Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისობა 2011


მეორე დღეა დედაქალაქი თბილისობის დღესასწაულს ზეიმობს. შარშანდელისგან განსხვავებით, ”თბილისობა 2011” ერთი კვირით ადრე დაიწყო. ზეიმის ეპიცენტრი წელსაც ქალაქის ძველი უბნებია - მეიდანი, გორგასლის მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, რიყის პარკი. მომდევნო ორი დღის განმავლობაში თბილისში კონცერტები, გამოფენები, ხილის ფესტივალი, ტრადიციული ავტოშოუ და სხვა ღონისძიებები გაიმართება.

წლევანდელ თბილისობას მზიანი ამინდი დაემთხვა. შესაბამისად, დღესასწაულის აღსანიშნავად ხალხს ქუჩაში გასვლა არ დაზარებია. თბილისის ძველი უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. მეიდანზე რომ უზარმაზარ საწნახელში 7 ტონა ყურძენს წურავდნენ, შარდენის ქუჩაზე ხილის ფესტივალი მიმდინარეობდა, ბარათაშვილის ხიდზე ხელნაკეთი და
ანტიკვარული მანქანები გამოფინეს, რიყის პარკში პოეტები ლექსებს კითხულობდნენ, აბანოთუბანში ეროვნული უმცირესობების ფოლკლორული ჯგუფების კონცერტი მიდიოდა, მტკვარზე ტივებით 21-ე საუკუნის ყარაჩოღელები სეირნობდნენ, არღნის, ესტრადისა და ფოლკლორის ხმები ერთმანეთს ენაცვლებოდა, სადღაც ცოცხალი ბენდიც უკრავდა. თბილისელ ბესიკ ქემოკლიძესაც ბენდის მახლობლად შევხვდით:

”ძალიან დიდი მუხტი მაქვს-მეთქი ვერ გეტყვით, მაგრამ მსიამოვნებს, გაღიმებულ სახეებს ვხედავ და მიხარია. მე თბილისში დავიბადე, გავიზარდე და ისეთ გარემოში მიწევდა ყოფნა, რომ ყველას ერთმანეთი უყვარდა. სოლოლაკში ვცხოვრობდი. ქურთები, სომხები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, ქართველები - ერთად ვიყავით. ეროვნებების მიხედვით არ ვარჩევდით ერთმანეთს და მოხარული ვიქნები, თუ თბილისს ეს კაცთმოყვარეობა დაუბრუნდება. უფრო მეტი სითბო იქნება. რატომღაც ამ გარემოში ვიგრძენი ეს სითბო და მოვედი...”

ამასობაში თბილისის მთავრობის წევრებმა და სხვა მოხელეებმა რეზინის შავი ჩექმები მოირგეს და საწნახელში ყურძნის დაწურვას შეუდგნენ. უკვე რამდენიმე წელია ესეც თბილისობის განუყრელი რიტუალია. საწნახლიდან გადმოსული საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი საკმაოდ დაღლილიც ჩანდა:

”ჩვენთან ერთად საწნახელში უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრებიც იყვნენ და ეს იდუმალი შეგრძნება მათაც გადაედოთ. თითქოს უფრო გაკეთილშობილებულები ჩამოვიდნენ იქიდან. ეს ჩვენი მისტიკური რიტუალია და მასში მონაწილეობის მიღება დიდი პატივია. თბილისობა კი ჩემი დედაქალაქის დღესასწაულია და ბოლო წლების განმავლობაში მან საგრძნობლად იცვალა სახე. თბილისობა აღარ არის მხოლოდ სანახაობა და კონცერტები. ეს, ამავე დროს, გახლავთ საზოგადოებრივი ჯგუფების ერთგვარად ანგარიშის ჩაბარება თბილისელებისათვის - რა გააკეთეს, რა ჭირნახული მოიწიეს - ვგულისხმობ არქიტექტორებს, ლიტერატორებს და ა.შ.”

ყველაზე სანახაობრივი მაინც ავტოშოუ იყო. ერთი შეხედვით - უცნაური მანქანები, საინტერესო ისტორიებით. ადგილზე დაგვხვდა ცნობილი ავტომოყვარული, სამართლის დოქტორი ავთანდილ კახნიაშვილი:

”ყველა პატარა ბიჭს უყვარს ავტომანქანები, მაგრამ, ალბათ, არიან ადამიანები, ვისაც ეს გატაცება სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. აი, ეს მანქანა, 1936 წელს გამოშვებული მერსედესი კაბრიოლეტი, ჩემი ხელით ავაწყვე და ეს ერთგვარი სათამაშოა უფროსებისათვის. ხანდახან დავდივარ ქუჩაში. ეს სასეირნო მანქანაა, მაგრამ მარტო მე არ მანიჭებს სიამოვნებას - ვინც ხედავს, მათაც მოსწონთ.”

ყველაზე მეტ ფოტოს ავტოშოუზე მერაბ გუჯაბიძესთან იღებდნენ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავტომობილების დაცვის ასოციაციას ხელმძღვანელობს.

”მე ახლა ამერიკელი სამხედრო ოფიცრის ფორმაში ვარ გამოწყობილი, იარაღიც შესაბამისი მიჭირავს, ხოლო მანქანა არის ამერიკული წარმოების “ვილისი, მოდელი - B” - ჯიპი. ეს ფორმა, თუ დააკვირდებით, მიუხედავად იმისა, რომ 70 წლის წინაა შექმნილი, არ დაძველდა მაინც, გენიალური ნივთები არ ძველდება.”

ბამბის რიგში ხილის ფესტივალია. ყველა მაგიდა სხვადასხვაგვარი ხილითაა სავსე. ერთგან შოკოლადის შადრევანსაც წავაწყდით. იქვე ჩურჩხელებსაც ავლებენ.

თუ რიყის პარკისაკენ დავეშვებით, ამფითეატრს მივადგებით, სადაც ახალგაზრდა პოეტები საკუთარ ლექსებს კითხულობენ - ძირითადად სასიყვარულოსა და პატრიოტულს.

გორგასლის მოედანზე საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენას უჩვენებენ, ქუჩის გაყოლებაზე კი შემოდგომის ნობათს ყიდიან. აბანოთუბნიდან კინტოურის ხმა ისმის. ჩვენც იქით მივეშურებით. იქ ნამდვილ თბილისელებს მოუყრიათ თავი. დღესასწაული გრძელდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG