Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მადლიერების დღე“ აშშ-ში


შეერთებულ შტატებში „მადლიერების დღეს“ აღნიშნავენ - დღესასწაულს, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ეთნიკურად, რელიგიურად და, ზოგადად, ცხოვრების წესის მხრივ ამ ძალიან მრავალფეროვან ქვეყანაში. ბევრ ამერიკელს დიდხანს მგზავრობა მოუწია „მადლიერების დღის“ ახლობელთა წრეში გასატარებლად და ტრადიციული კერძებით გაწყობილ სუფრასთან მოსალხენად.

ტრადიციებს არ უღალატა არც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ. მან შეიწყალა ორი ინდაური, რომელიც „მადლიერების დღის“ კერძისათვის იყო განწირული. ოთხშაბათს, ანუ დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა, როგორც ეს შეერთებულ შტატებში უკვე მრავალი წელია ხდება, საგანგებო განცხადება გააკეთა: „ობამების ოჯახის სახელით, მსურს ყველას ვუსურვო ბედნიერი მადლიერების დღე. ხვალ, როცა შევიკრიბებით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, თავი ბედნიერად უნდა ჩავთვალოთ იმის გამო, რომ მეტი გვაქვს სამადლობელი, ვიდრე ოდესმე შევძლებთ ჩამოვთვალოთ და მეტი გვაქვს საიმედო, ვიდრე ოდესმე შევძლებთ წარმოვიდგინოთ. ახლა კი, ვიდრე ეს ინდაურები თავს დაგვაღწევდნენ, ვიყენებ რა ჩემთვის მონიჭებულ უფლებამოსილება, მსურს შევიწყალო პოპკორნი“.

პოპკორნი, რომლის შეწყალების შესახებაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოაცხადა, ინდაური გახლავთ. პრეზიდენტმა შეიწყალა, როგორც ზემოთ უკვე მივანიშნეთ, კიდევ ერთი ინდაური, სახელად კარამელი.

მადლიერების დღე შეერთებულ შტატებში ყოველ წელს, ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს აღინიშნება. მისი წარმოშობა უკავშირდება 1621 წელს, როცა ინგლისელ ახალმოსახლეებს პლიმუტში, შემდგომში ინდიელებად წოდებულმა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, კარტოფილსა და პომიდორთან ერთად ფრინველის ხორცი მიართვეს. ამ ფრინველს მომავალში "ინდაური" დაერქვა. თავის მხრივ, ახალმოსახლეებმა მოსავლის აღების შემდეგ სუფრა გაშალეს და ინდიელებიც მიწვიეს. ამ დღეს ჩვენი თანამედროვე ამერიკელებიც მადლიერებით იხსენებენ ყოველივე კარგს, რაც განვლილი წლის მანძილზე შეემთხვათ.

ფარშირებული ინდაური მადლიერების დღის სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია - პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ შეწყალებული პოპკორნის და კარამელის თანამოძმეთა სამწუხაროდ.
XS
SM
MD
LG