Accessibility links

logo-print

გამოძიება სან-ბერნარდინოს სისხლისღვრაში ტერორიზმის ნიშნებს ხედავს


კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბერნარდინოში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების ცენტრში მომხდარი თავდასხმისა და სროლის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა და, სულ მცირე, 17 დაშავდა. ორი თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა, მესამე კი პოლიციამ დააკავა. პრეზიდენტმა ობამამ დაგმო სან-ბერნარდინოში მომხდარი დანაშაული, რასაც „მასობრივი მკვლელობის“ ნიმუში უწოდა და მოუწოდა კონგრესს, გაამკაცროს იარაღის კონტროლის კანონმდებლობა.

შენობაში, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების ცენტრია განთავსებული, 2 დეკემბერს - ადგილობრივი დროით, დილის 11 საათზე - სამი თავდამსხმელი შეიჭრა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მძიმედ იყო შეიარაღებული, ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სროლის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი და დაშავდა 17. დახოცილთა და დაშავებულთა უმრავლესობა სოციალური დახმარების მუშაკები იყვნენ, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებაზე არსებულ რეგიონალურ ცენტრში ბანკეტზე იმყოფებოდნენ. თავდამსხმელებმა მალევე დატოვეს დანაშაულის ადგილი და მიმალვა სცადეს, თუმცა უშიშროების მუშაკებმა ორი პირი - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი - მოკლეს. ჯეროდ ბერგუანმა, სან-ბერნარდინოს პოლიციის უფროსმა, 3 დეკემბერს ჟურნალისტებს თავდამსხმელთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა:

„იდენტიფიცირებულია პირველი თავდამსხმელი, 28 წლის საიდ რიზვან ფარუკი, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, აშშ-შია დაბადებული. მეორე მოკლული, ვინც მასთან ერთად იმყოფებოდა, ქალია, 27 წლის ტაშფინ მალიკი. მისი წარმოშობის შესახებ ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას არ ვფლობ“.

თავდასხმაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, რიზვან ფარუკის, სიძემ, ფარან ხანმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი შოკირებულია ამ ინფორმაციით და ვერ აუხსნია, თუ რატომ უნდა ჩაედინა მის ცოლისძმას ეს დანაშაული. პოლიციამ უკვე დაადასტურა, რომ ლიკვიდირებული პირი შეიარაღებული იყო – თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და ეცვა საველე-სამხედრო სამოსი. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, შენობაში, სადაც თავდასხმა მოხდა, სამართალდამცველებმა განნაღმველებიც გამოიძახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სან-ბერნარდინოში მომხდარი თავდასხმის გამოძიებაში ჩაერთო გამოძიების ფედერალური ბიურო, რომელიც არ გამორიცხავს, რომ საქმე ეხებოდეს საერთაშორისო ან შიდა ტერორიზმს.

სან-ბერნარდინოში, რომელიც კალიფორნიიდან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ პატარა ქალაქში დატრიალებულ ტრაგედიას „მასობრივი მკვლელობის“ ისეთი მაგალითი უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა, რომლის მსგავსი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა. ბარაკ ობამამ მოუწოდა კონგრესს, გაამკაცროს კანონმდებლობა, რომელიც იარაღის შეძენასა და ტარებას არეგულირებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG