Accessibility links

ავტორი: დიანა მესეშანი

ფოტო და ვიდეო: ანდრეი ბეკერუ

თბილისი: 13 ივნისი, 2015, შაბათი, შუადღე.

წვიმს.

ამ დახუთულ დღეს უეცრად წამოსულმა წვიმამ შვება მოჰგვარა 20 წლის პროგრამისტს, ბექა გოზალიშვილს.

თბილისის მერიის 23-სართულიანი შენობის ერთ-ერთ ღია ფანჯარასთან მჯდომ ბექას ცივი ზამთარი ურჩევნია და იმედი აქვს, რომ ქალაქში ჰაერი მალე გაიწმინდება. ბექა თავის კოლეგებთან ერთად ამ შაბათ-კვირასაც მუშაობს, რათა სამუშაოს ჩაბარების ვადა დაიცვას. ის თბილისის მერიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელია.

ახლა რაღაცას ბეჭდავს. მისი მონიტორი, როგორც წესი, გამორთულია. მისი კოლეგები კომპიუტერულ თამაშებს თამაშობენ. დავალების ჩაბარების ვადა დაცულია. გასაკეთებელი აღარაფერი დარჩათ, მაგრამ შინ ვერ მიდიან - გარეთ თავსხმაა, და ის თანდათან ძლიერდება.

ინფორმატიკის განყოფილების უფროსი, ირაკლი, სწრაფი ნაბიჯით შემოდის ოფისში და თანამშრომლებს ატყობინებს, რომ მერიამ სასწრაფოდ უნდა შექმნას აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ფინანსურად თუ რაიმე სხვა სახით დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულებს.

მდინარე ვერე ადიდდა. ფეისბუკი და ტვიტერი უცებ აივსო საზარელი ცნობებით: დაიხრჩო რამდენიმე კაცი, კიდევ მეტი - უგზო-უკვლოდ დაიკარგა. წყლის შემოტევას ვერ გაუძლო თბილისის ზოოპარკმა: დაიტბორა ვოლიერები, მოინგრა ჯებირები და ღობეები, ბევრი ცხოველი წყალდიდობას შეეწირა, ბევრიც - გაიქცა. ვეფხვები, მგლები და ბეჰემოტები ქალაქის ქუჩებში დაძრწიან. ხალხს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება, სჭირდება ინფორმაცია.

ბექამ უკვე იცის, რომ მთელი ღამის გატარება მოუწევს ოფისში. დედას ურეკავს:

„არ ინერვიულო“, ეუბნება.

„როგორ არ ვინერვიულო?!“ - ეკითხება დედა.

„აქ სიწყნარეა, მე-14 სართულზე ვარ.“

ინგა მშვიდდება. კარგა ხნის წინ მიხვდა, რომ ბექაზე აღარ უნდა ინერვიულოს. იმდენად ენდობა, რომ ხშირად ავიწყდება კიდეც, რომ ბექა უსინათლოა.

მეორე დღის შუადღისთვის აპლიკაცია მზადაა. წყალმაც იკლო. ჩვეულებრივ, ბექა ავტობუსით დადის ხოლმე, მაგრამ დღეს ის კოლეგებს მიჰყავთ შინ. 2 საათისთვის უკვე სახლშია, ოთხი წლის ძმა სიხარულით ეგებება.

ინგას მთელი ღამე არ უძინია, საინფორმაციო გადაცემებს უყურებდა და თავის უფროს ვაჟზე ფიქრობდა. ახლა ღიმილით ეგებება შვილს -ღიმილით, რომელსაც ბექა ვერ ხედავს - და შემდეგ სწრაფად იწყებს სუფრის გაშლას.

უსინათლოების უმეტესობა თავად აშენებს კედელს საკუთარ თავში, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ჩემთვის ეს კედელი პატარავდებაო - ამბობს ბექა, რომელიც შინ ბრუნდება.

უსინათლოების უმეტესობა თავად აშენებს კედელს საკუთარ თავში, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ჩემთვის ეს კედელი პატარავდებაო - ამბობს ბექა, რომელიც შინ ბრუნდება.

საქართველოში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დასაქმებულ პირთა შესახებ. ქვეყნის 3,7- მილიონიანი მოსახლეობიდან 123 ათასამდე მოქალაქე იღებს შშმ პირთათვის განკუთვნილ პენსიას, მაგრამ ამ პირთა რეალური რაოდენობა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, სულ მცირე, ორჯერ მეტია.

2014 წლის ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ არ არსებობს არავითარი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობდა შშმ პირთა დასაქმებას. შედეგად, ის შშმ მოქალაქეები, ვისაც მუშაობა უნდა, ბედის ანაბარა არიან მიტოვებული.

ბექა: ინფორმატიკის საზღვრებს მიღმა

ბექას მრგვალი და ბავშვური სახე და სავსე ტუჩები აქვს. მისი დაბალი, ბოხი ხმა თითქოს არ შეესაბამება მის გარეგნობას. შვიდი წლის ასაკამდე ბექამ არ იცოდა, რომ უსინათლო იყო, სანამ ერთმა ქალმა არ თქვა, ეს ბავშვი ვერ ხედავსო.

ამ აღმოჩენას შოკი არ გამოუწვევია, რადგან ბექასთვის უცხო იყო სინათლისა თუ სიბნელის, უსინათლობის ცნებები. მშობლებს მისთვის არაფერი აუხსნიათ, არ უნდოდათ, მას სხვა ბავშვებისგან განსხვავებულად ეგრძნო თავი.

ბექასთვის უმთავრესი გრძნობა სმენაა.

„ადამიანის მაშინაც მესმის, როცა ის არ ლაპარაკობს“, ამბობს ბექა. „ყოველთვის მოდის რაღაც ხმა ადამიანისგან და ეს ხმა მაშინაც კი მესმის, როცა ჩვენ შორის კედელია, ან მანქანა.“

ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის მედიცინის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, დაბადებიდან უსინათლო ადამიანები ხშირად იყენებენ თავიანთი ტვინის ვიზუალურ ნაწილებს საიმისოდ, რომ კიდევ უფრო დახვეწონ სმენისა და შეხების შეგრძნებები.

„კვლევისას გაირკვა, რომ უსინათლოთა ტვინის ქერქი ნათდება, როცა მონაწილეები სმენით ან ტაქტილურ სავარჯიშოებში არიან ჩართული“, გვიხსნის კვლევის წამყვანი სპეციალისტი, ჯოზეფ რაუშეკერი, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და ბიოფიზიკის ფაკულტეტის პროფესორი.

თბილისის უსინათლოთა სკოლაში, სადაც მე-12 კლასამდე სწავლობდა, ბექამ პირველად გაიგო თეთრი ხელჯოხის კომპლექსის შესახებ. მშობლებს ერჩივნათ, საკუთარი ფრთის ქვეშ ჰყოლოდათ თავიანთი უსინათლო შვილები ნაცვლად იმისა, რომ მათთვის ქუჩაში თეთრი ხელჯოხით გადაადგილების საშუალება მიეცათ: არ სურდათ, ყველას სცოდნოდა, რომ უსინათლო შვილები ჰყავთ.

„არ მომწონს უსინათლოები“, ამბობს ბექა, „არ მომწონს ადამიანები, რომლებიც სხვებზე არიან დამოკიდებული და არ სურთ თავიანთი ცხოვრების შეცვლა. ამიტომ არის, რომ უსინათლოები ზოგს სულელი და არაფრის მაქნისი ხალხი ჰგონია.“

15 წლის ასაკში ბექამ გადაწყვიტა, დამოუკიდებლად ევლო სკოლაში. მშობლებს უთხრა, რომ დადგებოდა დრო, როცა ისინი მის გვერდით აღარ იქნებოდნენ და რომ მას ახლავე უნდა ესწავლა დამოუკიდებლად ცხოვრება.

ახლა ბექას თეთრი ხელჯოხი და GPS-ის სანავიგაციო სისტემა ეხმარება. როცა ეს არ კმარა, ბექა გამვლელებს სთხოვს დახმარებას.

„ღმერთები ხომ არა ვართ? დახმარება ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დასჭირდეს, უსინათლო იქნება თუ არა“, ამბობს ბექა.

“ადამიანის მაშინაც კი მესმის, როცა ის არ ლაპარაკობს” - ამბობს ბექა, რომელიც დაბადებიდან უსინათლოა.

“ადამიანის მაშინაც კი მესმის, როცა ის არ ლაპარაკობს” - ამბობს ბექა, რომელიც დაბადებიდან უსინათლოა.

მას აქვს სტანდარტული კომპიუტერი, რომელიც 2008 წლის სექტემბერში შეიძინეს, როცა ბექა მე-7 კლასში იყო. ბექა ჯერ კლავიატურას გაუშინაურდა, შემდეგ - საოპერაციო სისტემებსა და ინტერნეტში მუშაობას.

კლავიატურაზე F და J ღილაკები ამობურცულია, რაც ბექას სხვა ღილაკების მოძებნაში ეხმარება. ბექამ თანდათან გაიღრმავა ცოდნა, გადმოწერა საკომპიუტერო პროგრამირების სახელმძღვანელოები და ისწავლა პროგრამული ენები: Delfi, C/C++ და Python-ი.

ორი წელი დასჭირდა, ვიდრე ქართულად მეტყველ სინთეზატორს შექმნიდა. ესაა ხმის მოდული, რომლის ინტეგრირებაც შესაძლებელია ეკრანის წამკითხველ პროგრამებში. ეს ბექას უსინათლო მეგობრის, 33 წლის ლადო ურდულაშვილის იდეა იყო. მეტყველების სინთეზატორის შექმნა მოცულობითი აუდიობიბლიოთეკის შექმნასაც გულისხმობს. ბექა 1,300 წინადადებას ამზადებდა, სანამ ლადო მსახიობს ეძებდა ხმის ჩასაწერად.

სინთეზატორის პირველი კომპიუტერული ვერსია 2014 წლის თებერვალში მომზადდა და ბექამ და ლადომ პროგრამა უსასყიდლოდ შესთავაზეს უსინათლოთა კავშირს - ერთადერთი პირობით, რომ პროგრამით სარგებლობა უფასოდ შეეძლებოდათ საქართველოში მცხოვრებ უსინათლო მოქალაქეებს. რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბექასგან და ლადოსგან შეიძინა პროგრამის ლიცენზია, რათა ქართულენოვანი სინთეზატორი თავისი ვებსაიტისთვის გამოეყენებინა. იმავე წლის ზაფხულში ბექამ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა, რათა ახალი პროგრამა მისი საიტისთვის მოერგო.

შარშან ბექამ, რომელიც დღეს 21 წლისაა, თავისი CV გაგზავნა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ხუთ კომპანიაში, თანაც ისე, რომ თავისი უსინათლოობა არ უხსენებია. პოტენციურმა დამსაქმებლებმა მხოლოდ გასაუბრებაზე აღმოაჩინეს, რომ ბექა უსინათლოა. პასუხი ხუთივეგან ერთნაირი იყო: „ეს შტატი უკვე შევსებული გვაქვს.“

საქართველოს შრომის კოდექსი არ კრძალავს სამუშაო ადგილზე შშმ პირთა დისკრიმინაციას. „სამინისტროთაშორისო საბჭო მხოლოდ ახლა ამზადებს ცვლილებას, რომელსაც 2016 წელს პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი“, ამბობს ელზა ჯგერენაია, შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსი.

2015 წლის დასაწყისში ბექამ შეიტყო, რომ თბილისის მერიაში პროგრამისტის ვაკანტური ადგილი გაჩნდა. საბუთები შეიტანა, გასაუბრების ეტაპიც გაიარა, მერე კი ნაცნობი კითხვის მოსმენა მოუხდა: „მართლა შეგიძლია პროგრამირება?“ სამსახურში ბექა ორთვიანი გამოსაცდელი ვადით მიიღეს, რის შემდეგაც სრულუფლებიან თანამშრომლად გააფორმეს. დღეს ბექა ერთ-ერთია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ 24 პირიდან, ვინც საქართველოს საჯარო დაწესებულებებში მუშაობს.

სსრკ: ქველმოქმედება გეტოში

სკოლაში სწავლისას, ბექას ვიღაცისგან შეიტყო, რომ თბილისის გარეუბან ფონიჭალაში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ უსინათლო ადამიანები. თბილისელი ფილანთროპების თაოსნობით მე-19 საუკუნის ბოლოს შექმნილი ეს დასახლება კიდევ უფრო განვითარდა 1930-იან წლებში, როცა საბჭოთა მთავრობამ უსინათლოებისთვის საწარმოებისა და ბინების აშენება დაიწყო. ქალაქის უსინათლოთა უმრავლესობა სწორედ დასახლებაში ცხოვრობდა. 1970-იან წლებამდე უსინათლოთა დასახლებასა და დანარჩენ ქალაქს ერთმანეთისგან კედელი ჰყოფდა.

„ასე, უხილავი კედლის მიღმა ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ უსინათლოები თბილისში“, ამბობს ბექა და დასძენს, რომ ამ კედელს უსინათლო პირები ხშირად თვითონ აშენებენ საკუთარ თავში. კედელი ბექასთვისაც არსებობდა, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, ის თანდათან დაპატარავდა.

საბჭოთა პერიოდში სახელმწიფოს შემუშავებული ჰქონდა სოციალური პოლიტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რომლებსაც პენსიებსაც უხდიდა. იმატა საავადმყოფოებისა და პანსიონატების რაოდენობამ შშმ პირთათვის, შეიქმნა სპეციალური სკოლები. სახელმწიფო ამაყობდა იმით, როგორ ზრუნავდა „ინვალიდებზე“, მაგრამ ერთ-ერთი შედეგი, რომელიც ამ პოლიტიკამ გამოიღო, შშმ პირთა სეგრეგაცია და მათი დამოუკიდებლობის ხარისხის შემცირება იყო.

1970-იანების ბოლოს საბჭოთა რუსეთში აქტივისტთა ჯგუფმა იური კისელიოვისა და ვალერი ფეფიოლოვის ხელმძღვანელობით, ჩაატარა კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობას. ამ აქტივისტთა მტკიცებით, შშმ პირები საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, წარმოების პროცესის მონაწილეებად უნდა ქცეულიყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ სოციალური პენსიებისა თუ პანსიონატებში ადგილის მოპოვების მოლოდინში ყოფილიყვნენ.

1986 წელს გამოქვეყნებულ წიგნში ფეფიოლოვი ჰყვება ამბავს ერთი უცხოელი ჟურნალისტისა, რომელმაც 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიური თამაშების დღეებში, ერთ თანამდებობის პირს ჰკითხა, აპირებდა თუ არა საბჭოთა კავშირი მონაწილეობას პირველ პარაოლიმპიურ თამაშებში, იმავე წლის ბოლოს დიდ ბრიტანეთში რომ უნდა გამართულიყო. საბჭოთა ჩინოვნიკს მისთვის უპასუხია: „საბჭოთა კავშირში ინვალიდები არ გვყავს!“ თავისი წიგნის სათაურად ფეფიოლოვმა სწორედ ეს სიტყვები აირჩია.

ინტეგრაციის პროცესი იოლი არ ყოფილა. 2005 წელს, როცა საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამდა ინკლუზიური განათლების დანერგვის გზაზე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებმა საჯარო სკოლებში დაიწყეს სიარული, სხვა ბავშვების მშობელთა ერთმა ნაწილმა ამის გამო პროტესტი გამოთქვა. შესაძლოა, ზოგი მათგანი შიშობდა, ვაითუ შეზღუდული შესაძლებლობა გადამდებიაო.

შშმ პირთათვის ადაპტირებული “სლალომი” გადასასვლელებზე. რუსთაველის გამზირი, თბილისი

შშმ პირთათვის ადაპტირებული “სლალომი” გადასასვლელებზე. რუსთაველის გამზირი, თბილისი

თინათინი: გამორჩეული სტუმართმოყვარეობაში

თინათინ რევაზიშვილის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე 2002 წლის 10 მაისია. ამ დღეს მან მიმტანად დაიწყო მუშაობა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“. თინათინი მაშინ 21 წლის იყო და მალე სწავლაც უნდა დაემთავრებინა.

მას უყვარდა სასტუმროს ყველა კუთხე. კრემისფერი, ყვავილებიანი შპალერით დამშვენებული დერეფნები „ტიტანიკის“ინტერიერს აგონებდა. მაგრამ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა 2009 წლის სექტემბერში, როცა თინათინი ავტოკატასტროფაში მოყვა. წვიმიანი საღამო იყო და თინათინი სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა. მას ახსოვს იმ პოლიციელის სახე, რომელიც პირადობის დამადასტურებელ მოწმობას სთხოვდა. მერე თინათინმა გონებას დაკარგა. თვალები რომ გაახილა და გააცნობიერა, რომ საავადმყოფოში იწვა, პირველად ეს გაიფიქრა: ხვალ დილით სამსახურში ვერ მივალ და უფროსის გაფრთხილებასაც ვეღარ მოვახერხებო. თუმცა, ოპერაციის შემდეგ თინათინი მიხვდა, რომ სიარულს ვეღარასოდეს შეძლებდა.

კოლეგები და მეგობრები ძალიან ეხმარებოდნენ. სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა უთხრა, რომ ავადმყოფობის პერიოდშიც გადაუხდიდა ხელფასს.

„დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ იმის გამო, რომ ეტლით მომიწევდა გადაადგილება“, ამბობს თინათინი. „მზად ვიყავი, დაუყოვნებლივ გავსულიყავი გარეთ და სამსახურში დავბრუნებულიყავი. ნამდვილად უბედური მაშინ გავხდი, როცა მივხვდი, რომ ყველაფერში ჩემს ოჯახზე უნდა ვყოფილიყავი დამოკიდებული. ორი წლის მანძილზე ოთახის მცენარესავით ვარსებობდი.“

ერთ დღეს თინათინმა ტელევიზიით ნახა რატი იონათამიშვილი, ეტლზე მიჯაჭვული ახალგაზრდა კაცი, რომელიც ცეკვავდა. რატი ახლა თბილისის მერიაში მუშაობს. იგი მონაწილეობს ცეკვის კონკურსებში, წერს ლექსებს. რატის თინათინი ფეისბუკის საშუალებით დაუმეგობრდა, რის შემდეგაც რატიმ თინათინი სპორტის სამყაროს აზიარა. მალე თინათინმა პარაოლიმპიური მოძრაობის წევრები გაიცნო და თანდათან დაემშვიდობა „უმოძრაო“ ცხოვრებას.

„ენთუზიაზმით ავივსე, როცა ვნახე ეტლში მჯდომი მორაგბეები და წოლ-ჭიმით დაკავებული სპორტსმენები, ისინი თითქოს შინაგან ძალას აფრქვევდნენ.“

თინათინი სამსახურში (სასტუმრო "თბილისი მარიოტი")

თინათინი სამსახურში (სასტუმრო "თბილისი მარიოტი")

ავარიიდან ორი წლის შემდეგ თინათინი დაუბრუნდა სასტუმრო „მარიოტს“ და გააგრძელა მუშაობა კვებისა და სასმელების განყოფილების დირექტორის ასისტენტად. ახლა ის სასტუმროს კაფისა და რესტორნის მენეჯერია.

სამსახურში მას უსიამოვნო წუთებიც გამოუცდია. ერთხელ მომსახურებით უკმაყოფილო კლიენტმა უფროსთან საუბარი მოითხოვა. თინათინი გამოცხადდა თავისი ეტლით, სტუმარს წარუდგა და ჰკითხა, რით შემიძლია გემსახუროთო. კაცი სახტად დარჩენილა. თურმე დაჟინებით მოითხოვდა „ნამდვილ უფროსთან“ საუბარს...

ბრძოლა გაძლიერებისთვის

გვარიანად შელანძღული „ნისან მურანო“, დაფხაჭნილი ქარსარიდი მინით „თბილისი მარიოტის“ წინ ჩერდება. ტაქსის 60-ოდე წლის მძღოლს აშკარა დაბნეულობა ეტყობა, როცა მას ეტლში მჯდომი ქალი უხლოვდება. ტაქსისტმა არ იცის, როგორ მოიქცეს, მაგრამ თინათინი დამოუკიდებლად მოქმედებს: ეტლიდან მანქანაში გადადის და მძღოლის გვერდით იკავებს ადგილს. ზოგჯერ მას რცხვენია თავისი დაკუნთული მკლავებისა და ხშირად შესაფერისი ტანსაცმლის პოვნაც უჭირს.

ეტლით მოსარგებლეთათვის თბილისში ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება ტაქსები და კერძო მანქანებია. საზოგადოებრივი სატრანსპორტო ქსელი მათთვის დახურულია, ხოლო მძღოლები იშვიათად თუ აჩერებენ მანქანას ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელებზე. მთავარ გამზირებზე ქუჩის ერთი მხრიდან მეორეზე მოხვედრის ერთადერთი საშუალება მიწისქვეშა გადასასვლელები ან მიწისზედა ხიდებია. პანდუსით მხოლოდ ზოგიერთი მათგანია აღჭურვილი, და ხშირად, მეტისმეტი დახრილობის გამო, ისინიც გამოუსადეგარია.

შშმ პირებისთვის კეთილმოწყობილი ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელი (თბილისი)

შშმ პირებისთვის კეთილმოწყობილი ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელი (თბილისი)

პანდუსების აშენება ამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო თბილისის მერიამ, თუმცა, ზოგიერთის აზრით, ეს ვალის მოხდის მიზნით უფრო გაკეთდა. ასე ფიქრობს, მაგალითად, თამუნა ნადირაძე, პროექტის მენეჯერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციაში სახელწოდებით „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“. მისი თქმით, ეს პანდუსები თვალებში ნაცრის შესაყრელად მოეწყო, ანუ იმის საჩვენებლად, რომ მერია ზრუნავს შშმ პირებზე.

თინათინი ხშირად სტუმრობს თბილისის პარაგანვითარების ცენტრს, სადაც ეტლით მოსარგებლე ტყუპ ძმებს, თორნიკესა და ცოტნეს, სპორტის პარაოლიმპიურ სახეობაში, ბოჩაში ავარჯიშებს. თინათინი მათ თამაშის წესებს უხსნის. ტყუპები ოდნავ მორცხვად, მაგრამ ცნობისმოყვარეობით უსმენენ. საღამოს 7 საათია.

„ჯერ თეთრი ბურთი უნდა ისროლოთ მოედნის ცენტისკენ, შემდეგ თითოეულმა გუნდმა უნდა ისროლოს წითელი და ლურჯი ბურთები თეთრ ბურთთან მაქსიმალურად ახლოს“ - ხსნის თინათინი.

კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ვარჯიშზე დადის ხოლმე, დღეს არ მოსულა. მის ადგილს თამაშის დროს თინათინის მეგობარი ირმა ხეცურიანი იკავებს. ირმას ფარიკაობაში რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია, თინათინმა ის უკრაინაში ყოფნისას, ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში გაიცნო.

საფარიკაო დუელი ეტლებით: ირმა ხეცურიანი და თემო დადიანი

საფარიკაო დუელი ეტლებით: ირმა ხეცურიანი და თემო დადიანი

ირმა აფხაზეთიდან დევნილია და ეტლით გადაადგილდება მას შემდეგ, რაც ზურგის ტვინში სიმსივნე აღმოაჩნდა. ახლა ის მორიგი საფარიკაო ასპარეზობისთვის ემზადება.

ცეკვა ერთი და იმავე მელოდიის თანხლებით

საღამო, თბილისი, რესტორანი „მრავალჟამიერი“. ირმასა და მის მეგობარ ქრისტინას საცეკვაო მოედნისკენ მიეჩქარებათ. რამდენიმე საათის წინ ირმამ გაიმარჯვა მოფარიკავე ქალთა შეჯიბრებაში, მაგრამ შემდეგ დათმო ორთაბრძოლა თემო დადიანთან, მამაკაცთა ტურნირის გამარჯვებულთან და ავღანეთის ომის ვეტერანთან.

ირმა ერთადერთი ეტლით მოსარგებლეა რესტორანში მოცეკვავეებს შორის, რომლებიც ქართული, უცხოური და საბჭოთა სიმღერების თანხლებით ცეკვავენ. ირმას ცეკვა ძალიან უყვარს, მაგრამ რესტორნის სხვა სტუმრები მას ისე მიშტერებიან, ირმას ზოგჯერ ჰგონია, თითქოს მისი ცეკვა პროტესტის გამოხატულება იყოს. არადა, მას მხოლოდ ის უნდა, ყველას დაანახვოს, რომ სიცოცხლით ტკბობა ეტლით მოსარგებლეებსაც შეუძლიათ. მალე მას 30-ოდე წლის უცნობი მამაკაცი უახლოვდება, დიდხანს უყურებს, მერე კი შუბლზე კოცნის.

თინათინიც აქაა, მაგრამ ის ჯერ მაგიდასთან რჩება. მოგვიანებით თინათინი და ირმა ერთად მიუსხდებიან სუფრას.

„ერთი სადღეგრძელო მინდა ვთქვა“, იწყებს თინათინი, „სიყვარულის და ცხოვრების, რადგან, სანამ გიყვარს, ეს ნიშნავს, რომ ცოცხალი ხარ. და კიდევ − საქართველოს გაუმარჯოს, ამ პატარა ქვეყანას, რომელიც როგორღაც ჯერ კიდევ ცოცხალია და ფეთქავს!“

თითქმის ყოველთვის, როდესაც თინათინი და ირმა გასართობად გადიან, ხალხი მათ სუფრაზე საჭმელს ან სასმელს უგზავნის. ზოგიერთი აშშ-ში ოპერაციის დაფინანსებასაც კი სთავაზობს. თუმცა მეორე დღეს არავინ რეკავს დაპირების შესასრულებლად.

„ხალხს უკვირს, რომ ვიცინით, გარეთ გავდივართ და ვცეკვავთ“, ამბობს ირმა. თინათინი პასუხობს, რომ ის ხშირად იღლება სხვებისთვის მაგალითის მიცემით და უბრალოდ, უნდა შაბათ საღამოს გართობა ისე, რომ ამდენი ყურადღება არ მიიქციოს. ქველმოქმედება ადამიანებისგან, როგორც წესი, მაშინ მოდის, როცა რამდენიმე ჭიქა არაყი აქვთ გადაკრული.

გიორგი გრიგოლია ეტლების საწარმოში

გიორგი გრიგოლია ეტლების საწარმოში

პატარა, გაურკვეველი ჯიშის თეთრი ძაღლი გიორგი გრიგოლიას ეტლისკენ მიიწევს და ხტუნვითა და კუდის ქიცინით ითხოვს საჭმელს. 51 წლის გიორგი ცდილობს, მშვიდად გააგრძელოს ჭამა. დროდადრო გახედავს ხოლმე კოლეგებს, რომლებიც ნარდს თამაშობენ.

გიორგი დღეს ნარდის თამაშის გუნებაზე არ არის. სადილის შესვენების დროს ამ საწარმოში, სადაც ეტლები იწყობა, სიჩუმეა და მხოლოდ აქა-იქ გაისმის კამათლის გაგორების ხმა, სიცილი ან მოშიებული ძაღლის ყეფა.

1993 წლის 18 მაისს, აფხაზეთის ომის დროს, გიორგის სიახლოვეს ნაღმი აფეთქდა, რის შედეგადაც მან ზურგის ტვინის დაზიანება მიიღო. როგორც გიორგი ამბობს, ომში ის მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად წავიდა და ერთი წუთითაც არ ნანობს ამ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ეტლზეა მიჯაჭვული.

თითქმის 20 წლის მანძილზე გიორგის, ვეტერანის პენსიის გარდა,საკუთარი შემოსავალი არ ჰქონდა. დროდადრო ის მწვრთნელად მუშაობდა ეტლით მოსარგებლეთა აქტიური ცხოვრების უნარ-ჩვევების სასწავლო ბანაკებში, მაგრამ მუდმივი სამსახური არ ჰქონდა. სამსახურის ძებნა არც კი უცდია, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ეტლით მოსარგებლის დასაქმებას არავინ მოისურვებდა.

2010 წელს გიორგიმ შეიტყო, რომ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, რომლის ღონისძიებებშიც ის ზოგჯერ მოხალისედ ერთვებოდა ხოლმე, ეტლების წარმოებას ხსნიდა. გიორგიმ კოალიციას მიმართა და მალე ის ეტლების წარმოებაში დაასაქმეს.

ეტლების საწარმო, რომელიც თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობს, ხუთიოდე წლის წინ შეიქმნა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. საწარმოში დასაქმებულთა ნახევარზე მეტი შშმ პირია. ერთი წლის წინ დონორმა შეწყვიტა პროექტის დაფინანსება, მაგრამ საწარმო მაინც განაგრძობს მუშაობას.

დაზიანების მიღების შემდეგ გიორგი გრძნობდა, რომ მის თავდაჯერებულობას ბზარი გაუჩნდა არა მარტო იმის გამო, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო, არამედ იმიტომაც, რომ არ შეეძლო ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა. „ერთადერთხელ ვცადე მეტროთი სარგებლობა, იმ დღის გახსენებაც არ მინდა!“, მეუბნება გიორგი. თურმე მან ესკალატორზე ჩასვლა სცადა, მაგრამ ეტლი ვერ დაიმორჩილა, გიორგიც გადაყირავდა და ეტლი თავზე დაეცა.

ეტლების საწარმოში გიორგი ლითონისგან სხვადასხვა დეტალს ჭრის და ასუფთავებს. ჭრის სხვადასხვა სიგრძის მილებსაც, რაც ეტლის დამზადების პირველი ნაბიჯია.

„ზოგჯერ ჩემს მოვალეობებს ვაჭარბებ და ყველაფერს ვჭრი!“, ეცინება გიორგის. რაც აქ დაიწყო მუშაობა, მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. ომის შემდეგ გიორგის პირველად მიეცა საშუალება, თავი ირჩინოს, ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს ოჯახს და დრო გაატაროს კოლეგებთან და მეგობრებთან, რომელთა დიდი ნაწილი ასევე შშმ პირები არიან. ეს სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ის დამოუკიდებლობაში მეხმარებაო, ამბობს გიორგი.

37 წლის გელა ლაღიძე, რომელიც ეტლების ამავე საწარმოში მუშაობს, სამი წლის ასაკიდან ვეღარ დადის, მაგრამ მან სწრაფად შეძლო ადაპტაცია. მალევე მიხვდა, რომ საკუთარი სარჩო თავად უნდა ეშოვნა, თან ისეთი საქმიანობა აერჩია, რომელიც ნაკლებ ფიზიკურ ძალას მოითხოვდა. გელამ ელექტრონიკა აირჩია. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა ისწავლა საათების, მობილური ტელეფონებისა და ტელევიზორების შეკეთება.

ეტლების საწარმოში (თბილისი)

ეტლების საწარმოში (თბილისი)

გელამ მშვენივრად იცის, რომ მეტროს ესკალატორები ეტლით მოსარგებლეთათვის გამოუსადეგარია. ასე რომ, მეტროთი მგზავრობას რომ დააპირებს, ის ეტლიდან გადმოდის, საფეხურებზე მიხოხავს და ეტლს უკან მიათრევს. თავიდან გელას თავზარდაცემულ გამვლელთა მზერის ატანა უწევდა, მაგრამ თანდათან მიხვდა, რომ „თუ შენს რუტინას არ უღალატებ, ხალხიც მალე გეჩვევა.“

გელამ ისიც იცის, რომ, თუ დამოუკიდებლობა გინდა, შენი ცხოვრების გმირი თავადვე უნდა გახდე, განსაკუთრებით საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ვერ არის იმდენად ქმედითი, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს შშმ პირთა ცხოვრებაში.

„როცა მოტივირებული ხარ და მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი, რომ დამოუკიდებლად უნდა იცხოვრო, საკუთარ თავში იპოვი ძალას, რომელიც ნებისმიერ სირთულეს გადაგალახვინებთ“, ამბობს გელა და ისევ კოლეგებისკენ მიიჩქარის ნარდის თამაშის გასაგრძელებლად.

კამათლის ერთი გაგორებაც და ყველა ისევ სამუშაოს დაუბრუნდება.

იხ. აგრეთვე სტატიის ინგლისური და რუმინული ვერსიები.

მასალა მომზადდა რუმინეთის ევროპული პოლიტიკის ცენტრის (CRPE) და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

ინგლისურიდან თარგმნა თამუნა ნადირაძემ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG