Accessibility links

logo-print

ჯაზ-როკის სტილის კანადელი მომღერალი და გიტარისტი ტერეზ მონკალმი დაიბადა 1963 წელს, ქალაქ კვებეკში. შვიდი წლის ასაკიდან ამღერდა, ხოლო მოგვიანებით, როცა უფროსმა ძმამ ჯიმი ჰენდრიქსისა და ელვის პრესლის შემოქმედება გააცნო, გიტარაზე დაკვრაც დაიწყო.

მუსიკალური კოლეჯის დასრულების შემდეგ, საკუთარი ბენდი შეაკოწიწა და ადგილობრივ კლუბებში როკმუსიკის ჰიტების შესრულებით ხვეწდა საშემსრულებლო ხელოვნებას.

ტერეზ მონკალმის სადებიუტო დისკი, სახელწოდებით „რისკი“ 1994 წელს გამოიცა. ნამუშევარი კვებეკის ყოველწლიურ მუსიკალურ პრემია „ფელიქსზე“ ხუთ ნომინაციაში, მათ შორის, წლის საუკეთესო ქალი შემსრულებლისა და წლის საუკეთესო როკ-ალბომის კატეგორიებში წარადგინეს. იმ წელს მისმა თანამემამულემ სელინ დიონმა ივარგა და „რისკი“ ჯილდოს დაემშვიდობა, თუმცა, მთლად უყურადღებოდ არ დარჩენილა. დამწყებმა არტისტმა ალბომით ტურნე წამოიწყო და 100-მდე კონცერტი გამართა კანადის, საფრანგეთის, ბელგიისა და შვეიცარიის ქალაქებში.

„რისკის“ შემდეგ ტერეზმ კიდევ ორი, არანაკლებ წარმატებული პოპ-როკ ალბომი გამოსცა, რითაც ვოკალისტისა და გიტარისტის გარდა, მსმენელს თავი კონტრაბასისტის ამპლუაშიც წარუდგინა. 2007 წლიდან კი, საკუთარი რეპერტუარის სტილის შეცვლა გადაწყვიტა. მისთვის უცხო სივრცეში – ჯაზში მოსინჯა ძალები და ინგლისურად ამღერდა. პროექტის განსახორციელებლად, არტისტმა გიტარისტი და პროდიუსერი მიშელ კიუსონი მიიწვია. ამ უკანასკნელმა კი, უდიდესი გავლენა მოახდინა ტერეზს ვოკალური თუ ინსტრუმენტული ხელწერის ტრანსფორმაციაზე. კიუსონისა და მონკალმის თანამშრომლობის შედეგად, გამოვიდა ალბომი „Voodoo“, რომელიც, მეტწილად, ქავერებისა და ჯაზური სტანდარტების ინტერპრეტაციებისგან შედგებოდა. დისკი შთამბეჭდავი ტირაჟით გაიყიდა, რასაც მოჰყვა 150 კონცერტი ევროპის ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა პარიზი, მილანი, რომი, ლონდონი და ბერლინი.

ტერეზ მონკალმა კარიერის მანძილზე სულ შვიდი სტუდიური დისკი გამოსცა. თუმცა, ამჯერად, გამოვყოფ 2011 წლის ალბომს, რომელიც ყველაზე ღირებულ ნამუშევრად მიმაჩნია. კანადელმა ის ლეგენდარულ ამერიკელ მომღერალსა და პიანისტს შირლი ჰორნს მიუძღვნა. ამ მეტად საპასუხისმგებლო იდეას ღირსეული განხორციელება სჭირდებოდა, ჰოდა, მონკალმაც, პირველ რიგში, პროექტის ინსტრუმენტულ მხარეზე იზრუნა. დასარტყამებზე სტივ უილიამსი მიიწვია, მუსიკოსი, რომელიც 27 წლის განმავლობაში შირლი ჰორნის დრამერი გახლდათ. ფორტეპიანოზე დაკვრა და მასალის არანჟირება გილ გოლდსტინს ჩააბარა, ბასური ხაზი თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ არტისტს, რუფუს რიდს ანდო, საყვირზე – სახელოვან როი ჰარგროუვს, ხოლო საქსოფონზე ენრი უოტსს დააკვრევინა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG