Accessibility links

„თბილისობა 2014“ - საბჭოთა დღესასწაულიდან ფუყე დღესასწაულამდე


25 ოქტომბერს თბილისმა 35-ედ აღნიშნა დედაქალაქის ტრადიციული დღესასწაული, თბილისობა, რომელიც, წინა წლების მსგავსად, კვლავ გაჯერებული იყო კონცერტებით, ბაზრობებითა და ხალხური რეწვის ნაწარმის გამოფენა-გაყიდვით. თბილისობას დაემთხვა დედაქალაქის საკრებულოს რესტავრირებული შენობის გახსნა, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებიც ესწრებოდნენ. წლევანდელ თბილისობაზე ტრადიციულად დასახელდნენ თბილისის საპატიო მოქალაქეები.

თბილისობის ტრადიცია სათავეს იღებს 1979 წლის 28 ოქტომბრიდან, როცა საბჭოთა საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ პირველად აღნიშნა დღესასწაული, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად და თავიანთი კუთხეების წარმოსაჩენად ჩამოიყვანეს კოლმეურნეები საქართველოს თითქმის ყველა რაიონიდან და რიყის ტერიტორიაზე გამართეს შემოდგომის უხვი მოსავლის ბაზრობები. თბილისობის გაფორმებაში აქტიურად იყვნენ ჩართული კულტურისა და ხელოვნების მუშაკები. სპეციალურად ამ დღესასწულისათვის იწერებოდა სიმღერები.

ცხადია, სიმღერა-კონცერტები არც წლევანდელ თბილისობას დაჰკლებია, ისევე როგორც არ დაჰკლებია ძველი თბილისის ტრადიციული ტრანსპორტი, ფაეტონის სახით, თუმცა, ბედის ირონიით, ყველაზე შთამბეჭდავი ტრანსპორტის პატრონი, მეფაიტონე რევაზ შენგელია, ბათუმელი აღმოჩნდა“:

რევაზ შენგელია

რევაზ შენგელია

„ამ ფაეტონით 35 წელია ვმუშაობ. მითხრეს, თბილისში უნდა წახვიდეო, და ჩემოვედით თბილისობის ჩასატარებლად. ეს ფაეტონი ჩემი აწყობილია, მაგამ ასევე მაქვს მამაჩემის ფაეტონი, ნაღდი. ბაბუამ იყიდა 150 წლის წინ და ზედ აწერია სანკტ-პეტერბურგ! თუ ვინმეს დასჭირდება გასეირნება, აქ ვართ. ათი ლარი ღირს ერთი წრე, ძვირი არ უნდა იყოს“.

ფაეტონის დაქირავებაზე გაცილებით იაფი ღირდა ცხენით გასეირნება - სულ რაღაც სამი-ხუთი ლარი - და ზედ მეტეხის ხიდსა და მეიდნის ქვაფენილიან ქუჩებზე შეგეძლო ბედაურის ჭენება.

ცხენითა და ფაეტონით გასეირნების მსგავსად, თბილისობის ნაწილად იქცა ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობა და ჯვრისწერა. მაყარში მიმავალ ფაფახ-ჩოხა-ახალუხიან თემო კოშაძეს რადიო თავისუფლება მექორწინეების მოსვლამდე გამოელაპარაკა:

„მომწონს „თბილისობა“, ხალხი ერთმანეთს ხვდება და ეფერება! ამას რა სჯობია. მთელი საქართველო იკრიბება თბილისში - სოფელი, რაიონი ჩამოდის და ვისაც რა აქვს, იმას ჰყიდის, ვაჭრობს, ახარებს თბილისელებს“.

გარდა „საპატიო თბილისელებისა“, ასევე შემოვიღეთ „თბილისზე მზრუნველთა“ წოდებაც, რომელიც მიენიჭებათ იმ ადამიანებს, რომლებიც გამგეობებში, მერიაში წლების განმავლობაში უანგაროდ ეწეოდნენ ისეთ მნიშვნელოვან საქმეს, რაც ქალაქს გამოადგა...

თბილისის მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, თბილისობის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების - კონცერტებისა და ბაზრობების - გეოგრაფია გასცდა ძველი ქალაქის ფარგლებს და თითქმის მთელი თბილისის ტერიტორია მოიცვა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 850 ათასი ლარი დაიხარჯა.

მერიის გადაწყვეტილებით, წელს საპატიო თბილისელის წოდება ათ ადამიანს მიენიჭა, მათ შორის: მეტროსადგურის პროექტების ავტორს ლამარა აბაშმაძეს, ლოტბარ ანზორ ერქომაიშვილს, კომპოზიტორ გურამ ბზვანელს, მსახიობ კახი კავსაძეს. "საპატიო თბილისელის" წოდება ასევე მიენიჭათ: მწერალ ბაჩანა ბრეგვაძეს, არქეოლოგ გივი ღამბაშიძეს, მომღერალ გია ჭირაქაძეს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს და ისრაელის ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს.

„გარდა „საპატიო თბილისელებისა“, ასევე შემოვიღეთ „თბილისზე მზრუნველთა“ წოდებაც, რომელიც მიენიჭებათ იმ ადამიანებს, რომლებიც გამგეობებში, მერიაში წლების განმავლობაში უანგაროდ ეწეოდნენ ისეთ მნიშვნელოვან საქმეს, რაც ქალაქს გამოადგა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საკრებულოში გამართულ საზეიმო მიღებას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ვრცლად ილაპარაკა თბილისის ტოლერანტული გარემოსა და ტრადიციების მნიშვნელობაზე, თუმცა, პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, თბილისობის ტრადიცია ყველას როდი მოსწონს. კრიტიკოსთა შორის არიან როგორც თბილისელები, ასევე თბილისის სტუმრები.

თბილისში სტუმრად მყოფი არტაშესი და სამველი კოტე აფხაზის ქუჩაზე ფლეიტასა და დოლზე უკრავდნენ. რადიო თავისუფლებამ სომეხ მუსიკოსებს თბილისობის შთაბეჭდილებაზე ჰკითხა.

„ჯერ ვერაფერში გავერკვიეთ, რადგანაც ხმაური და აურზაურია. მეგონა, მეტი ნაციონალური კოლორიტი იქნებოდა. არსად ჩანან ის თბილისელი მეარღნეები, რომლებიც კინოფილმებიდან გვახსოვს. ასე რომ, ჯერ არაფერია, თუ არ ჩავთვლით ფერად ბუშტებს. და კიდევ მწვადი, რომელიც ასევე ყველაგან არის, მათ შორის, ერევანშიც“, - უთხრა ერევნელმა მუსიკოსმა რადიო თავისუფლებას.

თბილისობის არსებული სახით აღნიშვნა არ მოსწონს 68 წლის გიორგი ბენაშვილს, რომელიც იწუნებს როგორც მყვირალა და ხმაურიან კონცერტებს, ასევე ბაზრობას:

„ეს არ არის თბილისობა! აქ რაიონებიდან ჩამოსული მანქანები უნდა იდგეს. ნობათი, ყურძენი და ა.შ. - ყველაფერი უნდა იყიდებოდეს პირველი ხელიდან, ანუ იაფად, რომ ხალხმა შეიძინოს. თბილისობა, აბა, სხვა რა არის? მარტო ის ხომ არ არის, რომ მწვადი შეიწვას „პესკებზე“. მწვადის შეწვა არ არის თბილისობა!“

მთელი რიგი მიზეზების გამო თბილისობა არც ალექსანდრე ელისაშვილს მოსწონს - თბილისის საკრებულოს წევრსა და თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქრი“ დამფუძნებელს.

ალექსანდრე ელისაშვილი

ალექსანდრე ელისაშვილი

„არ მომწონს იმის გამო, რომ, ჯერ ერთი, არის იმ 1979-80 წლებში გამართული თბილისობის კარიკატურა, რადგანაც ახლა რეალურად ხალხს არ ედღესასწაულება მძიმე სოციალური ფონის გამო. მერე, მეორე, ის, რომ მაშინ მსახიობებს რთავდნენ, სახალხო მონაწილეობა იყო, ახლა საერთოდ გამორიცხულია სახალხო მონაწილეობა. მერმა მოიწვია გამგებლები, შექმნეს შტაბი და დაგეგმეს თბილისობა. გამგებლები არიან ყველაზე არაკრეატიული და პრაგმატული ადამიანები, აღმსრულებელ-შემსრულებლები, და, აქედან გამომდინარე, არ იციან დღესასწაულის დაგეგმარება და განხორციელება. ამის გამო ეს დღესასწაული არის სრულიად ფუყე და უშინაარსო, რომელშიც ხალხი არანაირად არ მონაწილეობს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ალექსანდრე ელისაშვილმა, რომლის თქმითაც, მოცემული ფორმით თბილისობის აღნიშვნისას ხალხი ოდენ პასიური მომხმარებელია უშინაარსო დღესასწაულისა, ვითარების შესაცვლელად კი მერიამ ან უნდა გამოაცხადოს კონკურსი დღესასწაულის კონცეფციაზე, ან უნდა აღდგეს ყეენობის ტრადიცია, რომელსაც ისტორიაში რეალური ფესვები აქვს, თუმცა, როგორც ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, ყველა შემთხვევაში საჭიროა დღესასწაულის კონცეფციის საფუძვლიანი გააზრება.

XS
SM
MD
LG