Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოეზია იღება და... პოეზია იხურება


სულ რამდენიმე დღეში პოეტ თემურ ჩხეტიანს სამოცი წელი უსრულდება. ვულოცავთ მას იუბილეს, ვუსურვებთ შემოქმედებით წარმატებებს და დღეს მის ბოლო კრებულზე ვისაუბრებთ, რომელიც შარშან გამომცემლობა „ინტელექტმა“ დასტამბა. „შებრუნებული ძილის სიზმარში“, ისევე როგორც მის ადრეულ კრებულებში, ხშირია ის ავტობიოგრაფიულობა, რაც წარმოშობს ლექსის ნარატივს, ქმნის განწყობებს და მერე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ განწყობებით „მანიპულირებს“, რათა შექმნილ დინამიკაში პოეტური სათქმელი, ფრაზა, მეტაფორა დაბადოს. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არაა გარეგნული ეფექტებით, მჩქეფარე ყოველდღიურობით დატვირთული ავტობიოგრაფიულობა, ესაა ყოფა, რომელშიც სიახლეები და მნიშვნელოვანი ცვლილებები მხოლოდ იშვიათად აღწევს, ან ფაქტობრივად ვერც კი აღწევს, მაგრამ სწორედ ამიტომ, ყოველი ახალი ნიუანსი, რომელიც ცხოვრების გარეგნულად ერთფეროვან დინებაში შემოდის, განსაკუთრებულ ელფერს და სიმძაფრეს იძენს და პოეტურ მასალად გარდაიქმნება, „გადამუშავდება“. თუ როგორ მიმდინარეობს თემურ ჩხეტიანთან ეს პროცესი, ამაზე თავის აზრს პოეტი და კრიტიკოსი ნუგზარ ზაზანაშვილი გაგვიზიარებს.

ნუგზარ ზაზანაშვილი
ნუგზარ ზაზანაშვილი

ნუგზარ ზაზანაშვილი: როდესაც ვფიქრობ თემურ ჩხეტიანის პოეზიაზე, რამდენიმე რამ წარმომესახება მკაფიოდ. უმთავრესი, ჩემი შეხედულებით, ჩემი წაკითხვით, ეს არის ჰერმეტულობის და ღიაობის, გახსნილობის უჩვეულო შერწყმა ერთმანეთთან. და ეს არის ბუნებრივი, ეს არის მისი შინაგანი პოეტური სამყაროს გამოსახულება უკვე სტრიქონებსა და ლექსებსა და კრებულებში. ეს კრებული ოთხი კარისაგან არის შემდგარი, და პირველში, „ყვითელი ჩაიდანი ღუმელზე“ ჰქვია ამ პირველ თავს, აი, ზუსტად ეს ატმოსფეროა - ერთი მხრივ თითქოსდა ჩაკეტილი, შეზღუდული, თავის თავში ინტროვერტული, ჩაბრუნებული, და მეორე მხრივ სრულიად გახსნილი ყველაფრისადმი, სიცოცხლისადმი, სამყაროსადმი. ჰერმეტულობიდან ჩემი აზრით მოდის, ერთი მხრივ აღსარებითი სტილი, აღსარებითი მომენტები. ეს არ არის ტიპიური აღსარებითობა, რომელიც არსებობს პოეზიაში. მეორე მხრივ კი ეს სრულიად გახსნილი და გულწრფელი ფრაზები, რომლებიც სრულიად დაუფარავი და დაუშიფრავი, პირდაპირი გადმოცემაა ემოციისა. პრაქტიკულად კონტრასტულად განსხვავებული დისკურსების შერწყმა ქმნის გამორჩეულ და უჩვეულო სტილს. „თვალებზე ცრემლები მადგა / და სახეზე მეწერა: / გაოცება, სიხარული, მადლიერება / და თვითონ მეც, / ალბათ, სინათლეს ვასხივებდი / ოთხივე მხარეს.“ ამ ინტროვერტული სიღრმეებიდან ამომავალი შუქით არის განათებული მთელი მისი პოეზია.

შევეცდები ნუგზარ ზაზანაშვილის ნათქვამი კონკრეტული ნიმუშით დავიმოწმო. თემურ ჩხეტიანს აქვს ლექსი „ყანა, ვენახი, ძროხა...“ ამ ლექსში ნაჩვენებია „ერთი უბადრუკი არსება“,

„რომელიც ჭამს პურსა და ყველს;

რომელიც სვამს არაყს და ყავას;

რომელიც ეწევა თუთუნს;

რომელიც დგას საკუთარი სახლის აივანზე,

შეჰყურებს იანვრის მზეს და ფიქრობს:

„ესაა ცხოვრება?..“

მაგრამ ის მაინც ახერხებს, არ ჩაიკეტოს ამ გარემოში: ის წარმოიდგენს ყავისა და თამბაქოს პლანტაციებს სადღაც, ამაზონის თუ ვირჯინიის მიდამოებში, წარმოიდგენს ადამიანებს, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში შრომობდნენ, რათა მისი ეს დილის საუზმე შემდგარიყო, და აი, ჰორიზონტი მართლა გაიხსნა - ეს საუზმე მას მთელ სამყაროსთან აკავშირებს, აგრძნობინებს, რომ ასეთი უხილავი კონტაქტები მუდამ არსებობს და ძალიან ძლიერია, მთავარია დაინახო, რომ სადღაც ყანა ბიბინებს, სადღაც რთველია, სადღაც ძროხას წველიან, და ეს ყველაფერი მისთვის კეთდება, მასთანაა, მასშია...

