპირებულ ვერტიკალში, რომელიც გააჩნია მერს, იყო ისე, როგორც მკვდარზე მუსიკა. მას არავინ არ ეკითხებოდა რეალურად იმ ბიუჯეტის დაგეგმვას და მის ხარჯვას. ჩამოატარებდნენ ფურცლებს ისე, რომ წაკითხვისა და აზრის გამოხატვის არც დროსა და არც საშუალებას არ გვაძლევდნენ. მიდგომა იყო შემდეგნაირი: ასეა საჭირო!“

ირაკლი შიხიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი იყო, „ქართული კოალიციის“ გამოჩენამდე ამგვარ რეალობასთან დაპირისპირების საშუალება არ არსებობდა. თუმცა კოლეგის ამ მოსაზრებას არ იზიარებს საკრებულოში ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, ჯაბა სამუშია, რომელიც უმრავლესობის მთლიანობის რღვევას სულ სხვა მიზეზით ხსნის:

„’ნაციონალური მოძრაობა’ არ არის მონოლითური პოლიტიკური ძალა, ის სახელისუფლებო პოლიტიკური ძალაა და როგორც კი ასეთი პარტია ხელისუფლებას დაკარგავს, იქ იწყება ზუსტად ისეთი პოლიტიკური პროცესები, როგორიც ახლა საკრებულოში მიმდინარეობს. ნებისმიერი ადამიანის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უნდა ვცეთ პატივი. რაც შეეხება იმას, ვითანამშრომლებთ თუ არა ახალ ფრაქციასთან, ბუნებრივია, ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც გვერდში დაგვიდგება იმისათვის, რომ თბილისელებს შევუმსუბუქოთ ისედაც მძიმე სოციალური პირობები.“
არჩევნების შედეგების შემდგომ ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ იწყება გარკვეული დაწმენდისა და კრისტალიზაციის პროცესი და ის ადამიანები, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ პოლიტიკურ გუნდში, ტოვებენ მას ...

ჯაბა სამუშიას მსგავსად, საკრებულოს კიდევ ერთი ფრაქციის, „თბილისელების“, ყოფილი წევრი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ აბაშიძეც, დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში ოპოზიციის გავლენა დედაქალაქის საკრებულოში მნიშვნელოვნად გაიზრდება:

„ეს არის ძალიან ჯანსაღი პროცესი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ემიჯნებიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოს დონეზე და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამ პროცესს, იმიტომ რომ ის, რასაც აკეთებდა უგულავა ამ წლების განმავლობაში, - საკრებულო აქცია ნოტარიულ კანტორად, რომელიც ქუჩების სახელების გადარქმევით იყო დაკავებული, - უნდა დასრულდეს აუცილებლად ძალიან მალე.“

საინტერესოა, რას ფიქრობენ უმრავლესობის დატოვების შემდეგ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“. კოკი იონათამიშვილი, საკრებულოს კომიტიტეტის თავმჯდომარე და ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს:

„არჩევნების შედეგების შემდგომ ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ იწყება გარკვეული დაწმენდისა და კრისტალიზაციის პროცესი და ის ადამიანები, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ პოლიტიკურ გუნდში, ტოვებენ მას. არანაირი პროტესტი, წინააღმდეგობა და განსხვავებული აზრი ამ ადამიანებისგან არ მომისმენია. არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ ყოველთვის იყვნენ ხელისუფლების მხარეს და არა იდეალების მიმართ სოლიდარულები. ასეთი ადამიანების ადგილი, ბუნებრივია, ჩვენს რიგებში არ არის და კარგია, რომ მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. კიდევ ვინ იქნება ან არ იქნება, ამ თემაზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია.“

საკრებულოს უმრავლესობას ასევე ზედმეტად მიაჩნია საუბარი ძალთა ბალანსის შეცვლაზე. საქმე ის არის, რომ თბილისის 49 ადგილიან საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ხუთი წევრის დაკარგვის შემდეგაც ოპოზიციაზე ორჯერ მეტი მანდატი რჩება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG