Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტექნოლოგიური პარკის პერსპექტივა საქართველოში


ეკონომიკის მინისტრი მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის პროექტის პრეზენტაციაზე
ეკონომიკის მინისტრი მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის პროექტის პრეზენტაციაზე

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2014-2015 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. მიუხედავად გაუმჯობესებული რეიტინგისა, საქართველოს პოზიცია, ინოვაციების თვალსაზრისით, კვლავ არასახარბიელოა. მსოფლიოს 144 ქვეყნიდან ინოვაციების მიმართულებით საქართველო 121-ე ადგილზეა, 98-ე ადგილზეა განათლების სისტემის ხარისხით, ხოლო 105-ე ადგილზე მათემატიკისა და ზუსტი მეცნიერებების სწავლების ხარისხით. ქვეყანა 122-ე ადგილზეა მეცნიერებისა და ინჟინრების ხელმისაწვდომობის მხრივ.

ამ სტატისტიკის ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოში აშენდება მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი (ტექნოლოგიური პარკი), რომელიც შექმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას. პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს.

ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. იგი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების შექმნაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში. ტექნოლოგიური პარკის მშენებლობა ოქროყანაში 18 000 კვ. მ. ტერიტორიაზეა დაგეგმილი.
მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრში განთავსდება როგორც მცირე ინკუბატორები, სასწავლო ცენტრები და ლაბორატორიები, ასევე დიდი ოფისების კომპანიები, ერთობლივი სამუშაო ადგილები და რეკრეაციული სივრცე.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის შექმნის მთავარი მიზანი არის ცოდნაზე დაფუძნებულ მცირე და საშუალო საწარმოთა რაოდენობის გაზრდა და მათი განვითარება. ტექნოლოგიური პარკი ასევე იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობები და მოზიდულ იქნეს უცხოური ინვესტიციები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, სავარაუდოდ, ცენტრში თავს მოიყრიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთში გაცვლიან ინოვაციურ იდეებს და მოახდენენ მათ კომერციალიზაციას.

განათლების სისტემის ხარისხის, ქვეყანაში მეცნიერებისა და ინჟინრების რაოდენობის გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, ძნელია იმის ვარაუდი, რომ აღნიშნული ტექნოლოგიური პარკი იქცეს კავკასიის „სილიკონ ველად“ და ქვეყანაში ისეთი მასშტაბური ტექნოლოგიური ძვრები გამოიწვიოს, როგორც ეს 1950-იან წლებში აშშ-ში შექმნილმა ტექნოლოგიურმა პარკმა მოახერხა. ინოვაციების მხრივ რეიტინგის გაუმჯობესება, პირველ რიგში, განათლების სისტემის რეფორმით უნდა დაიწყოს, რაც თავისთავად, გრძელვადიან პერსპექტივაში, ასახვას პოვებს ინოვაციების მაჩვენებელზე ქვეყანაში.

XS
SM
MD
LG