ნუგზარ ზაზანაშვილი: კიდევ ერთი მხარე არის მნიშვნელოვანის და უმნიშვნელოს შერწყმა. არსებითად ეს პარალელური ხაზებია ყველაფერი ერთმანეთისა. ჩვენ ვიცით რომ შესანიშნავი სასჭადრაკო ეტიუდისტია თემურ ჩხეტიანი და ყველაზე მეტად მის მინიმალისტურ პოეზიაშია გამოსახული მისი ეს მხარე, ანუ, მათემატიკური სიზუსტე. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ პოეზიაში მათემატიკურ სიზუსტეზე, დახვეწილობაზე, ეს წარმოსახვითი პროცესია, ეს არ არის, როდესაც ვიღაც რაღაცას ანგარიშობს. ამ ინტუიციური, წარმოსახვითი პროცესის მუშაობის შედეგია ეს დახვეწილობა და ერთგვარი ლაპიდარობა... საჭადრაკო ეტიუდიც იგივეა, ოღონდ ჭადრაკის ენაზე გადმოცემული.

„და მერე რა, / თუ მართლა გვიანია? / მერე რა, / თუ ესეც ამაოა? / დაე, ყველაფერი / სევდიანი ღიმილით დასრულდეს!..“ ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვნად გამოხატავს თემურ ჩხეტიანის ცხოვრების, პოეზიის კრედოს: და მერე რა, რომ ყველაფერი ამაოა, მაინც ცხოვრება გრძელდება, მაინც ვცხოვრობ, მაინც შუქია გარშემო, ხანდახან შენ თვითონაც ანათებ და ასხივებ ამ შუქს...
ნუგზარ ზაზანაშვილი

ამ კრებულში თემურ ჩხეტიანს ერთი შესანიშნავი ლექსი აქვს ჭადრაკის თემაზე: „პაიკი a2-დან“. აქ ლუზერი პაიკი თავის ისტორიას ჰყვება - თუ როგორ იბრძვის, როგორ მიიწევს წინ, როგორ ოცნებობს ლაზიერი გახდეს, მისი დახმარებით როგორ იმარჯვებს მისი გუნდი, თუმცა მას ოცნება მაინც აუსრულებელი რჩება... ეს ლექსი თითქოს სულ სხვანაირია, მაგრამ წიგნის მთლიანობას არ არღვევს, რადგან რაღაცნაირად მაინც შეიძლება ეს ტექსტიც ავტობიოგრაფიული პოეზიის ნაწილად დავინახოთ. თემურ ჩხეტიანი ახერხებს კარგი ლექსის შეთხზვას მაშინაც კი, როცა ის ამას ვერ ახერხებს. პარადოქსული დეფინიციაა, მაგრამ ნამდვილად ასეა. ლექსში „ყვითელი ჩაიდანი ღუმელზე“ ის ყვება, თუ როგორ უკავშირდება მეგობარი პოეტი-რედაქტორი და თავისი ჟურნალისთვის ლექსს თხოვს (სხვათაშორის, ეს მე ვარ). იგი ვერ წერს იმ მომენტში ლექსებს, არ იცის, რა ქნას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ახერხებს, რაღაც ლექსი გაუგზავნოს მას. პოეტი-რედაქტორიდან პასუხი მოდის, „შენგან უფრო მეტი მინდა, / უფრო კარგი ლექსი მინდაო“. და აი, მთელი ეს ისტორია, ერთი-ერთზე მოთხრობილი, აჩენს ახალ, უკეთესს ლექსს მხოლოდ იმით, რომ ამ მონათხრობს ბოლოსკენ ემატება ყავა, ღუმელი, მასზე მოშიშინე ჩაიდანი და ავტორის ფიქრები. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ავტორისა და რედაქტორის ჩვეულ მიმოწერაში უეცრად გაჩენილი ყვითელი ჩაიდანი თავისას შვრება, ჯადოქრულ ძალას იძენს და მიმოწერას პოეზიად გარდაქმნის.

ნუგზარ ზაზანაშვილი: ამ ჰერმეტული, ჩაკეტილი სამყაროსთვის დამახასიათებელია დეტალურობა და დეტალებისათვის ყურადღების მიქცევა და ზუსტად აი, ამ მხარით ის თავის სამყაროში ტრიალებს, ხედავს იმ ყვითელ ჩაიდანს, ხედავს ამ წვრილმან რაღაცეებს, უჩვეულოდ ხელშესახებს ხდის მას, ფაქტობრივად აცოცხლებს. ეს ჰერმეტიზმი განყენებული რამ კი არ არის, ისიც ცოცხალია... დაბოლოს ერთსაც ვიტყვი: „ბროწეულის ყვავილი შემოდგომისას“ მთავრდება აი, ასეთი სტრიქონებით: „და მერე რა, / თუ მართლა გვიანია? / მერე რა, / თუ ესეც ამაოა? / დაე, ყველაფერი / სევდიანი ღიმილით დასრულდეს!..“ ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვნად გამოხატავს თემურ ჩხეტიანის ცხოვრების, პოეზიის კრედოს: და მერე რა, რომ ყველაფერი ამაოა, მაინც ცხოვრება გრძელდება, მაინც ვცხოვრობ, მაინც შუქია გარშემო, ხანდახან შენ თვითონაც ანათებ და ასხივებ ამ შუქს...

გაეგრძელებინოს თემურ ჩხეტიანს თავისი პოეტური შუქის გამოსხივება, ასეთი შუქი ქართულ პოეზიას ძალიან სჭირდება...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG