Accessibility links

logo-print

ხმაურით და ღიმილით დაიწყო გორში თეატრალური კომედიის ფესტივალი. გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები დილიდანვე ხმაურით მოიარეს და მაყურებელს ფესტივალის დაწყება ამცნეს. კომედიის ფესტივალი მესამედ ტარდება და წელს ის უკვე საერთაშორისო გახდა.

ქართული დასების გარდა, გორში უკრაინისა და ბულგარეთის თეატრები ჩამოვიდნენ. „დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში“ - ესაა ფესტივალის მთავარი სლოგანი და თითქმის ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ქალაქების თეატრალური დასები მაყურებლის წინაშე თავიანთ რეპერტუარში არსებული კომედიური ჟანრის სპექტაკლებით წარდგებიან.

ორი წელია ახალციხის თეატრი ფესტივალზე წარმატებით გამოდის. მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი ამბობს, რომ კომედიის ფესტივალმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი საქართველოს თეატრალურ სივრცეში და ქართული დასები ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადებიან.

გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად არის ჩართული, სტუმრებს ყურადღებას აქცევს. ფესტივალის დაარსება გორში, გიორგი ერისთავის სამშობლოში, მისი იდეაა. მაყურებელს სთხოვს, რომ, თუ მცირედი ხარვეზები იქნება, აპატიოს.

გორის თეატრის მსახიობი კახა ბერიძე ამბობს, რომ ეს ფესტივალი ერთგვარ რეზიუმეს წარმოადგენს, სადაც თეატრალური დასები საკუთარი შემოქმედების შედეგს დებენ.

რეჟისორი გოგი ქავთარაძე მიიჩნევს, რომ მესამე წელია კომედიის ფესტივალი აქრობს ერთგვარ ზღვარს დედაქალაქისა და რეგიონის თეატრებს შორის.

ფესტივალი მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლ შექსპირის „შეცდომათა კომედიით“ გაიხსნა (რეჟისორი - გურამ ბრეგაძე). ფესტივალი გორის მერიის პატრონაჟით იმართება, პარტნიორია კულტურის სამინისტრო და გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი. გორში 22 თეატრალური დასი წარმოადგენს საკუთარ შემოქმედებას. ფესტივალს დააკვირდება პროფესიული ჟიურის სამ-სამკაციანი 5 ჯგუფი. თეატრმცოდნეები მორიგეობით იმუშავებენ და ყოველი დღის ბოლოს გაარჩევენ ნანახ სპექტაკლს. ფესტივალი დათო ევგენიძის კონცერტით დასრულდება. გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG