Accessibility links

logo-print

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ქვეყანაში ახალ პროექტს იწყებს. მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის - იმავე ტექნოპარკის - მშენებლობა თბილისთან ახლოს, ოქროყანაში, მალე დაიწყება. რა დანიშნულება ექნება ტექნოპარკს და რამდენად სჭირდება ტექნოლოგიის სფეროს ხელშეწყობა საქართველოში?

საქართველოში მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი - ტექნოლოგიური პარკი - აშენდება. პროექტის ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოა. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე ამბობს, ეს იქნება თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ადგილი, რომელიც დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად იყო ხელმისაწვდომი, ანუ ტექნოპარკის მიზანი იქნება დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი იდეების განსახორციელებლად ტექნიკური საშუალებები არ აქვთ:

„პირველი ფართის საერთო სივრცე 3 000 კვადრატული მეტრი იქნება. იქნება სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ინკუბატორები, საკონფერენციო დარბაზი, აქსელერატორი დამწყები კომპანიებისთვის, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია და სხვა“...

ეს ტექნოლოგიური პარკი იქნება შემავსებელი და აუცილებელი ელემენტი მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების, რომელიც მათ შორის ყველა უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილ ტექნოლოგიურ პარკს დაეხმარება...

პირველი ტექნოლოგიური პარკი საქართველოში 2011 წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით გაიხსნა. სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ ამ პროექტის ამოქმედება ტექნიკური უნივერსიტეტის ათი ათასამდე სტუდენტის დასაქმებას ნიშნავდა. როგორც ირაკლი ქაშიბაძე ამბობს, ახალი ტექნოლოგიური პარკი უფრო ფართო აუდიტორიისთვის იქნება განკუთვნილი:

„ეს ტექნოლოგიური პარკი იქნება შემავსებელი და აუცილებელი ელემენტი მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების, რომელიც მათ შორის ყველა უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილ ტექნოლოგიურ პარკს დაეხმარება, მისცემს წვდომას უახლეს და ძვირად ღირებულ აპარატურასთან. ეს ტექნოლოგიური პარკი მჭიდროდ ითანამშრომლებს უნივერსიტეტებთან“.

თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ზვიად სულაბერიძე ამბობს, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ინიციატივა მისასალმებელია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ტექნოლოგიების განვითარების კუთხით ქვეყანაში მძიმე მდგომარეობააო:

ეს შეიძლება იყოს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები, ელექტრული ინჟინერიის სპეციალისტები... მით უმეტეს, ეს ორივე ერთად, ანუ კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტები არა მარტო საქართველოში...

„კარგი პროფესიონალების პოვნა საქართველოში ცოტა ჭირს, დაწყებული ჩვეულებრივი პროგრამისტით, დამთავრებული კარგი ინჟინრით, იმიტომ რომ განათლების დონე არ იყო ისეთი, რომ კარგი დონის პროფესიონალები გაზრდილიყვნენ. ვინც კარგია, ყველა თვითნასწავლია და ძირითადად ძალიან კარგ ადგილას მუშაობს ან საზღვარგარეთაა წასული“.

როგორც ზვიად სულაბერიძე ამბობს, კარგი იქნება, თუ ახალი ტექნოლოგიური პარკი დასახავს პრიორიტეტებს ტექნოლოგიის იმ სფეროების მიხედვით, რომელზეც მეტი მოთხოვნაა ბაზარზე და, შესაბამისად, მათი განვითარებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის:

„ეს შეიძლება იყოს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები, ელექტრული ინჟინერიის სპეციალისტები... მით უმეტეს, ეს ორივე ერთად, ანუ კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტები არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც ძალიან მოთხოვნადია“.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ქაშიბაძის თქმით, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი პირველ ეტაპზე მეტ ყურადღებას მართლაც იმ სფეროებს მიაქცევს, რომლებსაც ისინი უფრო მეტად პერსპექტიულად მიიჩნევენ:

„საინფორმაციო ტექნოლოგიები, განახლებადი ენერგია, მიკროელექტრონიკა. თუმცა, ტექნოპარკში ასევე მომზადდება ბაზისი მომავალში სხვა პერსპექტიული სფეროების განსავითარებლად“.

როგორც ირაკლი ქაშიბაძე ამბობს, პროექტის პირველი ეტაპი, 3 000 კვადრატულ მეტრზე სამუშაო ფართისა და საჭირო ტექნოლოგიის ჩათვლით, ბიუჯეტს ორ-ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდება, დასრულებული ტექნოპარკი კი დაახლოებით 18 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე იქნება გაშენებული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG