Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსაფრთხო სკოლა - ექიმების გარეშე?


თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლა
თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლა
11 დეკემბერს თბილისის 59-ე საჯარო სკოლაში, რომელიც გლდანულის დასახლებაში მდებარეობს, პირველკლასელ მოსწავლეს კალმის თავსახური გადასცდა. 6 წლის ბიჭმა გახანგრძლივებულის პედაგოგს შესჩივლა, რომ სუნთქვა უჭირდა. ადგილზე გაწეული პირველადი დახმარებისა და შემდეგ უკვე სასწრაფო დახმარების ექიმების მცდელობის მიუხედავად, ბავშვი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ გაჩნდა კითხვა, კვლავაც არსებობს თუ არა სკოლებში სამედიცინო პუნქტები და ვინ ზრუნავს მოსწავლეთა სამედიცინო უსაფრთხოებაზე. როგორც გაირკვა, განათლების სამინისტრომ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენა მანდატურებს მიანდო, ექიმისა და ექთნის შტატი კი სკოლის წესდების საშტატო ჩამონათვალიდან საერთოდ ამოიღო.

ნინო 59-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის დედაა. ბოლო ორი დღეა 11 დეკემბერს სკოლაში მომხდარი ტრაგედია მისი და კიდევ არაერთი მშობლის მთავარი საფიქრალია. სკოლაში მედპუნქტის გაუქმებას მშობლები ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ აპროტესტებდნენ, თუმცა, ჩვენი რესპონდენტის თქმით, პროტესტი, ეტყობა, არ იყო საკმაოდ მწვავე - არავინ აღმოჩნდა იმდენად აქტიური, რომ ბოლომდე ებრძოლა სკოლებში მედპუნქტების გაუქმების წინააღმდეგ:

”ურემი რომ გადაბრუნდება, გზა ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე. იმედია, ახლა მაინც წამოიწევს ეს საკითხი, უფრო აქტუალური გახდება და მედპუნქტის არსებობის აუცილებლობაზე ყველა ხმამაღლა ილაპარაკებს. სხვანაირად არ შეიძლება. სკოლაში იყოს 400 და 600 ბავშვი და სათანადო დახმარება ვერ გაუწიო! 21-ე საუკუნეში რომ პასტის თავსახურის გამო ბავშვი დაიღუპება, რაზეა ლაპარაკი...”
ზოგს თავი სტკივა, ზოგს კბილი, ზოგს მუცელი, ზოგს გული ერევა. ბავშვები არიან, სასწავლო პროცესი კიდევ ისეთი რამ არის, რომ ათასობით ბავშვიდან, არ არსებობს, რომ დღე ისე გავიდეს, ვიღაც ცუდად არ გახდეს...
მზია დოღუზოვა


თავად 59-ე სკოლის დირექტორის მოადგილე მზია დოღუზოვა ამბობს, რომ სკოლას წლების განმავლობაში ჰყავდა ექთანი, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ შემცირებაში მოყვა. 11 დეკემბერს 59-ე სკოლაში ექიმი მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა ახლოს, რომ სკოლას ფართის გარკვეული ნაწილი იჯარით აქვს გაცემული, სადაც ეს ექიმი მუშაობს. თუმცა ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ბავშვს ექიმის დახმარებამაც ვერ უშველა. არადა, სკოლაში, სადაც რამდენიმე ასეული მოსწავლე სწავლობს, დღე ისე არ გავა, ამბობს მზია დოღუზოვა, რომელიმე მათგანს სამედიცინო დახმარება არ დასჭირდეს:

”ზოგს თავი სტკივა, ზოგს კბილი, ზოგს მუცელი, ზოგს გული ერევა. ბავშვები არიან, სასწავლო პროცესი კიდევ ისეთი რამ არის, რომ ათასობით ბავშვიდან, არ არსებობს, რომ დღე ისე გავიდეს, ვიღაც ცუდად არ გახდეს”.

რადიო თავისუფლებამ 12 დეკემბერს მედპუნქტის არსებობა-არარსებობის ფაქტი თბილისის რამდნეიმე სკოლაში გადაამოწმა. მაგალითად, ექიმი არ ჰყავს 61-ე საჯარო სკოლას. მართალია, ადმინისტრაციამ ჩვენთან საუბარი არ ისურვა, მაგრამ გავესაუბრეთ სკოლასთან შეკრებილ მშობლებს. ამავე სკოლის მეოთხეკლასელის დედა, შორენა კოროშინაძე, ადასტურებს, რომ სკოლას მედპუნქტი არ გააჩნია, პირველადი დახმარების საშუალებებს თავად კლასის დამრიგებელი ინახავს:

”ბამბა, ბინტი, იოდი - ასეთი რამეები დამრიგებელს აქვს შენახული და უცებ თუ რამე იტკინეს, დაეხმარება, მაგრამ უფრო სერიოზული დახმარება რომ დასჭირდეთ, სკოლაში ექიმი არ არის. დედაჩემი პოლიკლინიკაში მუშაობს, რომელიც სკოლასთან ახლოს მდებარეობს, და უცებ თუ რამე მოხდა, იქედან გარბიან ხოლმე. უნდა იყოს სკოლაში სამედიცინო პუნქტი და ამაზე, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა იფიქროს”.
ნამდვილად არ არის ეს პასუხისმგებლობა მანდატურებზე. ისინი თავისი მოქალაქეობრივი ვალიდან გამომდინარე თუ იმოქმედებენ და დაეხმარებიან, როგორც შეძლებენ, თორემ სამედიცინო განათლება მათ არა აქვთ. მანდატურების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს გავლილი ე.წ. სამედიცინო გადამზადების კურსი...
ლევან აბაშიძე


როგორც ირკვევა, უკვე წელიწადზე მეტია სკოლაში ექიმისა და ექთნის შტატი საშტატო ჩამონათვალში საერთოდ არ არსებობს. სკოლამ თავად უნდა გადაწყვიტოს ჰყავდეს თუ არა ექიმი და განსაზღვროს შეძლებს თუ არა მისთვის ხელფასის გადახდას. თბილისის მეათე საჯარო სკოლის დირექტორი ბელა ხუბუტია იხსენებს, რომ ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ 2010 წელს შევიდა - მასში ჩაიწერა შტატების ჩამონათვალი, რომელშიც ექიმისა თუ ექთნის შტატი ნახსენებიც არ არის. ეს ცვლილება სკოლის დირექტორებმა მაშინდელ მინისტრ დიმიტრი შაშკინთანაც გააპროტესტეს, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს პირველად დახმარებას ამ საქმეში გადამზადებული მანდატურები გაუწევდნენ. თავისთავად სკოლისთვის ექიმის ყოლა არავის აუკრძალავს, ოღონდ მისი ხელფასის დაფინანსება სკოლის ბიუჯეტს მიაბეს, რაც, ბელა ხუბუტიას თქმით, ბევრმა სკოლამ ვერ შეძლო. ექიმი არც მეათე სკოლას ჰყავს:

”მართალია, სკოლას არავინ უშლის ხელს ჰყავდეს ექიმი, თუ თავად დააფინანსებს მის ხელფასს, მაგრამ რეალურად, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, როცა კომუნალური გადასახადები იმატებს, სკოლისთვის ძალიან რთულია საკუთარი ბიუჯეტიდან გადაუხადოს ექიმს დამატებით ხელფასი. არადა, ასე ხომ არ იქნება, გაზაფხულზე გვყავდეს ექიმი, ზამთარში არა... ვფიქრობ, განათლების სამინისტრომ უნდა შეცვალოს ის აბსურდული ჩანაწერი წესდებაში”.

საინტერესოა, რომ მანდატურის სამსახურის უფროსმა ლევან აბაშიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ სამედიცინო მომზადება მანდატურების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს გავლილი. შესაბამისად, სამედიცინო დახმარება სკოლებში მათი პირდაპირი ვალდებულება არ არის. მისი აზრით, სკოლაში საჭიროა იყოს მედპუნქტი:

”ნამდვილად არ არის ეს პასუხისმგებლობა მანდატურებზე. ისინი თავისი მოქალაქეობრივი ვალიდან გამომდინარე თუ იმოქმედებენ და დაეხმარებიან, როგორც შეძლებენ, თორემ სამედიცინო განათლება მათ არა აქვთ. მანდატურების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს გავლილი ე.წ. სამედიცინო გადამზადების კურსი, დიდმა ნაწილმა ეს საქმე არ იცის და მათ ამ ფუნქციას დღეს, ამ ეტაპზე, ვერ დავაკისრებთ. თუმცა მომავალში კი ვგეგმავთ, რომ აუცილებლად შეისწავლონ ეს უნარ-ჩვევები. ჩემი აზრი კი ასეთია: სკოლაში აუცილებლად უნდა არსებობდეს სამედიცინო პუნქტი, რომელიც კვალიფიცირებული ექიმითა და ექთნით იქნება დაკომპლექტებული”.
სკოლა სპეციფიკური დაწესებულებაა, ამიტომ ჩვეულებრივი ექიმის სტანდარტი იქ არ გამოდგება, ეს სტანდარტიც შესამუშავებელია და ადრეც გასაკეთებელი იყო. თუმცა ვფიქრობ, რომ სკოლის ექიმების ერთი ხელის მოსმით გაყვანა სკოლებიდან მაინც არ იყო გამოსავალი...
ალუდა გოგლიჩიძე


განათლების სამინისტროში ფიქრობენ როგორ აღადგინონ სკოლაში სამედიცინო პუნქტები. მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე მიიჩნევს, რომ სკოლას ექიმის მომსახურება სჭირდება არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესის დროს, არამედ მაშინაც, როცა სკოლა ატარებს სპორტულ შეჯიბრებას ან გასვლით ღონისძიებას. ამ საკითხს განათლების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში განიხილავს. ალუდა გოგლიჩიძის სიტყვებით, დღეს უსაფრთხო სკოლა მხოლოდ მანდატურის ინსტიტუტის არსებობას გულისხმობს.
მისი სიტყვებით, პრობლემაა კვალიფიცირებული კადრების არსებობაც:

”სკოლა სპეციფიკური დაწესებულებაა, ამიტომ ჩვეულებრივი ექიმის სტანდარტი იქ არ გამოდგება, ეს სტანდარტიც შესამუშავებელია და ადრეც გასაკეთებელი იყო. თუმცა ვფიქრობ, რომ სკოლის ექიმების ერთი ხელის მოსმით გაყვანა სკოლებიდან მაინც არ იყო გამოსავალი. ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რომ უნდა განისაზღვროს ამ ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების სქემაც, იმიტომ რომ, თუ ექიმი მხოლოდ სკოლაში იმუშავებს, ბუნებრივია, მათი კვალიფიკაცია დროთა განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. მთავარი ის არის, რომ ნება არსებობს, რომ სკოლებში მედპუნქტები აღდგეს. ახლა ვფიქრობთ რა ფორმით დავაბრუნოთ ექიმის ინსტიტუტი სკოლაში”.

განათლების სამინისტრო ზუსტ თარიღს, თუ როდის აღდგება სკოლებში სამედიცინო პუნქტები, ვერ ასახელებს, თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ამისთვის რამდენიმე თვეზე მეტი საჭირო არ იქნება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG