Accessibility links

logo-print

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გადარჩევა-გადადგომა-არგადადგომა


საპროტესტო აქცია თეატრალურ უნივერსიტეტთან

საპროტესტო აქცია თეატრალურ უნივერსიტეტთან

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 18 ოქტომბერს თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გოგი მარგველაშვილი აირჩია. შესაბამისად, აკადემიურმა საბჭომ უფლებამოსილება შეუწყვიტა უნივერსიტეტის ახლად არჩეულ რექტორს, ნოშრევან ჩხაიძეს. მათი თქმით, რექტორის არჩევნები, რომელიც 23 აგვისტოს გაიმართა, ახალი წესდების გამო, კანონდარღვევით ჩატარდა. ჰქონდა თუ არა აკადემიურ საბჭოს ნოშრევან ჩხაიძის გადარჩევის უფლება და დატოვა თუ არა პოსტი საკუთარი სურვილით ნოშრევან ჩხაიძემ?

თეატრალური უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების მტიცებით, წესდების შექმნაში, რომლის მიხედვითაც იქნა არჩეული რექტორად ნოშრევან ჩხაიძე, მათ მონაწილეობა არ მიუღიათ. სწორედ ამიტომ, რექტორის არჩევნების ბათილად ცნობის მოთხოვნით, თეატრალურ უნივერსიტეტში აქცია ჯერ კიდევ 15 ოქტომბერს გაიმართა. ზუსტად სამ დღეში კი, ანუ 18 ოქტომბერს, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ნოშრევან ჩხაიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, თუმცა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე ნოშრევან ჩხაიძემ გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება ჟურნალისტებს პირადად გააცნო:

”ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული სიტუაციის გამო, იმ დაძაბულობისა და სტრესის გამო, რომელიც ბოლო დღეებში თეატრალურ უნივერსიტეტში იყო, ვთვლი, რომ უკეთესი იქნება ამ უნივერსიტეტში არ ვიყო რექტორი და აკადემიურმა საბჭომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება”, -განაცხადა ნოშრევან ჩაიძემ.

მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ ნოშრევან ჩხაიძემ განცხადება გადადგომის შესახებ მეორე დღესვე უარყო და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა უპასუხისმგებლო საქციელი იქნებოდა. ამის შესახებ ნოშრევან ჩხაიძემ იმ ინტერვიუშიც განაცხადა, რომელიც 18 ოქტომბერს მან რადიო თავისუფლებას მისცა:

”არა, მე არ გადავმდგარვარ. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ადგილი ჰქონდა არასწორ ინტერპრეტაციას ზოგ მედიასაშუალებაში. მე უარი განვაცხადე დამეწერა განცხადება გადადგომის შესახებ.”

ნოშრევან ჩხაიძე

ნოშრევან ჩხაიძე

აღნიშნული ინტერვიუდან რამდენიმე საათში კი ნოშრევან ჩხაიძემ „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა საკუთარი გადაწყვეტილება თეატრალური უნივერსიტეტის რექტორობიდან გადადგომის შესახებ:

”გადაწყვეტილი მაქვს უნივერსიტეტიდან წასვლა. მომავლ კვირას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მივმართავ და გავუგზავნი ახსნა-განმარტებას შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.”

თეატრალური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, რომელმაც ნოშრევან ჩხაიძე 18 ოქტომებრს გადაირჩია, ექვსი წევრისგან შედგება. თუმცა, როგორც ნოშრევან ჩხაიძის ადვოკატი ირაკლი ნარმანია აცხადებს, მათ ნახევარს, ანუ სამ წევრს, მიმდინარე წლის სექტემბერში გაუვიდა აკადემიური ხელშეკრულების ვადა და ამიტომ საბჭო არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება რექტორის გადარჩევის შესახებ.
თუ სამინისტროს ექნება რაიმე მოსაზრება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მან ეს მოსაზრება უნდა მიაწოდოს საბჭოს, მაგრამ არა მისი გადაწყვეტილების გაუქმებით ...

აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ეკა კიკნაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ, ისევე როგორც საბჭოს სამ წევრს, თეატრალური უნივერსიტეტის 30-მდე პროფესორ-მასწავლებელს დაუმთავრდა აკადემიური თანამდებობის თაობაზე დადებული ხელშეკრულების ვადა, მაგრამ, ნოშრევან ჩხაიძის 2 აპრილის ბრძანებით, აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოს ახალი საბჭოების არჩევამდე ძველი შემადგენლობით გაუგრძელდა უფლებამოსილება:

”თითოეულ ჩვენგანს აქვს გაგრძელებული აკადემიურ საბჭოში ყოფნის უფლებამოსილება ახალი საბჭოს არჩევნებამდე. ჩვენ გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით. ჯერ უნდა გამოცხადდეს კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად და შემდეგ ჩატარდეს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები. ამიტომ ის, ერთგვარად, თავის სიტყვებს ეწინააღმდეგება, როდესაც დღეს ამბობს, რომ აკადემიური საბჭოს სამ წევრს არ აქვს არჩევნებში მონაწილოების უფლება”, - აცხადებს ეკა კიკნაძე.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ნოშრევან ჩხაიძეს დაუპირისპირდნენ, სწორედ აკადემიური თანამდებობების ვადის გასვლა და მათ დასაკავებლად ხელახალი კონკუსის გამოცხადების შეფერხება იყო, თუმცა, როგორც ნოშრევან ჩხაიძემ 15 ოქტომბერს რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, პროფესორ-მასწავლებლებთან შრომითი ურთიერთობა და სასწავლო პროცესი ჩვეული რიტმით გაგრძელდა.

გოგი მარგველაშვილი

გოგი მარგველაშვილი

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გოგი მარგველაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ჯერჯერობით გადაბარების პროცესი არ დაწყებულა, რადგან ნოშრევან ჩხაიძის მიერ არაერთხელ გადათქმულმა განცხადებამ თეატრალურ უნივერსიტეტში გაურკვევლობა გამოიწვია. მართალია, უნივერსიტეტის ავტონომიური უფლებებიდან გამომდინარე, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება, მისივე თქმით, უზენაესია, აკადემიური საბჭო საკუთარ გადაწყვეტილებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მაინც აცნობებს:

”თუ სამინისტროს ექნება რაიმე მოსაზრება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მან ეს მოსაზრება უნდა მიაწოდოს საბჭოს, მაგრამ არა მისი გადაწყვეტილების გაუქმებით, არამედ როგორც სამინისტროს მოსაზრება”, - ამბობს გოგი მარგველაშვილი.

კულტურის სამინისტროს მიმართავს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი ნოშრევან ჩხაიძეც, რათა უწყებამ აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობა მისი გადარჩევის შესახებ თავად შეაფასოს. ის ასევე იმედს გამოთქვამს, რომ მოხერხდება თანამშრომლობა ყველა მხარესთან, რათა ხელი არ შეეშალოს უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესს. რაც შეეხება თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებს, წესდების მიხედვით, რექტორის არჩევნები, მოვალეობის შემსრულებლის არჩევიდან არა უმეტეს ექვსი თვის განმავლობაში უნდა დაინიშნოს.
XS
SM
MD
LG