Accessibility links

პროკურატურას აინტერესებს, როგორ მუშაობდა სასწრაფო დახმარება 26 მაისს


თემურ გიორგაძე

თემურ გიორგაძე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე მოწმის სახით დაკითხა მთავარმა პროკურატურამ. 4-საათიანი დაკითხვის შემდეგ თემურ გიორგაძემ განაცხადა, რომ გამოძიებას 2011 წლის 26 მაისის მოვლენები აინტერესებდა, კერძოდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობის კუთხით, და ვინაიდან იმ დროს სასწრაფო დახმარების სამსახურიც მის დაქვემდებარებაში შედიოდა, დაკითხვის აუცილებლობაც ამან განაპირობა. თემურ გიორგაძე გამოძიებასთან თანამშრომლობას მომავალშიც აპირებს.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში მთავარი პროკურატურის გამომძიებელი დავით ბაინდურაშვილი ამბობს, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გამოძიება იმავე წლის ივნისში დაიწყო და ის თავად იყო ამით დაკავებული. მაშინ საქმის გამოძიება დასრულებულად გამოცხადდა, მაგრამ, მიმდინარე წლის ნოემბერში გამოჩენილი ახალი გარემოებების გამო, გამოძიება განახლდა. პროკურატურაში საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციის შემცველი განცხადებები შევიდა, რაც, მთლიანობაში, ერთი გამოძიების ფარგლებში ერთიანდება, ამბობს გამომძიებელი დავით ბაინდურაშვილი:

”ეს ფაქტები, რაც ჩვენთვის ახლახან, ნოემბრის შემდეგ, გახდა ცნობილი, იმ დროისთვის არ ყოფილა გამორკვეული სრულად. თვითონ ამ ფაქტების გადამოწმება და გამორკვევა და თვითონ ამ ფაქტის გამოძიება აქტიურად განახლდა ნოემბრის თვიდან”.

- რა ფაქტებს გულისხმობთ, რა არ იყო ცნობილი?

”ვგულისხმობ 26 მაისს მომხდარ ზოგიერთ ფაქტს, რაც, საქმიდან გამომდინარე, დავუშვათ, ისე კარგად არ იყო გამოკვლეული და სააშკარაოზე გამოტანილი, როგორც ამას ახლა ვარკვევთ და ვიძიებთ”.

სწორედ ”საქმის კარგად გამოკვლევის მიზნით” დაიბარეს მოწმის სახით დასაკითხად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე. გამომძიებელი არ აკონკრეტებს, თუ რა საკითხებზე დაიკითხა ის, ამბობს მხოლოდ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოსაძიებელი ჯაჭვის ერთი რგოლი იყო.
მაშინ სასწრაფო დახმარება ჩვენთან რომ იყო, კონკრეტულად მე ვიყავი ხელმძღვანელი და რა ვითარებაში მუშაობდა, როგორ მუშაობდა და რა ფუნქციებს ასრულებდა იმ პერიოდში, ამის ირგვლივ იყო შეკითხვები დასმული და გაცემული იყო მაქსიმალურად პასუხები...


დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ თავად თემურ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიებას აინტერესებდა, როგორ მუშაობდა იმ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური:

”მაშინ სასწრაფო დახმარება ჩვენთან რომ იყო, კონკრეტულად მე ვიყავი ხელმძღვანელი და რა ვითარებაში მუშაობდა, როგორ მუშაობდა და რა ფუნქციებს ასრულებდა იმ პერიოდში, ამის ირგვლივ იყო შეკითხვები დასმული და გაცემული იყო მაქსიმალურად პასუხები. მე რაც ვიცოდი, მაქსიმალურად მქონდა იმის საშუალება, რომ მიმეცა გამოძიებისთვის ჩვენება და, რაც მთავარია, გამოძიებასთან თანამშრომლობას შემდგომშიც ვაპირებ, თუ ამის საჭიროება დადგება”.

თემურ გიორგაძის სიტყვებით, გამოძიებას აინტერესებდა ასევე ინფორმაცია 26 მაისს დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ. როგორც ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსის დაკითხვა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მართლაც საინტერესოა. ამასთან, თამთა მიქელაძე, საქმის გარემოებების დადგენის, კერძოდ, დაშავებულთა რაოდენობისა და დაზიანებების ხარისხის გასარკვევად მნიშვნელოვნად მიიჩნევს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების ექიმთა დაკითხვასაც:

”საინტერესოა საქმის გარემოებების დადგენის თვალსაზრისით, იმიტომ რომ მათ მოუწიათ და მოუწევდათ ყველა იმ ადამიანთან შეხვედრა და შეხება, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს 26 მაისის აქციის დაშლის დროს. შესაბამისად, მათგან მიღებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს გამოძიებისთვის”.

მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მობილიზება ადგილზე 2011 წლის 26 მაისის ღამით დროულად მოხდა და ისინი დაზარალებულებს საჭირო დახმარებასაც უწევდნენ, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ იყო კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით დასაბუთებული შეკითხვებიც. ერთი ასეთი შეკითხვა ეხებოდა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ნოდარ ცხადაძეს, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, ნიკოლოზ ზაუტაშვილის მიერ მართული ავტომანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.
თამთა მიქელაძე

თამთა მიქელაძე


”მისი გვამი აღმოჩენილი იქნა თავისუფლების მეტროს პირდაპირ, გზის მეორე მხარეს. ჩვენ მიერ საქმის მასალების შესწავლამ და იმ მოწმეთა ჩვენებებმა, რომლებიც ჩვენ ამ კუთხით დავკითხეთ, - ესენი იყვნენ უცხოელი ჟურნალისტებიც, - აჩვენა, რომ დაახლოებით ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მასთან სასწრაფო დახმარება არ მისულა, რაც, ბუნებრივია, აჩენს შეკითხვასაც, დროული ჩარევა რომ მომხდარიყო ექიმების მხრიდან, გადარჩებოდა თუ არა ეს ადამიანი”.

თამთა მიქელაძეს აქ ექიმების პასუხისმგებლობაზე საუბარი უადგილოდ ეჩვენება და, ვინაიდან იმ დროს გზები გადაკეტილი იყო, უფრო მართებულად მიიჩნევს დადგეს პოლიციისა და სპეცრაზმის პასუხისმგებლობის საკითხი.
თემურ გიორგაძის დაკითხვის აუცილებლობაზე მედიასთან საუბარში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, პროკურატურა, როგორც საგამოძიებო ორგანო, ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, დაკითხოს ნებისმიერი პირიო:

”ბოლო პერიოდში პროკურატურაში უამრავი განცხადება-საჩივრები შედის ყველა სტრუქტურაში ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიმართ რაღაც კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტებზე. ამაზე რომ პროკურატურამ თვალი დახუჭოს და რეაგირება არ მოახდინოს, თავად ჩაიდენს დანაშაულს. უმოქმედობა არის დასჯადი ქმედება. ამიტომ დაკითხვის აუცილებლობა როცა არის, უნდა დაიკითხოს პირი”.
ეს სამსახური თითქმის არაფრისგან, ნულისგან შეიქმნა და დღეს თუ არსებობს ძალიან გამართული სამსახური, ეს არის სწორედ ის სამსახური, რომელსაც სწორედ თემურ გიორგაძე ხელმძღვანელობს - ეს არის მაშველები, ეს არის სახანძრო დახმარება, ეს არის მთელი კომპლექსი...


საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს თემურ გიორგაძის პროკურატურაში დაბარება არ გაჰკვირვებიათ, ვინაიდან, როგორც გივი თარგამაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, დასაკითხთა სპექტრი იმდენად მრავალფეროვანი გახდა, რომ გასაკვირი არაფერია. ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა, ჯერ კიდევ იმ დროს, როცა გიორგაძე დაკითხვაზე იმყოფებოდა, განაცხადა, თემურ გიორგაძის სამსახური იმდენად ეფექტიანად მუშაობს, რომ პროკურატურას, სავარაუდოდ, კითხვები არ უნდა ჰქონოდა მის საქმიანობასთან დაკავშირებითო:

”მე თემურს ისე ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ რაც გამიგია, რაც მომისმენია, რაც მინახავს, ეს სამსახური თითქმის არაფრისგან, ნულისგან შეიქმნა და დღეს თუ არსებობს ძალიან გამართული სამსახური, ეს არის სწორედ ის სამსახური, რომელსაც სწორედ თემურ გიორგაძე ხელმძღვანელობს - ეს არის მაშველები, ეს არის სახანძრო დახმარება, ეს არის მთელი კომპლექსი”.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საქმეს წინა ხელისუფლებაც იძიებდა. მაშინ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო 12 პოლიციელი ადმინისტრაციული სასჯელით დაისაჯა, სამსახურიდან გათავისუფლდა 4 თანამშრომელი. ოფიციალური ინფორმაციით, დააკავეს აქციის 170 მონაწილე, გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის - ერთი პოლიციელი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG