Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლისმღვრელ ტერაქტს ბრიუსელში ათობით ადამიანი ემსხვერპლა


აფეთქების შემდეგ. „ზავენტემის“ აეროპორტი
აფეთქების შემდეგ. „ზავენტემის“ აეროპორტი

სულ მცირე, 34 კაცი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროსადგურში ერთი საათის ინტერვალით მომხდარი მძლავრი აფეთქებების შედეგად, რასაც ბელგიის ხელისუფლებამ „სასტიკი, მხდალი“ თავდასხმა უწოდა. აეროპორტში მომხდარი ტერაქტი, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა მოიერიშემ ჩაიდინა.

ბელგიის ხელისუფლების განკარგულებით, ბრიუსელში ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი საფეხური გამოცხადდა, ხოლო ევროკავშირის ინსტიტუტების, ნატოს შტაბბინის, სამთავრობო შენობებისა და საელჩოების დასაცავად დედაქალაქში დამატებითი სამხედრო ძალა გაიგზავნა. პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა თავდასხმებს „სასტიკი“ და „მხდალი“ უწოდა, ხოლო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ, რომელიც ვიზიტით იმყოფება იორდანიაში, განაცხადა, რადიკალიზაცია და ძალადობა ერთობლივად უნდა აღიკვეთოსო.

ფედერიკა მოგერინი პრესკონფერენციის დროს
ფედერიკა მოგერინი პრესკონფერენციის დროს

„დღევანდელი დღე წუხილის დღეა ევროპაში, რადგან ევროპა და მისი დედაქალაქი დღეს განიცდიან ტკივილს, რომელიც კარგად არის ნაცნობი ამ რეგიონისთვის - სირიაში თუ სხვაგან. ჩვენ ჯერ კიდევ ველით უფრო ზუსტ ცნობებს ბრიუსელის თავდასხმების დინამიკაზე, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ იმ ტკივილის ფესვები, რომელსაც განვიცდით მთელ ჩვენს რეგიონში, ერთი და იგივეა. და ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ არა მარტო მსხვერპლის გამო გლოვაში, არამედ ამ თავდასხმებზე პასუხშიც, ერთად უნდა აღვკვეთოთ რადიკალიზაცია და ძალადობა“, - განაცხადა მოგერინიმ.

ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროსადგურში მძლავრი აფეთქებები დილის საათებში მოხდა. ჩვენი რადიოს ბრიუსელელი კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ტერაქტის პირველივე წუთებიდან სკაიპის საშუალებით ასე აღწერდა ვითარებას ბრიუსელის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში:

„სიმართლე ითქვას, ამწუთში სრული ქაოსი სუფევს ბრიუსელის შუმანის რაიონში, სადაც ევროკავშირის ინსტიტუტებია განლაგებული. ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ბომბი აფეთქდა მელბეკის მეტროს სადგურთან, რომელსაც 800 მეტრი აშორებს ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის კომისიის შენობებიდან. ბომბის აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავარდნილმა კვამლმა შემდგომი მეტროსადგურის გვირაბს მიაღწია. ამ მეტროსადგურის სახელია „შუმანი“ და იგი პირდაპირ ევროკავშირის ინსტიტუტების ქვემოთ მდებარეობს“.

ტერორიზმი თავს დაატყდა ბელგიას, მაგრამ ამ თავდასხმის სამიზნე იყო ევროპა და ამან ყველა შეგვძრა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად დიდია და სერიოზული ტერორიზმის საფრთხე...
ფრანსუა ოლანდი

22 მარტის ტერაქტი დაგმეს ევროპისა და მსოფლიოს ლიდერებმა და მიუსამძიმრეს ბელგიელ ხალხს. ტერაქტს საგანგებო პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი გამოეხმაურა, პოლიტიკური ლიდერი იმ ქვეყნისა, სადაც გასული წლის ბოლოს, 2015 წლის 13 ნოემბრის ტერაქტების შედეგად, 130 ადამიანი დაიღუპა:

„ტერორიზმი თავს დაატყდა ბელგიას, მაგრამ ამ თავდასხმის სამიზნე იყო ევროპა და ამან ყველა შეგვძრა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად დიდია და სერიოზული ტერორიზმის საფრთხე“.

დღევანდელ აფეთქებებამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში დააკავეს პარიზში შარშან ნოემბერში მოწყობილი თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორი, სალაჰ აბდესლამი. ბელგიის დედაქალაქში მოწყობილ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG