Accessibility links

თბილისის ზოოპარკის ადგილმდებარეობის შეცვლის შესაძლებლობას ჯერ მხოლოდ თეორიულად განიხილავენ. თუ გადატანა მართლაც დღის წესრიგში დადგა, ეს ხანგრძლივი და საკმაოდ ხარჯიანი პროექტი იქნებაო, - ამბობს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. თუმცა, მისივე თქმით, ზოოპარკის კუთვნილებაა თბილისის ზღვის მიმდებარე დენდროპარკის 46 ჰექტარი მიწა და ამ ტერიტორიას ზოოპარკი ახლაც იყენებს. რა გეგმები აქვს ზოოპარკის ადმინისტრაციას და თბილისის მთავრობას?

მას შემდეგ, რაც რამდენიმეთვიანი ადაპტაცია გაიარეს, ზოოპარკის ახალმა ბინადრებმა წყლიდან ხმელეთზე ამოსვლაც გაბედეს. სამხრეთაფრიკული სახეობის ინგლისიდან ჩამოყვანილი პინგვინები ახლა უკვე ქვიშაში მოწყობილი ბუდეებიდანაც ათვალიერებენ სტუმრებს.

როგორც ზოოპარკის საფრინველე განყოფილების კურატორი დათო თინაშვილი ამბობს, ეს პინგვინები გამორჩეულები არიან, ყოველ მათგანს თავისი ხასიათი და ინდივიდუალური გარეგნული ნიშნები აქვს:

„შუშებიდან რომ უყურებ, ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ წყალში კი არა, ჰაერში დაფრინავენ. ძალიან მოქნილი და სწრაფები არინ წყალში“.

თბილისის ზოოპარკი ერთადერთია, რომელსაც ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციამ სპეციალურ მენეჯმენტს დაქვემდებარებული ცხოველი - პინგვინი - გადასცაო, ამბობს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. მისი თქმით, სწორედ ამ ასოციაციაში გაწევრიანება, ვოლიერების გაუმჯობესება, კოლექციის განვითარება და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაა პირველი რიგის ამოცანა. ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ სამი წელია ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაცია თბილისის ზოოპარკს აკვირდება. გასაწევრიანებლად საჭიროა 5-წლიანი პერიოდი, ამისთვის კი თანამედროვე სტანდარტებთან მაქსიმალური სიახლოვის უზრუნველყოფაა საჭირო.

ზურაბ გურიელიძის თქმით, ტენდენცია კეთილსაიმედოა. ამ ასოციაციაში გაწევრიანება დამოკიდებული არ იქნება იმაზე, გადავა თუ არა ზოოპარკი ახალ ტერიტორიაზე. თავისთავად გადასვლის პროცესი რთული იქნება:

„ეს საკმაოდ რთული საკითხია, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და არა მარტო ხარჯებთან, არამედ ხანგრძლივ დროსთანაც არის დაკავშირებული, იმიტომ რომ თავისი ეტაპები აქვს. ეს ძალიან სპეციფიკური საკითხია, ასე უცებ ვერ აშენდება, იმიტომ რომ არ შეიძლება გათვალისწინებული არ იყოს ძალიან წვრილმანი საკითხებიც - ისეთი, როგორც არის, მაგალითად, რომელი ცხოველი რომლის გვერდით უნდა იმყოფებოდეს და რომელი ცხოველის კარი როგორ უნდა იკეტებოდეს, მაგალითად. და ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 60 მილიონი ევროდან ნახევარ მილიარდ ევრომდე, გააჩნია, რა მოდელის იქნება. ალბათ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ნახევარმილიარდევროიანის პრეტენზია არ უნდა გვქონდეს და, შესაბამისად, რა ტიპის ზოოპარკი იქნება, იქიდან გამომდინარე დაზუსტდება თანხაც და რაც უფრო იაფი, მით უკეთესი“.

ზურაბ გურიელიძის თქმით, არის რთული ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი ზოოპარკებიც, არსებობდა მსგავსის შექნის იდეაც, თუმცა, ალბათ, უპირატესობა უფრო ადგილობრივ ლანდშაფტზე მორგებულ ზოოპარკს მიენიჭება.

თბილისის ზოოპარკში ამჟამად 600-ზე მეტი ცხოველია და ზოოპარკში დასაქმებულია 130 თანამშრომელი. ზოოპარკი ბიუჯეტიდან, სახელმწიფო პროგრამული დაფინანსების სახით, ყოველწლიურად 2 მლნ 400 ათასი ლარით ფინანსდება, ამას ემატება ზოოპარკის პირადი შემოსავალიც და, ზურაბ გურიელიძის თქმით, წლევანდელი შემოსავალი, სავარაუდოდ, რეკორდული უნდა იყოს და იმედია, რომ მილიონ ნახევარ ლარს გადააჭარბებს.

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით ზოოპარკის გადატანის საკითხზე მხოლოდ თეორიული მოსაზრებებია გამოთქმული:

„ზოოპარკის გადატანის იდეა იმ ადგილიდან, სადაც ის ახლა არის, იდეაში არსებობს, თუმცაღა პროექტი, რა სახით ხდება ხარჯთაღრიცხვა და სხვა დოკუმენტაცია, მე არ ვიცი. ვნახოთ, რას წარმოგვიდგენს თბილისის მერია ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით. დეტალებში როცა ჩავიხედავთ, ამის შემდეგ გაგცემთ პასუხს, იქნება თუ არა ზოოპარკის იმ ადგილას გადატანა, რომელ ადგილსაც შემოგვთავაზებს თბილისის მერია, მიზანშეწონილი. ჯერ ეგ საკითხი აქტუალური არ არის“.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 23 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ “ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის შესახებ ინიციატივა ნამდვილად განიხილება, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული იდეა მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს“.

თბილისის ზოოპარკის დამთვალიერებელთა ნაწილი ზოოპარკისთვის ადგილის შეცვლას და მის კეთილმოწყობას მიესალმება, ნაწილისთვის კი დღეს არსებული ადგილი მისადგომად უფრო მოსახერხებელია, თუმცა არავის არ მოსწონს დიდ და ძალიან დახურულ ვოლიერებში გამომწყვდეული ცხოველების დანახვა. ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, ასეთი ვოლიერები ანაქრონიზმია და მისი ეტაპობრივად შეცვლა უკვე დაწყებულია:

„სივრცე მეტი რომ იყოს, უკეთესია. სუნის პრობლემა, ალბათ, ყველას აქვს აქ, მაგრამ წინა წლებთან რა შედარებაა? უკეთესი მდგომარეობაა. კი არის მოვლილი, მაგრამ ისე კარგად ვერა, როგორც უნდა იყოს, ალბათ. სასიამოვნო არ არის, ბავშვები კი ერთობიან, მაგრამ უფროსის თვალით რომ უყურებ, ვერ არის კარგი“.

„ძალიან კარგია, აქ რომ არის, ქალაქში. ადვილი მოსასვლელია და ბავშვებისთვის უფრო კომფორტულია და მშობლებისთვისაც, ასევე. თუ გადაიტანენ, ძალიან ცუდი იქნება, იმიტომ რომ გაგვიჭირდება შორს სიარული, ნამდვილად“.

„მე ვემხრობი. უკეთესი იქნება, თუ უფრო დიდი სივრცე იქნება შერჩეული ქალაქგარეთ“.

„მოგვეწონა და გაგვიხარდა, პინგვინები რომ არიან. მოვლილები არიან ცხოველები, სისუფთავეც არის - ვნახეთ, როგორ ასუფთავებდნენ. გასართობებიც არის და კმაყოფილები არიან ჩემი შვილიშვილები“.

XS
SM
MD
LG