Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი წელი ტექდათვალიერების გარეშე


საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, ყველა სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება აუცილებელი გახდება 2015 წლის 1 მარტიდან, ნაცვლად მოქმედი კანონით გათვალისწინებული 2014 წლის 1 იანვრისა. ცვლილება შეეხება დაახლოებით 800 ათას მსუბუქ ავტომანქანას, რომელთა მფლობელებს არ მოეთხოვებათ ყოველწლიურად ტექდათვალირების გავლა.
ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად ვპასუხობდეთ ევროკავშირის მოთხოვნილებებს ამ მიმართულებით, რაც ასოცირების ხელშეკრულებაშიც გვიდევს ტექდათვალირებებთან დაკავშირებით...
ნათია მიქელაძე

დავით არსენიძე გამოცდილი მძღოლია, თუმცა ავტომობილთა სიმრავლის გამო თბილისში გადაადგილება მასაც უჭირს. ასევე პრობლემებს უქმნის სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობა, რომელიც ერთიორად ამცირებს ნაკადის სიჩქარეს:

„მანქანები მატულობს და მატულობს თბილისში... ბევრი გაუმართავი მანქანა დადის, ამიტომ საჭიროა ტექდათვალიერების შემოღება... ზოგ მანქანას „სტოპი“ არ უნათებს, „პავაროტნიკი“ არ უნათებს და ამის გამო ჭირს გადაადგილება“.

დავით არსენიძეს ტექდათვალიერება შემთხვევით არ უხსენებია. 24 დეკემბერს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ტექდათვალიერების გავლის აუცილებლობამ 2015 წლის 1 მარტამდე გადაიწია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნათია მიქელაძის თქმით, სათანადო ინფრასქტრუქტურის შექმნისა და მომზადებისათვის მუშაობს საგანგებოდ შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია, რომლის რეკომენდაციებმა უნდა უზრუნველყოს ყველა სატრანსპორტო საშუალების დაუყოვნებლივი ტესტირება შესაბამის ცენტრებში, რომელთა რაოდენობა ამჟამად 25-ს არ აღემატება:

„ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად ვპასუხობდეთ ევროკავშირის მოთხოვნილებებს ამ მიმართულებით, რაც ასოცირების ხელშეკრულებაშიც გვიდევს ტექდათვალირებებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ მეტი გადავადება აღარ მოგვიწევს და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, 2015 წლის 1 მარტიდან თუ ვინ და რა ფორმით განახორციელებს ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე - მათ შორის, მსუბუქზე - პერიოდული ტესტირების ჩატარებას“.
მეუბნებიან, კონკურენცია იქნებაო. კონკურენციას ვერავინ გაგვიწევს, მაგრამ თუ უცხოური კომპანია შემოვა და აქ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ შპს-თან გაერთიანდება, მაშინ უეჭველად განვიდევნებით...
დავით რეხვიაშვილი

ნათია მიქელაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ბაზრით სხვა ქვეყნების ოპერატორებიც დაინტერესდებიან და ტექდათვალიერების მომსახურების ცენტრებში უცხოური ინვესტიციებიც ჩაიდება, რაშიც საგანგაშოს ვერაფერს ხედავს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს ინსპექტირების ტექნიკურ მრჩეველთა კომიტეტის თავმჯდომარე უჩა კასაბური:

„ვერავის ვერ შევუზღუდავთ შემოსვლას ბაზარზე, რომელიც, ჩვენი კანონმდებლობით, თავისუფალია. პირიქით, მივესალმებით ინვესტიციის შემოსვლას. მთავარია, აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის კრიტერიუმებს“.

თუმცა ამ ინიციატივას შიშით უყურებენ ადგილობრივი მეწარმეები. დავით რეხვიაშვილი წლებია სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ტესტირების სფეროში საქმიანობს:

„ისე ჩანს, რომ ვინც ფეხზე ვდგავართ ან წამოდგომას ვაპირებთ, იმათი მოცელვაც უნდათ! ამის საშიშროებას ვხედავთ. მეუბნებიან, კონკურენცია იქნებაო. კონკურენციას ვერავინ გაგვიწევს, მაგრამ თუ უცხოური კომპანია შემოვა და აქ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ შპს-თან გაერთიანდება, მაშინ უეჭველად განვიდევნებით“.

მსუბუქი ავტომობილებისთვის სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებას კორუფციის წყაროდ მიიჩნევს ზოგიერთი პოლიტიკოსი. ათი წლის წინ მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტექდათვალიერება სწორედ კორუფციასთან ბრძოლის კონტექსტში გააუქმა:

„2007 წლამდე ჩვენ აღარ მოვითხოვთ ტექდათვალიერებას, არც სავალდებულო დაზღვევას. როცა დავრწმუნდებით, რომ კორუფცია ნამდვილად აღარ არის და ხალხსაც მეტი საშუალება ექნება, რომ გადაიხადოს, მაშინ ხელახლა აღვადგენთ“.
საუბარია პერიოდულ ინსპექტირებაზე, რომელიც მოძრაობის უსაფრთხოების შესაბამისად მოახდენს მინიმალიზაციას იმ რისკფაქტორებისას, რომელიც შეიძლება საგზაო მოძრაობის პროცესში გამოვლინდეს...
უჩა კასაბური

თუმცა ტექდათვალიერება არც 2007 წელს აღუდგენიათ და არც მომდევნო წლებში. არადა, როგორც აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს ინსპექტირების ტექნიკურ მრჩეველთა კომიტეტის თავმჯდომარე უჩა კასაბური ამბობს, ტექნიკური ტესტირების გავლა, პირველ რიგში, თავად მძღოლების ინტერესებში უნდა იყოს.

„საუბარია პერიოდულ ინსპექტირებაზე, რომელიც მოძრაობის უსაფრთხოების შესაბამისად მოახდენს მინიმალიზაციას იმ რისკფაქტორებისას, რომელიც შეიძლება საგზაო მოძრაობის პროცესში გამოვლინდეს - შეიძლება ეს იყოს სამუხრუჭე სისტემა, მაშუქი ფარები, საჭის მექანიზმი და ასე შემდეგ“, - უთხრა უჩა კასაბურმა რადიო თავისუფლებას.

პერიოდულად ტექნიკური დათვალიერების გავლის წინააღმდეგი არც მძღოლები არიან, თუმცა, როგორც გამოცდილი მძღოლი დავით არსენიძე ამბობს, მთავრობამ არ უნდა დაუშვას შევარდნაძისდროინდელი სისტემის აღდგენა: „ადრე ფულის კეთების საშუალება იყო, ახლა რა იქნება, არ ვიცი. ვნახოთ!“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG