Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სინდრომები თეა თოფურიას გაბრტყელებულ პლანეტაზე


მამაჩემის უახლოესი მეგობარი იყო გივი ჭიჭინაძე. ძალიან ხშირად იყო ჩვენთან. და მიუხედავად ამისა, ჩემთვის და ჩემი დისთვის მისი ყოველი მოსვლა პატარა სასწაული იყო. ეს რეალურად ის ადამიანი იყო, რომელმაც ჩვენი საყვარელი „ზღარბო, ზღარბო ქაცვია / ეს რა ქურქი გაცვია! /დამაკაწრეს თითები / მაგ ჩხუტუნა ნემსებმა. / ნეტავ შენი დედიკო / როგორ გეალერსება?“ და ბევრი ასეთი დაწერა, და მოდიოდა, გვიღიმოდა, გვეთამაშებოდა, გვეხებოდა... ალბათ ამიტომაც, დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ საბავშვო მწერლები ყველაზე იდუმალი და ჯადოქარი მწერლები არიან, ყველაზე დიდი მადლიც მათგან მოდის - ყველაზე აუცილებელ და მართალ პირველ მარცვალს, რომელიც უნდა გაღივდეს, ბავშვში, მოზარდში ისინი აგდებენ. ახლა თითქოს დრო, ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ რამდენჯერაც და როგორც უნდა შეიცვალოს ეპოქა, ნამდვილი საბავშვო მწერლები მაინც ასეთებად დარჩებიან. და დღეს სწორედ ასეთი მწერლის დღე გვაქვს: თეა თოფურიასი. ის ჩემთვის გივი ჭიჭინაძე ვერ იქნება (საერთოდ, თითქოს უკვე გამოსულიც ვარ სიყმაწვილის ასაკიდან), მაგრამ ვგრძნობ და ვხედავ, რომ ძალიან ბევრი თანამედროვე გოგონასა თუ ბიჭუნასთვის, მიუხედავად ახალი ტექნოლოგიებისა და ვითომდა გაციებული ურთიერთობებისა, ის სულმუდამ ჯადოქრად დარჩება, მასთან ყოველი შეხება ყოველთვის პატარა სასწაულის ტოლფასი იქნება. ეგ კი არადა, ჩემთვისაც თეა თოფურია სასწაულია ახლაც: ხან დატვირთულ, გულისმომკვლელ ლექსებს თუ მოთხრობებს რომ წერს და ხან თავის „უკუღმართ“, „ცანცარა“ ზღაპრებს, ძირითადად კი თავისი ლამაზი რუტინა რადიო თავისუფლებაში ჟურნალისტობით გაჰყავს. ახლაც ჩემს წინ ტრიალებს, მელაპარაკება, სამზარეულოში იკვებება, უცნაურად ხუმრობს, წინა დღეს კი სტუდიაში შევაპორწიალე და თავის ახალ წიგნზე ვალაპარაკე, რადგან მომეჩვენა, რომ სხვების აზრებზე უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ როგორ აღიქვამს თავად თეა საკუთარ ზღაპრებს, როგორ წერს მათ... ელემენტარულად, მომეჩვენა, რომ მისი მკითხველისთვის - ამ ბიჭუნებისა თუ გოგონებისთვის - მისი ხმის, მისი ინტონაციის გაგება იქნებოდა ყველაზე მეტის მომცემი.

ხშირად არის რომ პერსონაჟი ბევრია, უნდა დაარქვა რაღაც, რაღაც უნდა დაუძახო მას, მაგრამ მე ვერ ვარქმევ. ნუ აი, რა ვიცი, ვერ ვარქმევ და მორჩა, ამაში უნიჭო ვარ. ანუ მე ვხედავ უფრო ადამიანებს, ვხედავ პერსონაჟებს, სისტემებს, როგორი უნდა იყოს, სად უნდა მოხდეს მოქმედება, რა სიუჟეტი უნდა განვითარდეს, ვინ უნდა იყოს, რა ხასიათები უნდა იყოს და ა.შ...
თეა თოფურია

რაც შეხება წიგნს: იგი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ შარშან სერიით „მოსწავლის ბიბლიოთეკა“ გამოაქვეყნა. „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ თეა თოფურიას საზღაპრო მესამე წიგნია, ოღონდ თუკი ის ადრე უფრო მცირე ფორმებში მუშაობდა, ეს პირველი მისი დიდი ფორმატის ტექსტია, ამ ჟანრში დაწერილი. მოვუსმინოთ თეა თოფურიას.

თეა თოფურია: „ხშირად არის რომ პერსონაჟი ბევრია, უნდა დაარქვა რაღაც, რაღაც უნდა დაუძახო მას, მაგრამ მე ვერ ვარქმევ. ნუ აი, რა ვიცი, ვერ ვარქმევ და მორჩა, ამაში უნიჭო ვარ. ანუ მე ვხედავ უფრო ადამიანებს, ვხედავ პერსონაჟებს, სისტემებს, როგორი უნდა იყოს, სად უნდა მოხდეს მოქმედება, რა სიუჟეტი უნდა განვითარდეს, ვინ უნდა იყოს, რა ხასიათები უნდა იყოს და ა.შ. და რაც მახასიათებს, არის კიდევ ის, რომ მე არა მყავს ძალიან კეთილი და ძალიან ბოროტი პერსონაჟები. ისინი არიან სადღაც საშუალო ყოველთვის. მთავარი გმირებიც არ არიან გმირები. არ არიან ისინი, რომლებიც ხმალს მოიქნევენ და გაანადგურებენ რაღაც ბატალიონს, ეგრე არ არის. ისინი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვეულებრივი ბავშვები... ასეთი ბავშვები, რა თქმა უნდა, რეალობაში არ არსებობენ. დღეს როდესაც წერ ფენტეზის, როცა ზღაპარს წერ, ნებისმიერი პერსონაჟი არის გაცილებით უფრო გონებამახვილი, გაცილებით უფრო ჭკვიანი, უფრო განვითარებული, უფრო ინტელექტუალი, ვიდრე იმავე ასაკის რეალური ბავშვი. ანუ პროტოტიპად ნამდვილ ბავშვს - ვთქვათ, მეშვიდეკლასელი ბავშვია - ვერ აიღებ. შეიძლება სადღაც ვიღაც არის, მაგრამ რეალობაში, სტანდარტულად ასე არაა“.

და მაინც, ბოლოს და ბოლოს, რა ხდება თეა თოფურიას ამ რომანში? უთვალავი რამ ხდება, ამას ვერანაირად ვერ ჩამოგითვლით. სულმუდამ მოულოდნელი პერსონაჟები ჩნდებიან, ერთმანეთთან არანაირ შესაბამისობაში რომ არ არიან და მაინც ახერხებენ კავშირების დამყარებას და გამყარებას. მათ გარეგნულად სასაცილო სხვაობები აქვთ, მაგრამ ეს სხვაობები თანდათან სულ სხვა სახის სხვაობებში გადადის. და ნელ-ნელა ვხვდებით, რომ თეა თოფურია ამ კომიკური არსებებით დღევანდელ სამყაროზე გველაპარაკება: პოლიტიკურ სისტემებზეც, სოციალურ გარემოზეც... თუმცა ამას რა შემჩნევა უნდა, როცა ამ ზღაპარში (თუ ფენტეზიში?) პარლამენტის მოჩვენებაცაა, 45-ე სართულიც დამოუკიდებლობას აცხადებს, არის ორი ძირითადი რასა და უმცირესობები კი, ვინ მოთვლის, რამდენნაირია, რადგან ისინი ამ პლანეტას ხან საიდან ებერტყებიან და ხან საიდან... ეკოლოგიაც აქტუალურია, რადგან გაბრტყელებულ პლანეტაზე აპოკალიფსი იმიტომ ხდება, რომ ტყეები ბოლომდე გაიჩეხა და მათ სანაცვლოდ 200-სართულიანი სახლები აიგო. პრინციპში, ესაა მსუბუქი პოლიტიკური სატირა ფენტეზის ფარგლებში, რამაც გარკვეულწილად ნაირა გელაშვილის ბოლო პერიოდის ზღაპრები გამახსენა, სადაც ნაირამ მოახერხა და დატვირთა დღევანდელი სოციალურ-პოლიტიკური რეალობით თავისი ფანტაზია, მაგრამ განსხვავებაც ვიგრძენი: ნაირა გელაშვილთან ეს მაინც გააზრებულად, მიზანმიმართულად ხდება, თეა თოფურიასთან კი ეს რეალობა ზღაპრის რეალობაში უფრო ბუნებრივად იჭრება, მორალის გარეშე, პატარა, საჭირო დოზებით მოქმედებს და ცდილობს, შეუმჩნევლად მიაჩვიოს და გაარკვიოს პატარა მკითხველი იმაში, რასთანაც უახლოეს მომავალში მწარედ შეჯახება მოუწევს.

თეა თოფურია
თეა თოფურია

მოვუსმინოთ კვლავ თეა თოფურიას:

„ამ ზღაპარს ჰქვია „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“. რატომ სხვა პლანეტაზე? თვითონ ის, რომ რაღაც მოქმედება ხდება სხვა პლანეტაზე, ძალიან გაცვეთილი ფაბულაა. მაგრამ რატომ იყენებს დღემდე, ფაქტობრივად, ყველა და არა მარტო მე: ახლა ნებისმიერი ფენტეზი რომ აიღოთ, მოქმედება ხდება ან სხვა პლანეტაზე, ან სხვა რეალობაში, ან უკაცრიელ კუნძულზე... ჩვეულებრივ ცხოვრებაში გმირი ვერასოდეს გამოავლენს თავის ხასიათს. ის აუცილებლად უნდა მოხვდეს არაორდინარულ სიტუაციაში. არაორდინარული სიტუაცია, რომელიც არის თუნდაც ამ წიგნში: ორი ტიპის ხალხი, კარპასები და ტუცები თანაცხოვრობენ, მაგრამ მაინცადამაინც ერთმანეთი არ უყვართ, სხვადასხვა ხასიათის ხალხია... ხალხი ცვივა საერთოდ ციდან, იმიტომ რომ გრავიტაციაა სხვადასხვანაირი, ასეთი სიტუაცია ხომ, ჩვეულებრივ, დედამიწაზე არ შეიქმნება, ამიტომაც სჭირდება მწერალს სხვა ქვეყნის მოგონება. ღმერთმა შექმნა დედამიწა, შექმნა აი, ეს, ამხელა კოსმოსი, და მე ასე მგონია, როცა ამდენი ფენტეზის მწერალი სხვადასხვა პლანეტაზე თავის წარმოსახვით სამყაროს ქმნის,რატომ უნდა იყოს ეს პლანეტები დაუსახლებელი?ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პლანეტებს ვერ დავასახლებთ, მაგრამ ჩვენს წარმოსახვაში მაინც დავასახლოთ, რაღაცნაირად... აი, ჩემი პლანეტა რანაირი იქნებოდა? აი, ასეთი იქნებოდა, ერთ-ერთი...“

და როგორია თეა თოფურიას ეს გაბრტყელებული პლანეტა? რა ხდება იქ? დიდი სურვილი გამიჩნდა ამის შესახებ მისი მკითხველისთვის მეკითხა. ამიტომ მოდით ახლა მოვუსმინოთ 10 წლის თომა პაპასქირს, რომელსაც საოცრად უყვარს ეს წიგნი და წიგნის ავტორსაც პირადად იცნობს, თანაც ვეჭვობ, რომ თეა ისეთივე ჯადოქარია მისთვის, როგორც ერთ დროს ჩემთვის გივი ჭიჭინაძე იყო.

თომა პაპასქირი
თომა პაპასქირი

თომა პაპასქირი: „პერსონაჟები ძალიან მომეწონა, კარპასები, ტუცები ძალიან მაგარი მოგონილია, პლანეტაზე რომ მოხვდებიან, გაბრტყელებულ პლანეტაზე... სხვა წიგნებში იშვიათად არის ხოლმე. მოგონილი პერსონაჟები ყველაზე მეტად ამ წიგნში მომეწონა. ვისაც წიგნი არ უყვარს, რომ წაიკითხავს, მაინც შეიძლება შეუყვარდეს, კოსმოსი ვისაც უყვარს, მით უმეტეს, და კიდევ იმიტომ, რომ ძალიან გრძელი და საინტერესო ამბავია. კიდევ იმიტომ, რომ სასაცილო ამბავიც არის. კიდევ ფრიდა კატად რომ იყო გადაქცეული, რად გინდა გადაქცევაო და ადამიანობისგან ვისვენებო...“

თომა რომ ჩავწერეთ და მერე თეას ვუთხარი, ეს ფრაზა აღნიშნა, „ადამიანობისგან ვისვენებო“, - ეგ ჩემი ყველაზე საყვარელი ფრაზაცააო - თქვა ავტორმა. ერთი სიტყვით, თეა და მისი მკითხველები ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს. თუმცა ვინაა მისი ზღაპრების მკითხველი, ეგეც საკითხავია. და ამაზე ჯობს ისევ თეა თოფურიას მოვუსმინოთ:

„მეც რომ ვუყურებ და ვკითხულობ, არის წიგნები, რომლებიც ერთდროულად არის ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის. ანუ რადიკალურად სხვადასხვა ასაკის ადამიანები ერთსა და იმავე წიგნს კითხულობენ. ესეც არის დაახლოებით ეგეთი წიგნი. შეიძლება შვილმაც წაიკითხოს და მშობელმაც წაიკითხოს. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ერთსა და იმავე რაღაცაზე ექნებათ შემდეგ სალაპარაკო მშობელსა და შვილს. ეს დაახლოებით ისევეა, რომ დასხდნენ და ერთ ფილმს უყურონ. ამ კუთხით ვფიქრობ, რომ ასეთი წიგნია და ეს გამომივიდა. რომ ვწერდი, მაშინ მაინცდამაინც ამას არ ვუფიქრდებოდი, მაგრამ რომ გადავხედე, ეგეთია...“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG