Accessibility links

logo-print

თეთრი ხელჯოხის დღე - დღე უსინათლოთა და მცირემხედველთა უფლებებისთვის


რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირი

რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირი

15 ოქტომბერს მსოფლიო თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თეთრი ხელჯოხი უსინათლოთა და მცირემხედველთათვის სივრცეში ორიენტაციის შეუცვლელი ატრიბუტია, რომელიც ხელს უწყობს მათ დამოუკიდებელ ცხოვრებას. საქართველოში უსინათლოთა ნაწილმა უკვე ისწავლა მისი მოხმარება, თუმცა მხოლოდ თეთრი ხელჯოხი, მაშინ როდესაც გარემო ადაპტირებული არ არის და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანები დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან, მათ ცხოვრებას ვერ ცვლის. საქართველოში ასობით უსინათლო და მცირემხედველი ადამიანი, დღემდე გადაუჭრელი პრობლემების გამო, ჩაკეტილ, დანარჩენი საზოგადოებისგან იზოლირებულ ცხოვრებას ირჩევს. ეს მათი იძულებითი არჩევანია.

29 წლის მაცაცო ხაჭაპურიძემ მხედველობა შვიდი წლის წინ დაკარგა. ქალაქში მარტო ვეღარ დადის, თუმცა მას გაუმართლა: ოჯახის წევრების, მეგობრების თუ სხვა დამხმარე ადამიანების წყალობით, მაინც ახერხებს აქტიურ ცხოვრებას. მუშაობს, სწავლობს, ვარჯიშობს. არჩევნებში მონაწილეობაც სურდა, მაგრამ როდესაც ნახა, რომ დამოუკიდებლად, თანმხლები პირის დახმარების გარეშე, სასურველ კანდიდატს ხმას ვერ მისცემდა, საერთოდ უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე - ასე გააპროტესტა მან, როგორც ერთ-ერთმა უსინათლომ, თავისი და სხვა ასობით უსინათლოს დარღვეული უფლება:

„მე შემეძლო, ცხადია, ჩემი მხლებელი დამხმარებოდა და ისე მიმეცა ხმა, მაგრამ მე სწორედ ეს გავაპროტესტე, რომ მე თვითონ, დამოუკიდებლად ეს ვერ შევძელი. იქ არ ყოფილა აუდიოფაილები, რომელთა დახმარებითაც შევძლებდი მოსმენას და გაგებას, თუ ვინ იყო საარჩევნო სიაში, მერამდენე, რა ნომერი და ა.შ. დამოუკიდებლად ხმის მიცემა ასეთ პირობებში შეუძლებელია. არადა, ვიცი, რომ არცთუ ისე ცოტა ფული იხარჯება საიტის ადაპტირებისათვის, ტრენინგები ტარდება და ა.აშ. და შედეგბი ისევ იგივეა. საჩივარიც იქვე დავწერე, თუმცა არ ვიცი, მივიდა თუ არა ის ადრესატამდე. მე მაინც ბოლომდე ვაპირებ ამ საქმის მიყვანას“.

ის, რომ მაცაცოს დღეს აქტიური ცხოვრება აქვს, დიდწილად მისი დამსახურებაა, - ყველაფერს ჩემით ვეძებდი, ვცდილობდი, ვიბრძოდი და ამაში ახლობლები მეხმარებოდნენო, - თუმცა მაცაცო იმასაც გვეუბნება, რომ მის გარშემო სულ ცოტა ხუთი უსინათლოა, ვინც დღეებს ჩაკეტილ კარს მიღმა ატარებს. მათი ხმა არ ისმის, ისინი არ ჩანან. მათი ცხოვრება უინტერესოა და ერთნაირი.

რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირი

რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირი

„ფაქტობრივად, ასეთი ცხოვრება ნიშნავს მხოლოდ სახლში ყოფნას. კვება, შესაძლოა ტელევიზორი. უმრავლესობას კომპიუტერიც არა აქვს ან არ იცის მოხმარება, რადგან არც რაიმე რეაბილიტაციის კურსები არსებობს, სადაც უსინათლო შეძლებდა ელემენტარულად ბრაილის, კომპიუტერის შემსწავლელი კურსის და მობილობა-ორიენტაციის კურსის გავლას. სწორედ ამიტომ არიან სახლში, ჩაკეტილები“.

უსინათლოთათვის არაადაპტირებული გარემო ერთ-ერთი მთავარი ბარიერია, რის გამოც მაცაცოს ქუჩაში მარტო სიარულის ეშინია. ხმოვანი შუქნიშნების სიმცირე იქნება ეს თუ სპეციალური ბილიკების არარსებობა, რასაც ავტომობილებით სავსე ტროტუარებიც ემატება, - უსინათლოთათვის ადგილი არ არის.

თუ ერთი-ორ ახალ პროგრამას არ ჩავთვლით, რომელიც უშუალოდ უსინათლოთათვის გაკეთდა, სხვა ყველა პრობლემა, რომელიც არსებობდა, ისევ მოუგვარებელია, გვითხრა „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელმა გია ჯვარშეიშვილმა. და ეს პრობლემები საქართველოში მცხოვრებ 12 000-ზე მეტ უსინათლოს აწუხებს. მიუხედავად საქართველოს პარლამენტის მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებისა, მიუხედვად პრემიერ-მინისტრის #41 დადგენილებისა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, მაინც ვერ გვარდება უსინათლოთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები.

გია ჯვარშეიშვილი

გია ჯვარშეიშვილი

„პირველი და ყველაზე მთავარი, ეს არის სპეციალიზებული სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც უსინათლო ადამიანები ორიენტაცია-მობილობასთან ერთად შეისწავლიან საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევებს, კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას ხმოვანი ტექნოლოგიების მეშვეობით. და ცხადია, დღემდე პრობლემაა ადაპტირებული ფიზიკური გარემო. ჩვენ ვხედავთ ბოლო დროს განხორციელებულ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, იგივე აღმაშენებლის რეაბილიტაცია რომ ავიღოთ, სადაც არაფერი გაკეთებულა უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისათვის. მოპანდუსო წარმონაქმნებს, რომლებიც იქ გააკეთეს, მასაც კი უნდა ჰქონდეს სპეციალური ნიშნული, რომ უსინათლო მიხვდეს, რომ ეს პანდუსია და არა სხვა რამ“.

გია ჯვარშეიშვილი გვეუბნება, რომ დღესაც მიმდინარეობს მოლაპარაება მთავრობასთან იმის თაობაზე, რომ თუ სარეაბილიტაციო ცენტრი არა, კურსები მაინც შეიქმნას და დაფინანსდეს, სადაც უსინათლო ადამიანები თავიანთი უნარების განვითარებას შეძლებენ. გია ჯვარშეიშვილის თქმით, ერთადერთი პროგრამა, რომელსაც მერია აფინანსებს, უსინათლოთა ე.წ. გამცილებლის ინსტიტუტია, თუმცა, გიას თქმით, იქაც მხოლოდ ორი ადამიანია დასაქმებული, რომელთაც ასევე სჭირდება სპეციალური გადამზადება.

რას ვიღებთ არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად? ვკითხეთ გია ჯვარშეიშვილს. - ინერტულ, სახელმწიფოზე დამოკიდებულ ადამიანების ჯგუფს, რომელთა შესაძლებლობებს იგივე სახელმწიფო სათანადოდ ვერ იყენებს, გვიპასუხა მან. მისი აზრით, უსინათლოები ისევ და ისევ საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზებულ, გარიყულ ჯგუფად რჩება.

უჩა ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილი

თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც.

ტოლერანტობა, თანასწორობა და ინკლუზია ამ დღის მთავარი გზავნილებია, ვკითხულობთ განცხადებაშიში. - საქართველოში უსინათლო და მცირემხედველი პირების სრულფასოვანი ცხოვრება და ადამიანის უფლებებით თანაბარი სარგებლობა ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევაა ქვეყანაში არ ფუნქციონირებს სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც უსინათლო და მცირემხედველი პირები შეძლებენ მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების (სივრცეში ორიენტაცია და მობილობა, ხმოვანი კომპიუტერული პროგრამებით სარგებლობა, ბრაილის შრიფტის შესწავლა და ..) შეძენა/განვითარებას, სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება უსინათლოთათვის დამხმარე საშუალებების (ხმოვანი საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ნივთები, თვალის პროტეზი) მიწოდება“.

როგორც სახალხო დამცველი შენიშნავს, „მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამით დადგენილია უსინათლო პირების დამხმარე საშუალებით (ხელჯოხი) უზრუნველყოფა, უხარვეზოდ ვერც ეს პროცესი მიდის. საზოგადოებრივ, განსაკუთრებით ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებში გათვალისწინებული არ არის ვიზუალურ და ხმოვან ინფორმაციათა დუბლირების შესაძლებლობა. მისაწვდომობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს სატელევიზიო, ელექტრონული და ბეჭდური მედია; უსინათლო პირებისთვის არ არის მისაწვდომი საინფორმაციო, გასართობი და სხვა სახის სატელევიზიო პროგრამები, ფილმები. ლიტერატურა (მხატვრული, ტექნიკური, სამედიცინო და ა.შ. ) არ გამოიცემა ადაპტირებული ფორმით“.

თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე, რომელიც მსოფლიოში 1969 წლიდან, საქართველოში კი 2011 წლიდან აღინიშნება, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებისკენ. სხვანაირად ქვეყანაში ინკლუზიური საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდება, აცხადებს ომბუდსმენი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG