Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიის შემცირებული, მაგრამ გაზრდილი ბიუჯეტი


თბილისის მერი გიგი უგულავა
თბილისის მერი გიგი უგულავა
თბილისის ბიუჯეტში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერი მცირდება, მაგრამ თბილისის შემოსავლები იზრდება და, მთლიანობაში, დედაქალაქის ბიუჯეტი 2014 წელს იქნება მეტი, ვიდრე იყო გასულ წელს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თბილისის მერის, გიგი უგულავას, გუშინდელი განცხადების საპასუხოდ. გიგი უგულავამ 2 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსება 70 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ერთს, თბილისს, შეუმცირდა 50 მილიონი ლარით, რასაც მან პოლიტიკური გადაწყვეტილება და თბილისელების მიმართ „ხადურის მიერ გამოცხადებული ჯიჰადი უწოდა“. რა დააკლდა თბილისის ბიუჯეტს და როგორ იზრდება მაინც დედაქალაქის შემოსავლები?
ფინანსთა სამინისტრომ თბილისის მერს ჯერ წერილობით უპასუხა, მოგვიანებით კი თავად მინისტრმა ნოდარ ხადურმაც გააკეთა კომენტარი იმის თაობაზე, თუ რატომ მცირდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თბილისის ბიუჯეტში ტრანსფერის სახით გადასარიცხი თანხის ოდენობა თითქმის 50 მილიონი ლარით.

როგორც ფინანსთა სამინისტროს წერილში ვკითხულობთ, დედაქალაქის ბიუჯეტი 2013 წელს 704,0 მლნ ლარს შეადგენდა, საიდანაც 448,1 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული ტრანსფერი იყო. 37,2 მლნ ლარი წლის დასაწყისში არსებული ნაშთი იყო, ხოლო დანარჩენი 218,7 მლნ ლარი არის თბილისის საკუთარი შემოსავლები. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის მერიამ გასულ წელს გამოყოფილი თანხა სრულად არ დახარჯა, მას ამჟამად, ნაშთის სახით, 189,7 მლნ ლარი აქვს, რაც ნიშნავს, რომ 9 თვის განმავლობაში თბილისმა დააგროვა 150,0 მლნ ლარზე მეტი, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. მინისტრი ნოდარ ხადური კი ამბობს, რომ, მიუხედავად ტრანსფერის შემცირებისა, თბილისის ბიუჯეტს საკუთარი შემოსავლებიდან, ჯამში, გასულ წელთან შედარებით, მეტი თანხა უგროვდება:

„თბილისის ტრანსფერი მცირდება, მაგრამ თბილისის შემოსავლები იზრდება. სხვათა შორის, საინტერესო რაღაცას გეტყვით: თბილისის ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ ტრანსფერს არ ხარჯავს და დღესაც ანგარიშზე 195 მილიონი ლარი აქვს ცენტრალური ბიუჯეტიდან მიცემული ტრანსფერი და, როგორც ჩანს, არ სჭირდება თბილისს ეს ფული და რომელ რაიონსაც სჭირდება, - განსაკუთრებით მაღალმთიან რაიონებს, - ისინი მიიღებენ გაზრდილ ტრანსფერს“.

სიცრუე მდგომარეობს იმაში, რომ ის თავად აღიარებს, რომ 50 მილიონი ლარით შეამცირეს თბილისისთვის განკუთვნილი ტრანსფერი. ეს ხომ თავად აღიარეს, ეს ხომ მე არ მომიგონებია! ნაშთი ითვლება წლის ბოლოს და არა მესამე კვარტალის ბოლოს და წინ ერთი კვარტალია დარჩენილი...
გიგი უგულავა
თბილისის მერმა გიგი უგულავამ ფინანსთა მინისტრის საპასუხოდ თქვა, რომ ის ციფრებით ჟონგლიორობს, მთავარი კი ის არის, რომ თავად აღიარა, თბილისის ბიუჯეტს რომ 50 მილიონი ლარით ნაკლები ოდენობის ტრანსფერს აძლევს:

„სიცრუე მდგომარეობს იმაში, რომ ის თავად აღიარებს, რომ 50 მილიონი ლარით შეამცირეს თბილისისთვის განკუთვნილი ტრანსფერი. ეს ხომ თავად აღიარეს, ეს ხომ მე არ მომიგონებია! ნაშთი ითვლება წლის ბოლოს და არა მესამე კვარტალის ბოლოს და წინ ერთი კვარტალია დარჩენილი და, მეორე, ეს ნაშთი არის დაკონტრაქტებული მთელი რიგი მიმართულებებით და ეს არის ის ვალდებულებები, რომელიც უნდა გადაიხადოს და, მესამე, რაც მთავარია, ფინანსთა სამინისტრო უნდა ახალისებდეს ყველა მუნიციპალიტეტს, ვისაც შეიძლება დარჩეს ნაშთი, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ ის გამგებელი თუ ის მერი მუშაობს კარგად, შესაბამისად, ზოგავს და თუ რაიმე ფორსმაჟორი იქნება, იმაში გამოიყენებს“.

ამ კონკრეტულ მოცემულობაში 180 მილიონ ლარზე მეტი თანხაა დარჩენილი ბიუჯეტში. ბოლო სამ თვეში შეუძლებელია, რომ 70 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯოს და, აქედან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მერმა ან ვერ დაგეგმა სწორად თბილისის ბიუჯეტი, ან არადა, არ გახარჯა ის შეგნებულად...
ირაკლი შიხიაშვილი
მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე კვარტალი ჯერ წინ არის, რომლის შესახებაც გიგი უგულავა საუბრობს, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განმარტებით, ნაშთის სახით დარჩენილი თანხის დახარჯვა სრულად მაინც ვერ მოესწრება. შესაბამისად, თბილისის მერს საწუწუნო არაფერი აქვს:

„ამ კონკრეტულ მოცემულობაში 180 მილიონ ლარზე მეტი თანხაა დარჩენილი ბიუჯეტში. ბოლო სამ თვეში შეუძლებელია, რომ 70 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯოს და, აქედან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მერმა ან ვერ დაგეგმა სწორად თბილისის ბიუჯეტი, ან არადა, არ გახარჯა ის შეგნებულად. ორივე მოცემულობაში გვაქვს შემთხვევა, რომ ნაშთი გვაქვს 100 მილიონი, რაც ნიშნავს, რომ ის ტრანსფერი, რომელიც დაემატება, - და ეს არის 398 მილიონი, - ჯამში, უფრო მეტია, ვიდრე 2013 წლის ბიუჯეტი. ვურჩევთ ქალაქ თბილისის მერს, რომ ჯერ, სანამ ილაპარაკებს, იფიქროს, ან შეგნებულად ტყუილებს ნუ ამბობს“.

თბილისის ბიუჯეტში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასარიცხი ტრანსფერის თითქმის 50 მილიონი ლარით შემცირების შესახებ განცხადება გიგი უგულავამ 2 ოქტომბერს ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო 70 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ დედაქალაქს უმცირებს ტრანსფერის ოდენობას. მან ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა და თქვა, რომ „ეს არის ხადურის ჯიჰადი“ თბილისელების მიმართ. გიგი უგულავას სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ არ შემცირებულა თბილისის მოსახლეობის რაოდენობა, იგივე დარჩა გზების სიგრძე და გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რიცხვი, ამასთან, საბავშვო ბაღები გახდა უფასო, რის გამოც თბილისის ბიუჯეტიდან დამატებით 20 მილიონი ლარის გამოყოფა იქნება საჭირო, ფინანსთა სამინისტრო, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით, მხოლოდ თბილისის მერიას უმცირებს დაფინანსებას.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით კი, წელს ტრანსფერის მოცულობის გაანგარიშების წესი შეიცვალა და მეტ დაფინანსებას მაღალმთიანი რეგიონები მიიღებენ. ტრანსფერის შემცირების მიუხედავად, მთლიანი ტრანსფერის მოცულობიდან 50,0%-ზე მეტი გამოყოფილია თბილისისთვის და აღნიშნული ტრანსფერის ფარგლებში შესაძლებელია სრულად დაფინანსდეს ქ.თბილისის ფუნქციების განსახორციელებლად დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, სოციალური მიმართულებით, კერძოდ, საბავშვო ბაღების გაზრდილი ხარჯები.
დედაქალაქის ბიუჯეტში არსებული ნაშთის შესწავლას თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიაც აპირებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG