Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტედ კრუზი საპრეზიდენტო მარათონში ერთვება


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის კონსერვატორი რესპუბლიკელი, ტეხასის შტატის სენატორი ტედ კრუზი იბრძოლებს

ტეხასის შტატის სენატორმა ტედ კრუზმა დღეს განაცხადა, რომ რესპუბლიკელთა პარტიის სახელით პრეზიდენტის კანდიდატობისთვის იბრძოლებს. ეს პირველი სერიოზული განაცხადია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი 2016 წლის საპრეზიდენტო მარათონისთვის გაკეთდა.

2013 წელს ტეხასის შტატის არჩევნების მოგებისთანავე 44 წლის ტედ კრუზი კონსერვატორთა „ჩაის სმის მოძრაობის“ ფავორიტი გახდა. ეს მისი პირველი ვადა იყო ამერიკის სენატში. კრუზი გამარჯვების შემთხვევაში პრეზიდენტ ობამას მიერ გატარებული ჯანდაცვის რეფორმის გაუქმებას და საგადასახადო, თუ განათლების სისტემებში ძირეულ ცვლილებებს გეგმავს. „მე მწამს ამერიკის და მისი ხალხის. მჯერა, რომ ჩვენი დანაპირების შესასრულებლად ერთად დგომა შეგვიძლია“ - ამბობს სენატორის ერთ-ერთი საარჩევნო კამპანიის რეკლამა. ის სენატორის არჩევნებზე მთავარ გათვლას ელექტორატის იმ ნაწილზე აკეთებდა, რომელსაც თავად „კონსერვატორთა ახალ თაობას“ უწოდებს.

ოფიციალური განცხადება არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების შესახებ კრუზმა ვირჯინიის შტატში მდებარე ლიბერთის უნივერსიტეტში გააკეთა. მიმართვაში მან მთავარი ყურადღება შეერთებულ შტატებში იმიგრირებული მამის ცხოვრების ემოციურ მომენტებზე და საკუთარ მორწმუნეობაზე გაამახვილა. „დადგა დრო სიმართლის, თავისუფლების დრო დადგა, მოვიდა დრო დავიბრუნოთ შეერთებული შტატების კონსტიტუცია“ - განაცხადა მან სტუდენტებისადმი დღეს გაკეთებულ მიმართვაში.

ტედ კრუზის მამა კუბელი ემიგრანტია, დედა კი მას ამერიკელი ჰყავს. არჩევის შემთხვევაში კრუზი შეერთებული შტატების პირველი წარმოშობით სამხრეთ ამერიკელი პრეზიდენტი იქნება. სენატორი კანადაშია დაბადებული, თუმცა უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ იურიდიული პროფილის გამოცემაში Harvard Law Review ახლახან დაადასტურეს, რომ მას ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობის ლეგიტიმური უფლება გააჩნია.

რესპუბლიკურ პარტიას კიდევ რამდენიმე სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს, რომლებიც 2016 წელს პარტიის ნომინაციის მოპოვებისთვის იბრძოლებენ. ესენი არიან ჯებ ბუში - ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსის შვილი და ექსპრეზიდენტ ჯორ ბუშ უმცროსის ძმა; ვისკონსინის შტატის გუბერნატორი სკოტ ვოლკერი; ტეხასის ყოფილი გუბერნატორი რიკ პერი; სენატორები რენდ პოლი კენტუკის შტატიდან და მარკო რუბიო ფლორიდის შტატიდან.

XS
SM
MD
LG