Accessibility links

პოლონელი თეოლოგი ჰომოსექსუალობის გამო ვატიკანს ტოვებს


ვატიკანი

ვატიკანი

კშიშტოფ ხარამსა, ვატიკანში მოღვაწე პოლონელი კათოლიკე მღვდელი დაკავებული თანამდებობებიდან დაითხოვეს - ის ვეღარ ასწავლის კათოლიკურ უმაღლეს სკოლებში, ვეღარ იქნება ვატიკანის საერთაშორისო თეოლოგიურ კომისიაში ასისტენტი და ეს იმის გამო, რომ საჯაროდ განაცხადა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ. ვატიკანის წარმომადგენელმა - მას მერე, რაც სასულიერო პირმა ღიად გამოაცხადა, რომ ჰომოსექსუალია - მისი ქმედება შეაფასა როგორც ძალიან სერიოზული და უპასუხისმგებლო, მით უმეტეს - სინოდის სხდომის წინ. ამავე განცხადებაში ეწერა, რომ ის ავტომატურად კარგავდა თავის თანამდებობას ვატიკანში. კშიშტოფ ხარამსა რომში პრესკონცერენციაზე თავის პარტნიორ კატალანელ ედუარდო პლანასთან ერთად წარდგა, როცა გამოაცხადა, ჰომოსექსუალი ვარო. მისი შეფასებით, კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ თვალთმაქცური და პარანოიდულია:

„რაც კათოლიკურმა ეკლესიამ ჰომოსექსუალობაზე იცის, სტერეოტიპების გროვა, არასწორი წარმოდგენები, ტყუილები და ბანალურობაა. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩემი ეკლესია გეებს ეუბნება, მალულად იცხოვრეთ, იზოლაციაში, ანონიმურები დარჩით, არ გამოავლინოთ თქვენი სექსუალური იდენტობა, სრულიად შეიკავეთ თავი ყოველგვარი სექსუალური ცხოვრებისგან და სექსუალობის გამოვლენისგანო. ეს არ არის ჯანსაღი რამ ჯანმრთელი ადამიანისთვის, ეს არ არის გზა, რომლისკენაც იესო ქრისტე მიგვითითებდა“.

კშიშტოფ ხარამსამ ალბათ იცოდა, რომ სექსუალური ორიენტაციის გამხელას მის მშობლიურ პოლონეთში რეაქცია მოჰყვებოდა. მემარჯვენე კონსერვატიული მედია მის მიმართ სიძულვილს და უარყოფას ავლენს. თეოლოგიის პროფესორმა, ულტრაკონსერვატორმა თეოლოგმა დარიუშ ოკომ გამოაცხადა, ხარამსა „სექსს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ეკლესიასო“. ეკლესიის მსახურები პოლონეთში - გარეგნულად, ყოველ შემთხვევაში, - აგრესიას არ ავლენდნენ, თეოლოგს მოუწოდებდნენ „შემობრუნებისკენ“. კათოლიკური ეკლესიის პრიმასმა, გნეზნოს მთავარეპისკოპოსმა ვოიცეხ პოლაკმა ხარასმას „პირად დრამაზე“ ილაპარაკა. ამ დროს ბერზე უფრო ერი ავლენს, როგორც ითქვა, მრისხანებას:

„მან სახეში შეაფურთხა იმ ადამიანებს, ვისაც მისი სწამდათ“, თქვა მემარჯვენე კონსერვატორმა პოლიტიკოსმა პჟემისლავვიპლერმა, რომლისგან განსხვავებით, ლიბერალ-კონსერვატორი პოლიტიკოსი, ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვის აქტივისტი, რადომირ შუმელდა ამბობს, ამ კაცს უზარმაზარი ძალა ჰქონია, ამ კონსერვატიულ გარემოში ნორმად აღიარებულს რომ გადაუხვიაო. კშიშტოფ ხარამსა პოლონეთში დარჩენას, იქაური წარმოშობის მიუხედავად, არ აპირებს. მან 5 ოქტომბერს რომის აეროპორტში ბარსელონის რეისზე გაიარა რეგისტრაცია თავის პარტნიორ ედუარდო პლანასთან ერთად. შაბათს, როცა პლანასთან ერთად პრესის წინაშე წარდგა და თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ გამოაცხადა, თქვა, ბარსელონაში მივდივარ ახალი სამსახურის მოსაძებნადო. აეროპორტში, როგორც მედია იტყობინებოდა, ხარამსას არ ამშვენებდა სასულიერო პირის სამოსი, ის სამოქალაქოდ იყო გამოწყობილი და ლურჯი ზოლებიანი პერანგი ეცვა.

ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, თუ, მართლაცდა, რას აპირებს მომავალში ხარამსა. ცხადი ისაა, რომ პრესასთან შეხვედრისას ის სასულიერო ტერმინოლოგიას მიმართავდა. აი, რა თქვა მან ვიდეოინტერვიუში, რომელიც პოლონეთის „ელ-გე-ბე-ტე“ თემის მომხრე გამოცემამ, „მე-18 პარაგრაფმა“, გამოაქვეყნა:

„ყოველი ჰომოსექსუალი ღვთის შვილია. როცა ჰომოსექსუალს ღმერთი სწამს, ის ეკლესიის ან სხვაგვარი ქრისტიანული თემის შვილია და მის ღირსებას პატივისცემა სჭირდება. აუცილებელია, რომ აღიარებულ იქნეს მისი უფლება სიყვარულზე, შესაძლებელ ქორწინებაზე და იმ პირთან ერთად ცხოვრებაზე, ვისაც უყვარს. ეს არის ღვთის ნება ჩვენი ცხოვრების და ჩემი ცხოვრების მიმართაც“.

კათოლიკური ეკლესიის გაგებით, ხარამსა ამ მოსაზრებით ცელიბატსაც უარყოფს, რაც ყოველი პადრეს მხრიდან, ასე ვთქვათ, ფიცის დარღვევაცაა. 43 წლის პოლონელ კათოლიკე სასულიერო პირს სურს დაიცვას სექსუალური უმცირესობა, მათი ოჯახები, ვინც იტანჯებოდა ამ დუმილისგან. კშიშტოფ ხარამსა ავტორია ათპუნქტიანი „განთავისუფლების მანიფესტისა“, რომელიც მიმართულია ეკლესიაში ჰომოფობიის ინსტიტუციონალიზაციის წინააღმდეგ. ეკლესია ჩაგრავს ჰომოსექსუალ მამაკაცებს, რომლებიც, კათოლიკე თეოლოგის თანხმად, მღვდლების უმრავლესობას წარმოადგენენ. მან გაამხილა თავისი გეგმა, რომ აპირებს გამოაქვეყნოს წიგნი ვატიკანში თავისი საქმიანობის 12 წლის მანძილზე დაგროვილი შთაბეჭდილებების შესახებ. ვატიკანში მუშაობის დაწყებამდე პოლონეთსა და შვეიცარიაში მან თეოლოგია და ფილოსოფია ისწავლა. რომშიც სწავლობდა კათოლიკური ეკლესიის გრეგორინას უნივერსიტეტში, სადაც მოგვიანებით უკვე თვითონ ასწავლიდა, ისევე როგორც რეგინა აპოსტოლორუმში, საიდანაც ის ახლა დაითხოვეს. წმინდა საყდარში კარიერული აღმასვლა, რომელიც ახლა შეწყდა, პოლონელმა პასტორმა რწმენის კონგრეგაციასთან გაერთიანებული საერთაშორისო თეოლოგიური კომისიის ასისტენტობამდე შეძლო. განსაკუთრებით არ მოუწონეს კშიშტოფ ხარამსას ის, რომ თავისი ჰომოსექსუალობის საჯაროდ გამოცხადება დაამთხვია ვატიკანში ოჯახის სინოდის შეკრებას.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG