Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქცევა თუ არა თბილისი ფერფლიდან აღმდგარ ფენიქსად?


თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციის პროექტი განიხილეს თბილისის მერმა, კულტურის მინისტრმა და თბილისის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა კომპანია „გეოგრაფიკმა“. კომპანიამ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის ეკონომიკური განვითარების კონცეფცია უნდა წარმოადგინოს. რას ფიქრობს სამოქალაქო სექტორი გეგმის თაობაზე ნინო ხარაძისგან შეიტყობთ.

ძველი თბილისის იტორიული ნაწილის ურბანული განვითარების პროექტს სამი თვის წინ თბილისის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ერთადერთი და, შესაბამისად, გამარჯვებული კომპანია „გეოგრაფიკი“ აწარმოებს. კომპანიის დირეტორის გიორგი გოცირიძის თქმით:

„ჩვენ თვითონ არ ვიცით ჯერ, თუ რას მივიღებთ, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ მივიღებთ იმას, რაც ბევრად უკეთესია, ვიდრე ეს დღეს ჩვენ გვაქვს“.

ის, რაც უნდა მიიღოს ძველი თბილისის ისტორიულმა ნაწილმა, ეს არის მისი მდგრადი, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის დამუშავების ფარგლებშიც აღინუსხება ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის რუკაზე არსებული 1768 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ამასთან, განისაზღვრება ისტორიული ნაწილის არეალიც. მთლიანობაში, როგორც გიორგი გოცირიძე, კომპანია „გეოგრაფიკის“ დირექტორი ამბობს, ჯერ კიდევ ძიების პროცესია, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მთლიანად განახლდება ძველი თბილისის ისტორიულ -კულტურული საყრდენი გეგმა და, კონცეფციის დამუშავების შემდეგ, მისი თქმით:

„ვერავინ ვერ მივა პირდაპირ და შენობებს ვერც დაანგრევს, ვერც ააშენებს, ვერც შეცვლის, ეს დოკუმენტი იტყვის, რა გზით უნდა ვიაროთ, რომ არ დავკარგოთ ფასეულობები, რომ ძეგლი იქნება თუ ნებისმიერი ურბანური ღირებულების ქსოვილი თუ, საერთოდ, საზოგადოებრივი სივრცე ან ის გარემო, რომელიც ძეგლზე მოქმედებს ან ძეგლი როგორ გავლენას ახდენს ამ სივრცეზე, ეს როგორ უნდა დაიგეგმოს, რა გზით უნდა წავიდეს და ძირითადი გზა არის გრძელვადიანი ეკონომიკური მდგრადობა“.

პროექტი განიხილეს თბილისის მერმა, კულტურის მინისტრმა და თბილისის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა კომპანია „გეოგრაფიკმა“
პროექტი განიხილეს თბილისის მერმა, კულტურის მინისტრმა და თბილისის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა კომპანია „გეოგრაფიკმა“

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ქალაქის ურბანული კვლევა აუცილებელია იმისთვის, რომ გაირკვეს რეალური მდგომარეობა, ვინაიდან არის შენობების მთელი რიგი, რომელსაც ხელოვნურად მიენიჭა ისტორიული ძეგლის სტატუსი და, ამის გამო, რაიმე სახის სარეკონსტრუქციო, სამშენებლო პროცესის წარმოება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

„მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ისტორიული საზღვრები, იმიტომ რომ, ამ საზღვრების ფარგლებში, მიდგომები განსხავავებული უნდა იყოს და თუკი რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოებს ჩავატარებთ, ეს ძალიან სკრუპულოზურად და მემკვიდრეობის წესების დაცვით იქნას განხორციელებული“.

კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების მართვა, შენარჩუნება, რეაბილიტაცია თუ ავთენტურობის დაცვა ეს არის ყველაზე მეტად სადავო საკითხები, ამბობს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, რომელიც იმადოვნებს, რომ ამ კვლევის საშუალებით თავად შენობა-ნაგებობების აღნუსხვა მოხდება, რის საფუძველზეც ამ ისტორიული ნაწილის განვითარებაზე იფიქრებს ხელისუფლება.

„თქვენ რომ ნახოთ ქაღალდზე ჩამონათვალი იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, რომელიც თბილისის ფარგლებში არსებობს და, დაახლოებით, 20-ზე მეტ მისამართზე ფიზიკურად რომ მიხვიდეთ იქ არის ჰაერი, ანუ თავად ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც თავის დროზე იყო აღნუსხული, იყო ან არასწორად შეტანილი ამ ნუსხაში, ან დროთა განმავლობაში, ბუნებრივი თუ ადამიანის ჩარევის გამო, აღარ არსებობს“.

ამ პროექტის განხორციელებას არქიტექტორი და ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე იმ პერსპექტივიდანაც ხედავს, რომ შესაძლებელი გახდება თბილისის კიდევ ერთხელ ნომინირებაიუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, რომელიც განუხორციელებელია საკანონმდებლო და სხვა მიზეზებით.

კომპანია „გეოგრაფიკს“თბილისში, პროექტის ფარგლებში, მოწვეული ჰყავს ჰოლანდიელი ურბანისტ-ეკონომისტი ალე ელბერსი, რომელმაც, კონცეფციის ჩამოყალიბების შემდეგ, კონკრეტული განვითარების გეგმის შემუშავებაში უნდა შეიტანოს თავისი წვლილი. ალე ელბერსის თქმით, თბილისის ისტორიული ნაწილი ბრძოლის ველსა ჰგავს.

„ძველი თბილისი გახდა ბრძოლის ველი და დღესაც სახეზეა ის იარები, რომელიც დატოვეს დეველოპერებმა, მესაკუთრეებმა, მფლობელებმა, ყველამ პატარა დაღი დაასვა პირადი ინტერესიდან გამომინარე და არ გაიზიარა საერთო ინტერესი. ახლა უნდა გაირკვეს იქნება ის ფენიქსი, რომელიც აღდგება თავისი ფერფლიდან ხელმეორედ ისე, რომ შეინარჩუნოს თავისი ისტორიული ღირებულება და უპასუხოს სამომავლო საჭიროებებს? თბილისი იქნება ფენიქსი. ამაყი ფენიქსი“.

თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციის პროექტის განიხილვას არ ესწრებოდნენ „თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენლები, ჰამქრის გამოგეობის წევრის, ცირა ელისაშვილის თქმით, ეს არის ძალიან კომპლექსური პრობლემა, რომელიც მოიცავს საკანონმდებლო ცვლილებებს საგადასახადო კუთხით. თუმცა, ხელისუფლებას ზედაპირული დამოკიდებულება აქვს კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკური გააზრების მიმართ.

„ჩვენი არყოფნა, სიმართლე გითხრათ, უკვე პოზიციაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ერთი თეორიული დოკუმენტის დაწერით არ შეიძლება გადავწყვიტოთ ძველი თბილისის და, ზოგადად, ისტორიული ქალაქის მენეჯმენტის და განვითარების საკითხი. თუ ძველ თბილისში მცხოვრებმა მოსახლეობამ ვერ გაიგო რა ფასეულობა აქვთ, ისინი ყოველთვის ნეგატიურად იქნებიან განწყობილი თავისი მემეკვიდრეობის მიმართ, ამ ფასეულობის დანახვება არის სახელმწიფო ვალდებულება და მან უნდა შესთავაზოს ისეთი საგადასახადო შეღავათები, რომ იქ მცხოვრები მისახლეობა გახდეს უპირველესი პატრონი ამ ისტორიული ზონისა, რასაც ჩვენ ძველ თბილისს ვეძახით“.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, კონცეფციამ დასრულებული სახე რამდენიმე თვეში უნდა მიიღოს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG