Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დასრულდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია


თბილისში დასრულდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, საიუბილეო სესია. დღევანდელ დასკვნით სხდომაზე ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს ავსტრიის პარლამენტის წევრი კრისტინე მუტონენი, რომელიც დღემდე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მისი კონკურენტები იყვნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტები, საქართველოსა და საფრანგეთის პარლამენტების წევრები, გიგი წერეთელი და ალენ ნერი. კენჭისყრის პირველ ტურში მუტონენმა 91 ხმა მიიღო, წერეთელმა 85 და ნერიმ 26. მეორე ტურში გასულ კრისტინე მუტონენს მხარი დაუჭირა 86-მა დელეგატმა, გიგი წერეთელს კი 73-მა. კრისტინე მუტონენი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ თბილისში, დღევანდელ შემაჯამებელ სხდომაზე დაამტკიცა საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი „კონფლიქტი საქართველოში.“ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა მხოლოდ რუსეთის საპარლამენტო დელეგაციამ. რეზოლუციის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარების აუცილებლობას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფას და საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების გამოყენებით.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების აღმართვის პროცესს, რაც ერთმანეთისგან ყოფს ადგილობრივ მოსახლეობას და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ, უფლებებს. ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გაიწვიოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და შეასრულოს ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი ვალდებულება. დღესვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა 122 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს 25-ე, საიუბილეო სესიის შემაჯამებელი დოკუმენტი, „თბილისის დეკლარაცია.“

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ საქართველოს მადლობა გადაუხადა 25-ე, საიუბილეო სესიის იდეალურად მასპინძლობისთვის. ”ჩვენ ბევრ ქვეყანაში დავდივართ, 25-წლიანი გამოცდილება გვაქვს და მინდა გითხრათ, მართლაც არაჩვეულებრივი მიღება იყო. ყველაფერი, დაწყებული მძღოლიდან, დამთავრებული ოპერატორით, იდეალური იყო და ეს არის გულიდან წამოსული სიტყვები” - განაცხადა რობერტო მონტელამ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიას თბილისმა 1-5 ივლისს უმასპინძლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG