Accessibility links

logo-print

ხურჩაში ავტობუსების აფეთქებისათვის პასუხს ყოფილი მაღალჩინოსნები აგებენ


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია დააკავეს. მაღალჩინოსნებს ბრალი ედებათ 2008 წლის 21 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, ტერორისტული აქტის ორგანიზებაში. ხურჩაში ავტობუსის აფეთქებაში მაშინდელი ხელისუფლება აფხაზურ მხარეს ადანაშაულებდა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 21 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, შსს-ს სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, ტერორისტული აქტის ორგანიზება დაგეგმა და განახორციელა, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის საშიშროება და ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოებაც“, განაცხადა 22 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.

2008 წლის 21 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა ზუგდიდში უნდა გამგზავრებულიყო. ხალხს თავი მოუყარეს სოფელ ხურჩაში, სტადიონზე, სადაც ავტობუსი აფეთქდა კიდეც.

"ამ დროს სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ურთიერთშორის ნაწარმოები მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში გამოიწვიეს პანიკა; აგრეთვე, მალხაზ მურღულიამ "ერ პე გე"-ს ტიპის ყუმბართმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით ააფეთქა ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები. აფეთქების შედეგად, სრულად განადგურდა ორივე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მოქალაქე ნანი ქარდავამ. ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ, ორგანიზატორებმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებსა და დაჭრილ მოქალაქეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული ასიგნებებიდან აუნაზღაურეს მიყენებული ზიანი", - განაცხადა გიორგობიანმა.

სოფლის სტადიონზე იდგა ავტობუსი, რომელიც აფეთქების შედეგად უკვე დამწვარი იყო. მოსახლეობა პანიკაში იყო. იქვე მყოფმა ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც ამავე ავტობუსში იჯდა, მითხრა, რომ როგორც კი ავტობუსში ჩავსხედით, მაშინვე ჩამოსვლა გვიბრძანეს...
საპარლამენტო არჩევნებს ზუგდიდში მაშინ აშუქებდა „ლაივ პრესის“| რედაქტორი, რადიო თავისუფლების მაშინდელი კორესპონდენტი გერონტი ყალიჩავა, რომელსაც შემთხვევის ადგილზე ასეთი სურათი დახვდა:

„სოფლის სტადიონზე იდგა ავტობუსი, რომელიც აფეთქების შედეგად უკვე დამწვარი იყო. მოსახლეობა პანიკაში იყო. იქვე მყოფმა ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც ამავე ავტობუსში იჯდა, მითხრა, რომ როგორც კი ავტობუსში ჩავსხედით, მაშინვე ჩამოსვლა გვიბრძანეს, თანაც ტელეკამერის წინ. როგორც კი ავტობუსიდან ჩამოვედით, ის მაშინვე აფეთქდაო“.

გერონტი ყალიჩავა აცხადებს, რომ რეალურად ხურჩის სტადიონზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო მობილიზებული. მათ უთხრეს, რომ ავტობუსში უნდა ჩამსხდარიყვნენ, იქიდან კი ვითომდა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წავიდოდნენ. ოფიციალური ვერსია, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ გაავრცელა, ასეთი იყო:

„ენგურის ხიდთან, სოფელ ხურჩაში, აფხაზებმა ორი ავტობუსი ააფეთქეს, რომლებსაც გალის რაიონის ქართული მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ზუგდიდში გადაჰყავდა“.

მაშინდელმა შს მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

„სამწუხაროდ, აფხაზურმა მხარემ, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ მისცა. დღეს ეს უმძიმესი ტრაგედიით დამთავრდა, რაც შეშფოთებისა და უსამართლობის ნათელი მაგალითია".
ხურჩის ინციდენტის დროს დაშავდა ნაბაკევის მკვიდრი ნანა ქარდავა. ამ შემთხვევის შემდეგ ის ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. ნანა ქარდავას რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა.

„არჩევნების დღეს ხურჩაში მოსწავლეებთან ერთად ვიყავი გადმოსული, ზუგდიდში უნდა წავსულიყავი. ავტობუსები სოფლის ცენტრში არ იდგა, ცოტა მოშორებით იყო და როცა იქ მივედით, აფეთქებაც მოხდა. ატყდა სროლა, რაღაც ნაღმსატყორცნი ისროლეს და მე ნამსხვრევები მომხვდა. დაჭრილიც ვიყავი, ნეკნები მოტეხილი მქონდა, ოპერაცია გამიკეთდა და საავადმყოფოში დაახლოებით ორი კვირა დავყავი ამის გამო“.

ის შეიძლება, გარკვეულწილად, ჩაჯდეს იმ მოზაიკაში, როგორიც იყო ნაციონალების მართვის სტილი, განსაკუთრებით კი მათი ძალოვანი უწყებებისა. ეს იყო ძირითადად ზედაპირულ ეფექტებზე აგებული პოლიტიკა, არარსებული ჯაშუშების, ფოტოგრაფების, მფრინავების, ექსპერტების ისტორიები და ამით რამდენიმე კურდღლის მოკვლის მცდელობა...
მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან საპარლამენტო უმცირესობის ამჟამინდელი წევრი აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, არ არსებობს ლოგიკა, რატომაც შეიძლებოდა წინა ხელისუფლებას 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ტერაქტის იმიტაცია მოეწყო.

"ჯერჯერობით ამას ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაველოდოთ, ვნახოთ, რა მტკიცებულებები დაიდება, საბოლოო ჯამში. რასაც ამბობენ, არ ნიშნავს, რომ ასეა. ლოგიკას ვერ ვხედავ, მოსახლეობის დაშინების მიზნით რატომ უნდა მოეწყო ხელისუფლებას ტერაქტის იმიტაცია, რატომ უნდა დაგვეშინებინა მოსახლეობა, ძალიან საინტერესოა", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, რომ ხურჩის ინციდენტთან დაკავშირებით დღემდე არაერთი კითხვა არსებობს, და იმედოვნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბევრ დოკუმენტს მოეხსნება გრიფი „საიდუმლო“. რაც შეეხება შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:

„ის შეიძლება, გარკვეულწილად, ჩაჯდეს იმ მოზაიკაში, როგორიც იყო ნაციონალების მართვის სტილი, განსაკუთრებით კი მათი ძალოვანი უწყებებისა. ეს იყო ძირითადად ზედაპირულ ეფექტებზე აგებული პოლიტიკა, არარსებული ჯაშუშების, ფოტოგრაფების, მფრინავების, ექსპერტების ისტორიები და ამით რამდენიმე კურდღლის მოკვლის მცდელობა, ამ კონკრეტული ოპერაციების უკან კი იდგნენ ჩინოვნიკები, რომლებსაც ამის გამო აწინაურებდნენ, პრემიებს აძლევდნენ და ა.შ., შედეგად კი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ან არაფერი, ან ძალიან მცირე რამ კეთდებოდა“.

გამოძიება სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც, სასჯელის სახით, 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG