Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

telekritika.ge - უყურე და გააკრიტიკე


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე აამოქმედა ვებსაიტი telekritika.ge, რომელიც სამუშაო დღეებში საზოგადოებას სთავაზობს ათი ტელეკომპანიის საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მოკლე შინაარსს. თითოეული სიუჟეტის მოკლე შინაარსს თან სდევს ლინკი, სადაც შესაძლებელია ვიდეოჩანაწერის ნახვა. ამასთან, საიტის რედაქცია არ აკეთებს ახალი ამბების ანალიზს. სიუჟეტების მოკლე შინაარსებს ერთვის მხოლოდ რამდენიმე თეგი, რომლებიც სიუჟეტის შესაძლო ნაკლოვანებებზე მიანიშნებენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები და მთავარი კრიტიკოსი საიტის მომხმარებელია, რომელიც, ტელევიზიებში გასული სიუჟეტების შედარების საფუძველზე, ტოვებს კრიტიკულ შენიშვნას. როგორ მუშაობს საიტი telekritika.ge და რატომ არის მისი არსებობა მნიშვნელოვანი?

Telekritika.ge – ამ მისამართის აკრეფის შემდეგ, ყოველი სამუშაო დღის დილის ათი საათიდან მომხმარებლის განკარგულებაშია წინა დღით თითქმის ყველა ქართული არხის ეთერში გასული ახალი ამბები, თავისი მოკლე შინაარსით. მომხმარებელს შეუძლია, შედარების საფუძველზე, ესა თუ ის სიუჟეტი მოიწონოს ან დაიწუნოს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაწეროს კომენტარი. ნათია ჩეხერია, კავკასიის მედიასკოლის სტუდენტი, ამბობს, რომ აუცილებლად მოიხმარს აღნიშნულ საიტს.

„ძალიან საინტერესოა დავინახო განსხვავებები არხებს შორის და დავინახო ის, თუ როგორ მაწვდიან ინფორმაციას. მედია ზეგავლენას ახდენს ჩემზე, შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რა ინფორმაციას მაწვდიან ტელევიზიები“, უთხრა ნათია ჩეხერიამ რადიო თავისუფლებას.

და მართლაც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, საიტი telekritika.ge, შედარებითი ანალიზის გარდა, ასევე საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მომხმარებელს გაარკვიოს, რამდენად რელევანტური და ინფორმაციულია ამა თუ იმ არხის მიერ გადაცემული ახალი ამბები:
ადამიანებს ეძლევათ საშუალება შეადარონ რამდენად განსხვავებულად აშუქებენ ტელევიზიები ერთსა და იმავე თემას. შესაძლოა ამ პროცესში საიტის მომხმარებელმა თავად წამოსწიოს რაიმე სხვა საკითხი, დასვას შეკითხვა, თუ რატომ არ აშუქებს არც ერთი ტელევიზია ამა თუ იმ საკითხს ...
მატიას ჰუტერი

„წლების განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ მედიის დიდი ნაწილი არის მიკერძოებული. ამიტომ გადავწყვიტეთ მომხდარიყო სარედაქციო პოლიტიკის რაღაცნაირი ვიზუალიზაცია და ამის ყველაზე საუკეთესო საშუალებად მივიჩნიეთ „ნიუსების“ მოკლე შინაარსების დადება საიტზე და ამის შემდეგ შედარებითი ანალიზის გაკეთება, ანუ იმის გარკვევა, თუ რომელი მედიასაშუალება საით იხრება“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ საიტის მომხმარებლის აქტიურობა შესაძლებელს გახდის ეფექტიან ორმხრივ კომუნიკაციას ტელევიზიებსა და საზოგადოებას შორის. ორგანიზაციის წარმომადგენლის მატიას ჰუტერის თქმით, სამართლიანი კრიტიკა და საზოგადოებრივი წნეხი აიძულებს ტელევიზიებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს:

”ადამიანებს ეძლევათ საშუალება შეადარონ რამდენად განსხვავებულად აშუქებენ ტელევიზიები ერთსა და იმავე თემას. შესაძლოა ამ პროცესში საიტის მომხმარებელმა თავად წამოსწიოს რაიმე სხვა საკითხი, დასვას შეკითხვა, თუ რატომ არ აშუქებს არც ერთი ტელევიზია ამა თუ იმ საკითხს, რომელიც მას ასევე აქტუალურად მიაჩნია. ადამიანები დაინახავენ და დაიწყებენ იმაზე ფიქრს, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვთ ტელევიზიებს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. როცა დავიწყებთ საუბარს ახალი ამბების გაშუქების სტილზე, წინ წამოიწევს დისკუსია პროფესიონალიზმზე, ეთიკაზე, სამართლიანობასა და პოლიტიკურ მიუკერძოებლობაზე. ამ პროექტის წამოწყება ჩვენ გადავწყვიტეთ იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ტელევიზიას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა მთავარი გამოწვევა აღმოჩნდა ის, რომ მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ მივაკვლიეთ მსგავს ვებსაიტს. აღმოვაჩინეთ, რომ ვქმნით ისეთ რამეს, რაც მანამდე არ გაკეთებულა“.

საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს - IREX-ის - მედიაპროგრამების ხელმძღვანელი მეთ შელი კი მიიჩნევს, რომ საიტის დახმარებით საზოგადოება უკეთ გაერკვევა მედიის მუშაობის სპეციფიკაში და უკეთ დაიცავს თავს როგორც ტენდენციური, ასევე არაპროფესიულად მომზადებული ინფორმაციისგან:

„მედიაგანათლებულობის ამაღლება წარმოადგენს პროექტის ერთ-ერთ მიზანს, რითაც ვცდილობთ გავაუმჯობესოთ საზოგადოების აღქმა, გაგება დამოუკიდებელი პროფესიონალური მედიის ღირებულებებზე. და ეს ნამდვილი გამოწვევაა იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, რადგან ვცდილობთ ადამიანებს შევუქმნათ წარმოდგენა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და მისი საქმიანობა“.
ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ახალი ამბების გამოშვებაში პრიორიტეტების განაწილება, ანუ სიუჟეტების თანმიმდევრობა, რაც შედარებითი ანალიზისას მკაფიოდ გამოკვეთს ტელევიზიების დამოკიდებულებას მაღალპროფესიული სტანდარტებისადმი...
ნინო ორჯონიკიძე

მეთ შელის თქმით, საიტი telekritilka.ge ასევე დიდ დახმარებას გაუწევს პროფესიონალ ჟურნალისტებსა და პედაგოგებს. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პედაგოგის ნინო ორჯონიკიძის თქმით, საიტზე წარმოდგენილი ინფორმაციის საშუალებით იოლია აუხსნა სტუდენტებს, თუ რომელი ტელევიზია როგორ ახალ ამბებს აკეთებს.

„ძალიან ხშირად სატელევიზიო კრიტიკა მოითხოვს სიუჟეტების ხანგრძლივობის დაანგარიშებას, რესპონდენტების რაოდენობის დათვლას, იმის გარკვევას, წარმოდგენილია თუ არა ყველა მხარე და ა.შ. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ახალი ამბების გამოშვებაში პრიორიტეტების განაწილება, ანუ სიუჟეტების თანმიმდევრობა, რაც შედარებითი ანალიზისას მკაფიოდ გამოკვეთს ტელევიზიების დამოკიდებულებას მაღალპროფესიული სტანდარტებისადმი. მე მგონი, ცოტა უხერხულიც იქნება ამგვარი თვალნათლივი შედარებითი ანალიზისას იმის დანახვა, რომ ძალიან საინტერესო თემა, რომელიც, დავუშვათ, სხვა სამმა ტელეარხმა გააშუქა და რომელსაც ძალიან საინტერესო გამოხმაურება ჰქონდა, შენმა არხმა არ გააშუქა საერთოდ. ეს, ცხადია, რედაქტორებს გარკვეული ტიპის უხურხულობას შეუქმნის“, უთხრა ნინო ორჯონიკიძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა, ცხადია, ამისათვის საჭირო იქნება ბევრი ადამიანის აქტიურობა და საიტზე ბევრი კრიტიკული კომენტარის დატოვება, რაც, სხვათა შორის, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიამონიტორინგის კოორდინატორი სანდრო ქევხიშვილი ამბობს, წახალისებულია კიდეც:

„საიტზე აქტიურობისას, ანუ კომენტარების დატოვებისას, თუ მათ მოიწონებს სხვა მომხმარებელი, თქვენ მოგემატებათ ქულები, რის მიხედვითაც მოგენიჭებათ წოდება. სულ არის 15 საფეხური დამწყებიდან პროფესიონალ ტელეკრიტიკოსამდე. ამასთან, ეს წოდებები ჩნდება თქვენს FACEBOOK-ის გვერდზე და ამით თქვენ ამცნობთ ინტერნეტსამყაროს, რომ ბევრი გიმუშავიათ იმისათვის, რომ კვალიფიციურად გააკრიტიკოთ ახალი ამბები“.

ტელეკრიტიკოსობას აპირებს ნათია ჩეხერია, კავკასიის მედიასკოლის სტუდენტი, თუმცა მომავალი ჟურნალისტი იმასაც შენიშნავს, რომ ამ საქმიანობაში მას მხოლოდ სახელის მოხვეჭის შესაძლებლობა არ ხიბლავს.

„აუცილებლად გავხდები ტელეკრიტიკოსი, რადგანაც მიმაჩნია, რომ მოქალაქემ უნდა დაიცვას თავისი უფლებები და გააკონტროლოს როგორც ჟურნალისტი, ასევე ხელისუფლება. უნდა ვიყოთ აქტიურები, რათა მივიღოთ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია“, უთხრა ნათია ჩეხერიამ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG