Accessibility links

logo-print

იუსტიციის მინისტრი არ გამორიცხავს პრეზიდენტის დაკითხვას აგვისტოს ომთან დაკავშირებით


თეა წულუკიანის პრესკონფერენცია. გორი

თეა წულუკიანის პრესკონფერენცია. გორი

გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პრესკონფერენცია საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. მინისტრის რაგიონში ჩამოსვლა პროექტის "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში მოხდა. წულუკიანმა ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა. მან აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტის დაკითხვის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაკითხვის პერიოდში პრეზიდენტი აღარ იყოს, თუმცა მასთან ერთად დაიკითხება ბევრი სხვა მაღალჩინოსანიც, ვისი მისამართითაც კითხვები არსებობს. მინისტრის ინფორმაციით, აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა.

იუსტიციის მინისტრმა პირადობის მოწმობების არსებულ ჩიპზე დატანილი ინფორმაციის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ID ბარათის ჩიპზე პიროვნების შესახებ ინფორმაციის ბაზა შემცირდა. ინფორმაცია, რომელიც დღეს ჩიპზე ინახება, მხოლოდ სახელითა და გვარით, დაბადების ადგილით, თარიღით, პირადი ნომრით და მისამართით შემოიფარგლება. წულუკიანის თქმით, სხვა ინფორმაცია ჩიპზე არ უნდა ინახებოდეს. მინისტრი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს ვიდეორგოლს იმის თაობაზე, თუ მოქალაქის შესახებ რა ინფორმაციების შენახვას აპირებდა წინა ხელისუფლება ახალი პირადობის მოწმობის ჩიპზე. თეა წულუკიანი პირადობის ახალ მოწმობებთან დაკავშირებით აზრს წმინდა სინოდსაც ჰკითხავს, კონსულტაციებს კი ამჟამად სასულიერო პირებთან მართავს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მცხეთაში იუსტიციის სახლის მშენებლობის შეჩერებას არ გამორიცხავს. მისი განაცხადებით, ამჟამად იგი აწარმოებს კონსულტაციებს კულტურის მინისტრთან და თუ აღმოჩნდა, მაგალითად, რომ მცხეთის იუსტიციის სახლი შენდება იმ ადგილას, რომელიც, იუნესკოს მიერ შემუშავებული წესებით, დაცულია, მას მოუწევს მიიღოს გადაწყვეტილება შეწყდეს მცხეთის იუსტიციის სახლის შენება და უკვე ამოყვანილი კედლები დაკონსერვდეს.

იუსტიციის მინისტრმა პრესკონფერენციაზე არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, დაწყებულია ხაშურის ინციდენტის გამოძიება და ადგილობრივი პროკურატურა არჩევნების წინა პერიოდში კარალეთსა და მერეთში მომხდარ ინციდენტებსაც სწავლობს. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრი მოქალაქეებს ურჩევს ქონების იპოთეკით დატვირთვამდე კარგად დაფიქრდნენ. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, იუსტიციის სამინისტრომ და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, სპეციალური ვიდეორგოლიც დაამზადა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG