Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენში ტერორისტული თავდასხმის საფრთხე აღარ არის გარდაუვალი


დღეს მიუნხენში მუშაობა განაახლა ორმა სარკინიგზო სადგურმა, რომლებიც ტერაქტების საფრთხის გამო იყო დაკეტილი. როგორც მიუნხენის პოლიციის უფროსმა, ჰუბერტუს ანდრემ განაცხადა, ქალაქში ტერორისტული აქტის მოწყობის საფრთხე კვლავაც რჩება, მაგრამ იგი აღარ მიიჩნევა გარდაუვალად. პოლიციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩატარებული გამოძიების შედეგად ამ მომენტისთვის მიუნხენში აღარ არსებობს ტერორისტული თავდასხმის კონკრეტული საფრთხე. იძებნება ხუთიდან შვიდამდე ადამიანი, რომლებიც თავდასხმების ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილი. როგორც ვარაუდობენ, ყველა მათგანი დაკავშირებულია ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“. იტყობინებიან, რომ ხუთშაბათს გერმანიის ხელისუფლებამ მეგობრული სახელმწიფოების სპეცსამსახურებისგან მიიღო ინფორმაცია მიუნხენში თვითმკვლელების მიერ აფეთქებებისთვის მზადების შესახებ. სავარაუდო სამიზნეებს შორის იყო ცენტრალური სადგური და მიუნხენ-პაზინგის სადგური ქალაქის დასავლეთ ნაწილში. ორივე სადგურიდან და მათი მიმდებარე მოედნებიდან ევაკუირებულ იქნა ხალხი. ახალი წლის წინ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იქნა შემოღებული ევროპის მთელ რიგ სხვა ქალაქებშიც, მათ შორის პარიზში, ლონდონსა და ბერლინში. ოთხშაბათს ბრიუსელის მერიამ გამოაცხადა, რომ ტერაქტების საფრთხის გამო გაუქმდა ტრადიციული საახალწლო სალუტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG