Accessibility links

თეირანი: ისრაელის უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ გაძლიერდება პალესტინელთა შეიარაღება


კადრი ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ ნაჩვენები სიუჟეტიდან

კადრი ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ ნაჩვენები სიუჟეტიდან

თეირანი აცხადებს, რომ უფრო ინტენსიურს გახდის დასავლეთის სანაპიროზე პალესტინელებისთვის იარაღის მიწოდების ოპერაციებს მას შემდეგ, რაც, ირანის განცხადებით, ისრაელი ირანში უპილოტო ჯაშუშური თვითმფრინავის შეგზავნას შეეცადა.

ირანის ელიტური დანაყოფის - „რევოლუციის გუშაგების“ - საჰაერო ძალების მეთაურმა ამირ ალი ჰაჯიზადემ განაცხადა, „დასავლეთის სანაპიროს შეიარაღებას გავახშირებთ და ნებისმიერი საპასუხო ზომის უფლებას ვიტოვებთო“.

ჰაჯიზადეს განცხადება „რევოლუციის გუშაგთა“ ვებსაიტზე 25 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ერთი დღით ადრე კი ირანმა განაცხადა, რომ სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს ისრაელის უპილოტო ჯაშუშური თვითმფრინავი, რომელიც ირანის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ნატანზის ბირთვული ობიექტის თავზე დაფრინავდა - დედაქალაქიდან დაახლოებით 240 კილომეტრის მოშორებით.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეშტონი ორშაბათს, 1 სექტემბერს, ბრიუსელში შეხვდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს და საერთაშორისო თანამეგობრობის სახელით ირანის ბირთვულ პროგრამაზე გამართავს მოლაპარაკებას...

განცხადებაში ინციდენტი აღწერილი იყო როგორც ისრაელის მხრიდან გამოვლენილი „ახალი ავანტიურიზმი“.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა კადრები, რომლებიც თითქოს ჩამოგდებულ თვითმფრინავს ასახავს.

ისრაელს ჯერჯერობით ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია.

ნატანზი ირანში მდებარე ურანის გასამდიდრებელი მთავარი ობიექტია. სწორედ იქ არის განლაგებული ირანის იმ ცენტრიფუგათა უმეტესი ნაწილი, რომელთა არსებობაც საჯაროდაა ცნობილი. ცენტრიფუგები ურანის უფრო მაღალ დონეზე გასამდიდრებლად გამოიყენება.

გამდიდრებული ურანის გამოყენება შესაძლებელია ატომური ელექტროსადგურებისთვის, მაგრამ კიდევ უფრო მაღალ დონეზე გამდიდრების შემთხვევაში ის უკვე ბირთვული იარაღისთვის ხდება გამოსადეგი.

ისრაელი შიშობს, რომ ირანი ამ ობიექტს სწორედ ბირთვული იარაღის შესაქმნელად იყენებს და ხშირად გამოდის მუქარით, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშს განახორციელებს.

ახლახან ირანმა მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან მიაღწია ექვსთვიან, დროებით შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ირანმა შეაჩერა ბირთვული აქტივობის ნაწილი, საერთაშორისო სანქციების ნაწილობრივ მოხსნის სანაცვლოდ.

ივლისში ეს შეთანხმება კიდევ ოთხი თვით გაგრძელდა და ამჟამად მისი მოქმედების ვადა 24 ნოემბრამდეა. ამან მხარეებს დრო უნდა მისცეს საბოლოო შეთანხმების პირობებზე მოსალაპარაკებლად, რომელმაც ამ საკითხის გარშემო ათწლიანი დაძაბულობა უნდა დაასრულოს.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის პრესმდივანმა, მაია კოსიანჩიჩმა 25 აგვისტოს ბრიუსელში შემდეგი განცხადება გააკეთა დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით: „შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ [ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი კეთრინ] ეშტონი ორშაბათს, 1 სექტემბერს, ბრიუსელში შეხვდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს და საერთაშორისო თანამეგობრობის სახელით ირანის ბირთვულ პროგრამაზე გამართავს მოლაპარაკებას. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ“.

ირანთან მოლაპარაკებაში მონაწილე ექვსი წამყვანი ქვეყანაა: აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი.

მთავარი საკითხი, რომელზეც მხარეები ვერ თანხმდებიან, უკავშირდება ურანის გამდიდრების იმ დონეს, რომლის უფლებაც ირანს უნდა მიეცეს.

ბუშერის ატომური ელექტროსადგური

ბუშერის ატომური ელექტროსადგური

აშშ-ს სურს თეირანმა პროგრამა 75 პროცენტით შეამციროს.

ირანს კი 2021 წლამდე ურანის გამდიდრების გაათმაგება სურს - თეირანი აცხადებს, რომ გამდიდრებული ურანი მომავალში მისი ბუშერის ატომური ელექტროსადგურის საწვავით მომარაგებისთვის იქნება საჭირო.

ისრაელი ირანის დაუძინებელი მტერია და ეწინააღმდეგება ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც თეირანს ურანის გამდიდრების პროგრამის თუნდაც ნაწილობრივ შენარჩუნების საშუალებას მისცემდა.

ირანი გამუდმებით უარყოფს ბრალდებას, რომ ის ბირთვულ იარაღზე მუშაობს.

XS
SM
MD
LG