Accessibility links

logo-print

თბილისის განვითარების ფონდის ახალმა ხელმძღვანელობამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო. მათ საზოგადოებას ის პრობლემები გააცნეს, რომლებიც წლების განმავლობაში სამსახურში დაგროვდა და გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელობა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მათ ფონდის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობას წლების განმავლობაში იკვლევდა. 4 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სულხან სალაძემ, კვლევის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ სამსახურის საქმიანობის დეტალები საზოგადოებისათვის დახურული იყო, რაც ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრამაც დაადასტურა:

„ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და სრული ინფორმაცია არ გვქონდა, ახლა შიგნიდან დავინახეთ - რეალურად ასე ყოფილა სინამდვილეში. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ის, რომ გამოწვევები, რაც ფონდს ჰქონდა წინა მმართველობის დროს, არ დარჩეს გამოწვევებად. ეს არის შესყიდვების კანონმდებლობის გამოყენების კონტექსტი, ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება დამფუძნებლის წინაშე. ეს არის დაინტერესებული საზოგადოების ფონდის საქმიანობაში ჩართულობის უზრუნველყოფა. და არა ისე, როგორც ეს იყო - დახურული“.

სულხან სალაძე ამბობს, რომ თბილისის განვითარების ფონდის საკონტაქტო ინფორმაციაც კი მათთვის დახურული იყო. ფონდი 2010 წელს დაარსდა და ამ დროის განმავლობაში ვებგვერდიც კი არ ჰქონიათ - გვერდი, სადაც შეგიძლიათ სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოიძიოთ, მხოლოდ 2014 წლის სექტემბრის დასაწყისში გაეშვა. ამ შემთხვევაშიც კი ვებგვერდზე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მისია აკისრია თბილისის განვითარების ფონდს, ვერ ნახავთ. სწორედ ფონდის მისია იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა. თბილისის საკრებულოს წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, განსახილველია ისიც, თუ რამდენად საჭიროა ამ სამსახურის არსებობა:

„ძალიან ღიად უნდა ვიმსჯელოთ, ამიერიდან, დღეის აქეთ გვჭირდება თუ არა ეს ფონდი. თუ გვჭირდება, რისთვის გვჭირდება და რა ფორმით. ვფიქრობ, რომ ახალი მისია, ახალი ფუნქციების შესრულება უნდა დაიწყოს რამდენიმე თვის შემდეგ, რადგან ძველი ვალდებულებები ექაჩება ფონდს. უამრავი კონტრაქტია წინასწარ გაფორმებული, უამრავი თანხაა ავანსად გაცემული. სახლებიდან ხალხია გაყვანილი, პუშკინის ქუჩიდან თუ სხვა ადგილებიდან, რომლებსაც, უბრალოდ, ქირის ფულს უხდიან. ფონდმა ამ ადამიანებს ვალდებულებები უნდა შეუსრულოს და შემდეგ ახლებურად დაიწყოს საქმიანობა“.

თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე თემურ ხომერიკი ამბობს, რომ 2014 წლის ბოლომდე ფონდის სახსრები წინასწარაა გაწერილი:

„ის, რაც წლის ბოლომდე უნდა გაკეთდეს, ჩვენდა სამწუხაროდ, ავანსირებულია. ანუ წინასწარ გადაუხადეს ხალხს ფული და ავანსად 18 მილიონია გაცემული. თანხა რომ დამიჯდება, ეს ფირმები, შესრულების ხარისხის მიუხედავად, არც შემეკითხებიან, ისე წაიღებენ ამ თანხას. ბოლო კვარტალში 9 მილიონია ასათვისებელი, 11 მილიონის ვალდებულება უკვე მაქვს, ანგარიშზე კი 200 ლარი მიზის. ცხადია, ამ პირობებში რაღაც გრანდიოზულ გეგმებზე წლის ბოლომდე არ ვფიქრობ“.

თემურ ხომერიკი დასძენს, რომ 2014 წლის ბოლომდე მის სამსახურს სამი პრიორიტეტული საკითხი აქვს გადასაწყვეტი.

პირველი: ზამთრის დადგომამდე დაასრულონ სახლების მშენებლობა და გამოსახლებული ოჯახები საცხოვრებლებში დააბრუნონ. მეორე: მოიძიოს ფონდის ქონება, რომელიც დაფანტულია, რის გამოც მისი დარეგისტრირება შეუძლებელია. და მესამე, გადაახარისხოს და მოაწესრიგოს კადრები თბილისის განვითარების ფონდში.

4 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე ფონდის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ საკითხებში დახმარება სთხოვა. არქიტექტორმა და ურბანისტმა ლადო ვარდოსანიძემ თემურ ხომერიკს ფონდის საქმიანობის შევიწროება და მხოლოდ ძველ თბილისზე კონცენტრირება შესთავაზა:

„შეხვედრა ძალიან საინტერესოა. ეს ის შემთხვევაა, როცა ფიცი მწამს და ბოლოც მინდა ვიწამო. თავისი ბუნებით ეს ფონდი მიმართულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისკენ. თბილისს პატრონი ჰყავს - არქიტექტურული სამსახური, მერიის სხვა სამსახურები... ძველ ქალაქში კი იკვეთება ძალიან ბევრი ინტერესი, რომელიც ხანდახან არ ემთხვევა, ვთქვათ, კერძო ინვესტორის ინტერესებს. ასე რომ, კონცენტრირება ძველი ქალაქის ფარგლებში უფრო ეფექტიანი მგონია“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისის განვითარების ფონდთან შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ. მათი თქმით, კარგია, რომ მათ, ბოლოს და ბოლოს, საშუალება მიეცათ, პირდაპირ ესაუბრათ ქალაქის პრობლემებზე. „თბილისის ჰამქრის“ წევრი ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ მთავარია ფონდმა მომავალშიც სწორად წარმართოს საქმიანობა:

„საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირი, კომუნიკაცია, გამჭვირვალე პროცედურები, პრიორიტეტების სწორი განსაზღვრა და სტრატეგიული გეგმის დადება - როგორ ფიქრობენ და რა გეგმა აქვთ მათ ქალაქთან მიმართებაში. აი, ეს არის ის, რაც ძალიან მოკლე დროში შეიძლება გაკეთდეს“.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელობის შემდეგი შეხვედრა კვირას, 7 სექტემბერს, დილის 11 საათზე გაიმართება.

XS
SM
MD
LG