Accessibility links

logo-print

გირაო პატიმრობის ნაცვლად


19 დეკემბერს დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო

19 დეკემბერს დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო

22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს ალექსანდრე ხეთაგურს, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას, გიორგი ნემსიწვერიძესა და დევი კანდელაკს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის ნაცვლად, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, გირაო, შეუფარდა. 19 დეკემბერს დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. საუბარია ცრუმეწარმეობაზე, დოკუმენტაციის გამოყენება-გაყალბებასა და დიდი ოდენობის ქრთამის აღების მცდელობაზე. დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ტაშით შეხვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველ დარბაზში შეკრებილი 150-მდე ადამიანი მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ექვს ადამიანს, მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებასა და ფიქტიური ფირმის დაარსებაში ბრალდებულს, აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. ოთხსაათიანი სასამართლო სხდომის შემდეგ, მოსამართლე არევაძემ უარყო ბრალდების მხარის, გენერალური პროკურატურის ფინანსური დეპარტამენტის პროკურორის ნიკოლოზ სირაძის შუამდგომლობა ბრალდებულთათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და, სხდომაზე გამოცხადებული ერთსაათიანი შესვენებიდან გამოსულმა, დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ერთ-ერთი ბრალდებულის - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და ასევე ფინანსთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის - ადვოკატი დავით ხაჟალია ამბობს, რომ ბრალდების მხარეს დანაშაულის მტკიცებულებები არ გააჩნია და პროკურორის მისამართით თავის მიერ დასმულ ერთ კითხვას გამოყოფს. უნდა ვთქვათ, რომ დავით ხაჟალიას კითხვაზე პროკურორის მიერ გაცემულ პასუხს სასამართლო დარბაზში ტაში მოჰყვა. როგორც ჩანს, ბრალდების მხარეს ამ ეტაპზე ალექსანდრე ხეთაგურის ბრალეულობის დასამტკიცებლად მყარი დოკუმენტები არა აქვს:

”ალექსანდრე ხეთაგურთან მიმართებაში ქრთამის აღების ფაქტზე დასმული იქნა ძალიან მარტივი და პირდაპირი კითხვა, გააჩნდა თუ არა გამოძიებას შესაბამისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ალექსანდრე ხეთაგურმა აიღო ქრთამი, რაზეც პასუხი იყო, რომ ამის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები არ გააჩნია გამოძიებას. ეს იყო ძირითადი არგუმენტი იმისა, რომ თუ გამოძიებას არ გააჩნია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ხეთაგურმა აიღო ქრთამი, მას, შესაბამისად, არ შეიძლება ჰქონდეს მტკიცებულება, რომ მან მოახდინა ქრთამის სახით მიღებული შემოსავლის შემდგომი ლეგალიზება”.
ჩვენ ვაწყდებით მოუმზადებელ და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალს. მიმაჩნია, რომ ეს დაკავებები არის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილზე გასვლის ერთ-ერთი გზა...


საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და ასევე ფინანსთა ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს 30 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა შეეფარდა. ანალოგიური თანხის გადახდა მოუწევთ, გირაოს სახით, იუსტიციისა და განათლების ყოფილ მინისტრსა და გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, ”ხრამჰესი 1”-ის, „ხრამჰესი 2“-ის, შპს ”მტკვარი ენერგეტიკისა” და კომპანია ”თელასის” გენერალურ დირექტორს დევი კანდელაკს და სააუდიტო კომპანია ”გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის” დამფუძნებელსა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კახა დამენიას.

განსაკუთრებით ემოციური გამოდგა ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სიტყვა, რომელიც მან 22 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე წარმოთქვა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, მის დაკავებას კი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს:

”ჩვენ ვაწყდებით მოუმზადებელ და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალს. მიმაჩნია, რომ ეს დაკავებები არის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილზე გასვლის ერთ-ერთი გზა. პროკურორი საუბრობს იმის შესახებ, რომ თუკი აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა არ შემეფარდება, მე შესაძლოა გამოძიებას დავემალო. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ნიკა გვარამია შეიტოვებს მექრთამის კლიშეს, თავის სინდისში ჩაიხედოს. მე ვარ უდანაშაულო და ამას აუცილებლად დავამტკიცებ”.

302 ხელმოწერა ერთვის მიმართვას, რომელიც ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად დეპუტატებმა და საზოგადოებისათვის ცნობილმა სახეებმა - მათ შორის, ინტელექტკლუბის წევრებმა - შეადგინეს. მიმართვის მიხედვით, რომელიც ნიკა გვარამიას ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა მოსამართლეს გადასცა, ხელმომწერები თავდებად უდგებიან „რუსთავის 2“-ის გენერალურ დირექტორს,
დანაშაული ნამდვილად არ არის სახეზე და აქ საუბარია პოლიტიკურ დევნაზე. ასეთი ნათელი და წარმატებული ადამიანების დაკავება და მათი ციხეში ჩაყრა, საბედნიეროდ, საქართველოში არ არის ადვილი და სასამართლომ ნამდვილად მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება...

რომ ის გამოძიებას ხელს არ შეუშლის. მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი, უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე დაკავებულთათვის გირაოს შეფარდების თაობაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს და ამბობს, რომ ბრალდების მხარის სუსტი არგუმენტაცია პროცესის მსვლელობისას ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა:

”დანაშაული ნამდვილად არ არის სახეზე და აქ საუბარია პოლიტიკურ დევნაზე. ასეთი ნათელი და წარმატებული ადამიანების დაკავება და მათი ციხეში ჩაყრა, საბედნიეროდ, საქართველოში არ არის ადვილი და სასამართლომ ნამდვილად მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ალეკო ხეთაგურს, ნიკა გვარამიას, კახა დამენიას რომ სდომოდათ ქრთამების აღებით ფულის შოვნა, ორ-ორი მინისტრის თანამდებობა აქვთ, როგორც მინიმუმ, სათითაოდ გამოვლილი და ამას ისე გააკეთებდნენ, რომ ნამდვილად ვერავინ გაიგებდა”.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ელიტური კორუფციის სქემად წოდებულ საქმეში ბრალდებულ კიდევ ორ დაკავებულს - შპს ”ელენდეფ სერვისის” დამფუძნებელს გიორგი ნემსიწვერიძესა და სააუდიტო კომპანია ”გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის” დამფუძნებელს იზაბელა გუტიძეს - გირაოს სახით 15 000 დოლარის გადახდა დაეკისრათ.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებასა და ფიქტიური ფირმის დაარსებაში ბრალდებული არც ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლო სხდომაზე წარმოთქმული სიტყვების თანახმად კი, ისინი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას აპირებენ. შეგახსენებთ, რომ, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, ”ხრამჰესი 1“-ის, ”ხრამჰესი 2“-ის, ”მტკვარი ენერგეტიკისა” და ”თელასის” მფლობელმა კომპანია ”ინტერრაომ” მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრთან სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკება დაიწყო, რათა ზემოხსენებულ კომპანიებში საგადასახადო შემოწმება არ ჩატარებულიყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად კი, ამ სქემის ფარგლებში ცრუმეწარმეობის მიზნით შეიქმნა შპს ”ელენდეფ სერვისი”, რომლის ფუნქციაც ვითომდა საკონსულტაციო საქმიანობით განისაზღვრებოდა.

რაც შეეხება უკვე წინასასამართლო სხდომას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის 31 იანვარს 14:00 საათზე გაიმართება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG