Accessibility links

logo-print

20 სექტემბერს იწყება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. 18 სექტემბერს რუსთაველის თეატრში გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის დირექტორმა ეკა მაზმიშვილმა დაწვრილებით ისაუბრა ფესტივალის წლევანდელ პროგრამაზე. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უკვე მეექვსედ ტარდება და ფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებით, ახლაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს მაყურებელს.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ცეკვის თეატრ „ღრუბლის კარიბჭის" (ტაივანი) დამაარსებელი და ხელმძღვანელი ლინ ჰვაი-მინი, სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი.

პრესკონფერენცია

პრესკონფერენცია

​ფესტივალი 20 სექტემბერს 20:00 საათზე რუსთაველის თეატრის სცენაზე გაიხსნება სპექტაკლით - „მოხეტიალეთა სიმღერები" (Songs of the Wanderers). ამ სპექტაკლის შესახებ ილაპარაკეს პრესკონფერენციაზეც. ლინ ჰვაი-მინის თქმით, სპექტაკლზე მუშაობისას ის კარგა ხანს ვერ ახერხებდა მუსიკის შერჩევას. შემდეგ კი, შემთხვევით მოისმინა ანსამბლ „რუსთავის“ მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერები და გადაწყვიტა, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც სჭირდებოდა. როგორც ფესტივალის პროგრამაშია აღნიშნული - „მოხეტიალე სიმღერები“ წარმოადგენს გამაოგნებელ სანახაობას, რომელიც აღწერს მომლოცველთა შთამბეჭდავ მოგზაურობას. სპექტაკლი გამორჩეულად „აზიურია“, მაგრამ იგი ცდება აზიის საზღვრებს. სპექტაკლში გამოყენებულია 3.5 ტონა ოქროსფერი მოციმციმე ბრინჯის მარცვალი და მიმდინარეობს სულისშემძვრელი ქართული ხალხური სიმღერის ფონზე...“ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 8 ოქტომბერს დაიხურება.

XS
SM
MD
LG