Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვარდების რევოლუციის“ უხმაურო ათი წლისთავი საქართველოში


2003 წლის 23 ნოემბრის „ვარდების რევოლუციიდან“ 10 წელი გავიდა. ათი წლის თავზე, იმ დღისგან განსხვავებით, საქართველოს არჩევნებით შეცვლილი მთავრობა და პრეზიდენტი ჰყავს. წლების განმავლობაში „ვარდების რევოლუციის“ იუბილე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნებოდა ხოლმე, წელს ახალ ხელისუფლებას ამ მხრივ არაფერი დაუგეგმავს. რევოლუციის მეათე წლისთავს საზოგადოების ნაწილი ერთმანეთს სოციალური ქსელის საშუალებით ულოცავს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ დღეს საქართველო რაც მალე დაივიწყებს, მით უკეთესი. როგორ აფასებენ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ ათ წელიწადს საქართველოში, რა შეცვალა ამ წლებმა უკეთესობისაკენ და პირიქით?

სოციალურ ქსელ ფეისბუკში რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილის აზრს, რომ „’ვარდების რევოლუცია’ „მიშისტების“ დღესასწაულია და სხვა არავისი“, საზოგადოების ცხარე კამათი მოჰყვა. 2003 წლის ნოემბრის მოვლენებიდან გასულ ათ წელიწადში აზრები გაიყო. ზოგი ფიქრობს, რომ ამ მოვლენით დაიწყო გარდატეხა ქვეყნის ისტორიაში, ზოგი კი, პირიქით, მიიჩნევს, რომ „ვარდების რევოლუციამ“ ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანა. ვინ როგორ აფასებს გასულ წლებს დღეს, როცა საქართველოს აღარ ჰყავს „ვარდების რევოლუციით“ მოსული ხელისუფლება და რა დღედ დარჩება ისტორიაში 23 ნოემბერი?

გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის, ისტორიკოს ლაშა ბაქრაძისათვის ეს გარდამტეხი დღე იყო. მას კარგად ახსოვს ის განწყობა, რომელიც ცვლილებების მოლოდინით იყო განპირობებული. მისთვის ეს იყო ხალხის ერთად, ერთი იდეის დგომით გამოწვეული სასიამოვნო განცდა. იყო ბევრი იმედგაცრუებაც, გვეუბნება ლაშა ბაქრაძე, მაგრამ ამის გამო იმ დღეების და, კონკრეტულად, 2003 წლის 23 ნოემბრის უარყოფა გამართლებულად არ მიაჩნია:

„არ შეიძლება, რომ საქართველოს ისტორიას მხოლოდ და მხოლოდ იმით ვუყუროთ და ვაფასოთ, რომელი პოლიტიკური ძალა მოგვწონს და რომელი არა. მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც რევოლუციიდან ერთი წლის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო გამოფენა 23 ნოემბერთან დაკავშირებით - უამრავი ადამიანის ფოტო, იმ ადამიანებისა, ვინც იმ ერთ წელში ოპოზიციაში გადავიდნენ, ამოგდებული იყო ამ გამოფენიდან, თითქოს არც მონაწილეობდნენ იმ პროცესებში. მხოლოდ და მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ჩანდნენ, თითქოს ისინი იყვნენ მთავარი მოქმედი გმირები. ეს ისტორიის გაყალბება იყო მათი მხრიდან, მაგრამ ამის გამო 23 ნოემბრის უარყოფა სისულელე მგონია. არავინ ამ დღეზე არ უნდა თქვას უარი, რადგან, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში“.

ამ ათი წლის შემდეგ საქართველო, ისე, როგორც არასდროს, ახლოს დგას ევროკავშირთან, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და, დაგეგმილი რეფორმების განხორციელების შემთხვევაში, საქართველო დაუბრუნდება იმ ევროპულ ოჯახს, რომელსაც ის ეკუთვნის. - ასე ფიქრობს „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი ოთარ კახიძე და შენიშნავს, რომ ამ ათი წლის მთავარი მონაპოვარი სახელმწიფოს არსებობაა:

„ჩვენ დღეს გვაქვს ქმედითი და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტები; ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, სადაც, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებითაც, გვაქვს კორუფციის ძალიან დაბალი მაჩვენებელი; საზოგადოება, სადაც კრიმინალი არის საკმაოდ დაბალ ნიშნულზე; სახელმწიფო სერვისები, რომლებიც აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს; გამართული საბანკო სისტემა; გვყავს პოლიცია და ჯარი, რომელიც არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი“.

განსაკუთრებული სიხარული და აღფრთოვანება ამ დღესთან არ აკავშირებს საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის თანადირექტოს ნანა სუმბაძეს, რომელსაც ასეთი განწყობა არც ათი წლის წინ ჰქონია:

„მე პირადად არ მიმაჩნია, რომ ეს აღსანიშნავია, თუმცა არ უარვყოფ, ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, რომ ეს იყო ნამდვილად გარდამტეხი მოვლენა ქვეყნის ისტორიაში. თავიდანვე საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი მაშინდელი მოვლენების მიმართ და იმ პოლიტიკისაც, რაც მას შემდეგ განხორციელდა. რასაკვირველია, შეიცვალა ბევრი რამ, ცხოვრების ხარისხი ნამდვილად უკეთესია, მთავრობაც ეფექტურად ასრულებდა თავის დავალებებს, მაგრამ ხშირად სწორედ ეს დავალებები იყო მიუღებელი - არაფრად არ მიღირს მე პირადად, რომ ეს ყველაფერი ადამიანის ღირსების შელახვის ხარჯზე განხორციელდა“.

როგორ ახსოვთ ათი წლის წინანდელი 23 ნოემბერი და რა შეცვალა ამ დღემ საქართველოს ცხოვრებაში? - რადიო თავისუფლებამ ეს შეკითხვა თბილისის ქუჩებში მოქალაქეებსაც დაუსვა. ზოგ მათგანს ეს დღე არასოდეს დავიწყებია, ზოგს არც ახსოვდა, მაგრამ შეხსენების შემდეგ ამბობდა, რომ „ვარდების რევოლუციის“ გახსენებაც აღარ სურდა. ყველა კი თანხმდებოდა იმ აზრზე, რომ დღევანდელი საქართველო მნიშვნელოვნად განსხვავდება ათი წლის წინანდელი ქვეყნისგან, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ:

„მაგ ამბის დადებითი მხარე ის არის, რომ, აი, ახლა ჩვენ აქ ასე თავისუფლად ვდგავართ და ვლაპარაკობთ. მაგალითად, საგრძნობლად შემცირდა ამ ათ წელიწადში კრიმინალის დონე. უარყოფითი კი ის იყო, რომ სახელმწიფო ყველაფერში შეიჭრა, ყველა სფეროში, რომელშიც არც ევალებოდა და არც უფლება ჰქონდა“.

„მეც ყოველდღე იქ ვიყავი, მიტინგებზე, და რაც მოხდა, მე მგონი, მთელ ქვეყანას გაუხარდა. სამწუხაროდ, მერე აირ-დაირია ქვეყანა“.

„რომელი „ვარდების რევოუცია“? ააა!.. ეგ არც არის გასახსენებელი, ძალიან ცუდი მთავრობა იყო“.

„განვითარდა ქვეყანა, მაგრამ უკუსვლაც იყო, კერძოდ კი, ყველაფერი ის, რის გამოც ხელისუფლება შეიცვალა“.

"ვარდების რევოლუციის" ათი წლის იუბილე უხმაუროდ აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით კოალიცია "საზოგადოებრივმა ინიციატივამ" მშვიდობის ხიდთან ფოტოგამოფენა მოაწყო, გამოფენილ ფოტოებზე კი წინა ხელისუფლების, კერძოდ, ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს განხორციელებული რეფორმების ამსახველი კადრებია აღბეჭდილი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG