Accessibility links

თბილისის საკრებულოს დაფინანსება ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა, რაც, უმთავრესად, თანამშრომელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი მატებითაა განპირობებული, განმარტავს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“. ინსტიტუტმა ამ დღეებში გამოაქვეყნა შედეგები კვლევისა „თბილისის საკრებულოს ბიუროკრატია“, რომელშიც აღნიშნულია, რომ, 2015 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, 2011 წელთან შედარებით, თბილისის საკრებულოს საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა 45 პროცენტით, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა, დაახლოებით, ათჯერაა გაზრდილი.

რა შეიცვალა საკრებულოს მუშაობის სპეციფიკაში ისეთი, რამაც თანამშრომელთა რაოდენობის ასეთი მნიშვნელოვანი გაზრდა მოითხოვა? - ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ სვამს. როგორც ორგანიზაციის სოციალური და ეკონომიკური კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი გვეუბნება, თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა თავისთავად აისახა მათი შრომითი ანაზღაურების ხარჯებზე:

“იგივე შტატგარეშე თანამშრომლებს თუ ავიღებთ, 2011 წელს თუ მათი ანაზღაურება, დაახლოებით, 200 000 ლარს შეადგენდა, უკვე ამ ზრდის შესაბამისად, 2015 წლისთვის 3 მილიონ ლარს გადააჭარბა მათმა ანაზღაურებამ. შესაბამისად, ყველაფერთან ერთად ჩნდება კითხვის ნიშნები ზოგადად საკრებულოს დაფინანსებასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზნობრივად და რამდენად უშუალოდ საკრებულოს ფუნქციონირებისათვის აუციელებელია თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა და რამდენად ხდება საკრებულოს მხრიდან შესაბამისი დასაბუთებები ბიუჯეტის წარდგენის დროს, რომ მათი ფუქნციონირებისათვის აუცილებელია, ასე ვთქვათ, გაათმაგება იგივე შტატგარეშე თანამშრომლების“.

გოგა თუშურაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონდარღვევა არ იკვეთება, საკრებულოს პასუხისმგებლობაა, მოსახლეობას განუმარტოს, რა აუცილებლობამ განაპირობა თანამშრომელთა რაოდენობის ამგვარი გაზრდა ბოლო 4 წლის განმავლობაში. საკრებულო ოფიციალურ განმარტებას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევის მიგნებებზე არ აკეთებს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში კი ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ წარმომადგენელმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოს სახელფასო ფონდი და საშტატო ერთეული გაზრდილი არ არის და აქ საუბარი მხოლოდ მაჟორიტართა ბიუროების ხარჯებზე შეიძლება იყოს:

ეს შტატები არის გაბერილი. რა თქმა უნდა, „ოცნება“ რომ მოვიდა უმრავლესობაში, თავისი შინაურების, ნათესავების, ახლობლების მოყვანა დაიწყეს. ეს არის და ეს. და გააორმაგეს რაოდენობა და რა ვიცი, ამ ქალაქს, მგონი, საერთოდ არ ეტყობა, რომ საკრებულოში 500 კაცი მუშაობს და 50 დეპუტატი ჰყავს...

“აქ საუბარი არის მხოლოდ, მე მინდა გითხრათ, რომ ფრაქციებისა და მაჟორიტარების ბიუროებს გააჩნიათ ლიმიტი შრომის ანაზღაურების, რომელთა ათვისების უფლება აქვთ. მათ შეიძლება ამ ლიმიტის ფარგლებში ჰყავდეთ ერთი, ორი ან ხუთი, პირობითად, თანამშრომელი. შესაბამისად, ხარჯის ზრდა არ მომხდარა“.

კვლევის მიხედვით კი, 2013 წლიდან საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომლების მკვეთრი მატება განაპირობა მაჟორიტართა ოფისების შექმნამ, ფრაქციების რაოდენობის გაზრდამ და აპარატში შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმებამ. საკრებულოს თავისუფალი დეპუტატი ალექსადრე ელისაშვილი კი, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ საკრებულოს შტატი გაზრდილია ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საჭიროების გარეშე:

“ხო, წარმოუდგენლად გაბერილია საკრებულოს შტატი, უდავოდ. 25 მაჟორიტარია და მათ რამოდენიმე თანაშემწის ყოლის უფლება აქვთ. მეც მყავს ორი თანაშემწე, მაგრამ ეხლა 25 რომ ორზე გავამრავლოთ 50-ია და არა 250. ეხლა რა გამოდის, რო თითო მაჟორიტარს 10 თანაშემწე ჰყოლია, რაც არის აბსურდი. ეს შტატები არის გაბერილი. რა თქმა უნდა, „ოცნება“ რომ მოვიდა უმრავლესობაში, თავისი შინაურების, ნათესავების, ახლობლების მოყვანა დაიწყეს. ეს არის და ეს. და გააორმაგეს რაოდენობა და რა ვიცი, ამ ქალაქს, მგონი, საერთოდ არ ეტყობა, რომ საკრებულოში 500 კაცი მუშაობს და 50 დეპუტატი ჰყავს“.

ინფორმაცია 2011-2015 წლებში გაწეული ადმინისტრაციული ხარჯებისა და დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ თბილისის საკრებულოს აპარატმა მიაწოდა. ამ მონაცემების თანახმად, 2013 წლიდან შრომის ანაზღაურების ფონდი თბილისის საკრებულოში, დაახლოებით, გაორმაგდა, რაც თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად განპირობებულია გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების მნიშვნელოვანი ზრდით. პრემიების გაცემის თვალსაზრისით, გამორჩეული იყო 2014 წელი, როდესაც საკრებულოს წევრებზე 900 000 ლარზე მეტი, ხოლო საშტატო თანამშრომლებზე თითქმის 3 300 000 ლარი გაიცა. 2015 წელს საკრებულოს წევრებზე პრემიის ნაცვლად გაიცა 450 000 ლარზე მეტი ოდენობის დანამატი, ხოლო საშტატო თანამშრომლებზე პრემია - 1 300 000-ზე მეტი, დანამატი კი - 960 000-ზე მეტი. 2015 წელს გაცემული პრემიის ოდენობამ თითქმის 195 000 ლარი შეადგინა, მთლიანობაში კი, შრომის ანაზღაურების ფონდი 2013 წლიდან, დაახლოებით, გაორმაგებულია.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ციფრებზე და თვითმმართველ ორგანოებში ბიუროკრატიის მასშტაბების გაზრდაზე მიუთითებს, თავის მხრივ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ირაკლი აბესაძე. მისი განმარტებით, დაუსაბუთებლად შექმნილი დამატებითი შტატებით თბილისის საკრებულო გამონაკლისი არ არის და პრობლემა თვალსაჩინოა თუნდაც თბილისის მერიის სისტემაში, სადაც, მისი თქმით, 1000 ადამიანითაა გაზრდილი ბოლო წლებში დასაქმებულთა რაოდენობა.

კოტე კანდელაკი

კოტე კანდელაკი

შექმნილ ვითარებაში გახსნილობას, გამჭვირვალობას და კრიტიკაზე დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხის გაცემას ისურვებდა ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი კატეგორიის სამუშაო შეიძლება, მართლაც, შტატის გაზრდას ითხოვდეს:

“ფუნქციური თვალსაზრისით, როლი საკრებულოსი არ შეცვლილა, 2011 წელთან შედარებით. იგივე ფუნქციების შესრულება უწევს, იგივე რაოდენობის საკრებულოს წევრები გვყავს, როგორიც გვყავდა, ვთქვათ, 2010-2011 მოწვევის საკრებულოში. ერთადერთი ცვლილება შეეხო 25 მაჟორიტარის ბიუროს ჩამოყალიბებას თბილისის მასშტაბით. ესეც სადავო თემაა, რამდენად საჭირო იყო ამ ბიუროების შექმნა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, როდესაც ასეთ მასშტაბურ ზრდასთან გვაქვს საქმე, შეიძლება ითქვას, რომ იყო რაღაც სუბიექტური მომენტებიც. ამიტომ საჭიროა ძალიან მკაფიო დასაბუთება იმ მხარის მიერ, რომელმაც გაზარდა ეს რაოდენობა“.

თუ მივუბრუნდებით „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ გამოკვლევას „თბილისის საკრებულოს ბიუროკრატია“, იქ ხარჯების ნაწილში ვკითხულობთ, რომ 2011-2015 წლებში სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს აღინიშნა და ის სამჯერ აღემატება 2011 წელს გაწეულ ანალოგიურ ხარჯებს. იშვიათ გამონაკლისს, კლების ტენდენციით, წარმოადგენს სატელეფონო ხარჯები. ამ მიმართულებით 2015 წელს, 2011 წელთან შედარებით, ხარჯი განახევრებულია. საერთოდ კი, 2011 წლიდან 2015 წლამდე თბილისის საკრებულოს დაფინანსება ორჯერ და მეტად - 6 მილიონიდან 14 მილიონამდეა გაზრდილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG