Accessibility links

ზაალ სამადაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ რჩება


ზაალ სამადაშვილი

ზაალ სამადაშვილი

თბილისის საკრებულომ ნაციონალური მოძრაობიდან არჩეული თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის ინიციატივით, დღეს კენჭი უყარა თანამდებობიდან მისი გადადგომის საკითხს და მხარი არ დაუჭირა. სხდომის წინ თავად სამადაშვილმა განაცხადა, რომ გადადგომაზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ფიქრობდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მიიღო საკრებულოს 7 წევრის საგამოძიებო ორგანოებში დაბარების გამო. ”არცერთი ჩემი კოლეგის არა თუ ტანჯვა-წამებად, უბრალო სტრესადაც არ მიღირს არანაირი სკამი და თანამდებობა და გადავწყვიტე, დამეყენებინა კენჭისყრაზე თანამდებობაზე ჩემი დარჩენა-არდარჩენის საკითხი", - განაცხადა სამადაშვილმა. საკრებულოში დღეს გამართულ კენჭისყრას ნაციონალური მოძრაობის მიერ დადგმული კიდევ ერთი თეატრალური წარმოდგენა უწოდა ოპოზიციიდან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯაბა სამუშიამ. მისი განცხადებით, სინამდვილეში ეს იყო სამადაშვილისთვის სკამის შენარჩუნება, რადგან დღევანდელი კენჭისყრიდან 3 თვის განმავლობაში შეუძლებელია საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლის საკითხის დასმა და შესაბამისად, სამადაშვილს კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივეს თანამდებობაზე ყოფნა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის შვიდი წევრის დაბარების გამო, დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილმა. ”ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება საკრებულოს უმრავლესობის წევრების მიმართ, ყოველგვარ ზღვარს სცდება, ბრძოლის მეთოდები მრავალგვარია დაწყებული ე.წ. გასაუბრებიდან დაკითხვით დასრულებული”, - განაცხადა სამადაშვილმა. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის 7 წევრი საგამოძიებო სამსახურში 12 საათისთვის დაიბარეს, მაგრამ საკრებულოს სხდომის გამო, დასაკითხად 17 საათის შემდეგ მივლენ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიმართა დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა ადგილობრივი ხელისუფლება ხელყოფისაგან დაიცვან. ამავე ბრიფინგზე საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ ”პოლიტიკური პაექრობა ყველა ზღვარს სცდება და ოპონენეტები საგამოძიებო ორგანოებთან უნისონში დაკავებულნი არიან თანამდებობებისთვის ბრძოლით, საკრებულოს თავჯდომარის შეცვლითა და უმრავლესობის მოპოვებით.” იონათამიშვილის თქმით, მიუხედავად თხოვნისა, რომ შექმნილ პრობლემებზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ესაუბრათ, შეხვედრა დღემდე არ შემდგარა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრთა საგამოძიებო სამსახურში დაბარება პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებად შეაფასეს დღეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG