Accessibility links

logo-print

უთავოდ დარჩენილი თეატრები


საპროტესტო აქციის მონაწილეები კულტურის სამინისტროში

საპროტესტო აქციის მონაწილეები კულტურის სამინისტროში

ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორმა დავით საყვარელიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. განცხადება დაწერა სამსახურიდან წასვლის თაობაზე რუსთაველის თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამაც. ამ დროისათვის კულტურის მინისტრს მათი განცხადებები არ დაუკმაყოფილებია, თუმცა, როგორც გურამ ოდიშარიამ 24 იანვარს განმარტა, ეს გადაწყვეტილება ორივე თეატრის ხელმძღვანელმა მასთან ერთობლივი მსჯელობის შემდეგ მიიღო. ზაალ ჩიქობავა ამბობს, რომ მან განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე ზეწოლის შედეგად დაწერა.

ინფორმაცია ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორის დავით საყვარელიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 23 იანვარს გვიან ღამით გავრცელდა. 24 იანვარს კი, დღის პირველ ნახევარში, მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა. მისი თქმით, დავით საყვარელიძემ ნაყოფიერი წლები გაატარა თეატრში, თუმცა ყველაფერი მოითხოვს განახლებას და დღის წესრიგში დადგა თეატრის დირექტორის შეცვლის საკითხიც:

”მას შევთავაზეთ ჩვენ სამხატვრო ხელმძღვანელად დარჩენილიყო უკვე მშობლიურად ქცეულ ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც მან განახორციელა შესანიშნავი პროექტები. დიდი მადლობა მას ამისთვის, მაგრამ ამავე დროს ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი არის განახლებადი, ყველაფერი არის განვითარებადი და ჩვენ გვინდა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრი უკვე სხვა რაკურსით, სხვა წარმატებებით და ახალი აღმასვლით ვნახოთ”, - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები აცხადებენ, დავით საყვარელიძემ განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე სამინისტროში უკვე შეიტანა, თუმცა ის ამ ეტაპზე ხელმოწერილი არ არის და, შესაბამისად, დავით საყვარელიძე კვლავაც დირექტორის თანამდებობაზე რჩება. კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დავით საყვარელიძის გადაწყვეტილების მოტივს მის სამომავლო გეგმებს უკავშირებს:

”ჩვენ დავით საყვარელიძესთან ერთად ვისაუბრეთ ბევრ თემაზე და მან არჩია, რომ უმჯობესია წავიდეს თეატრიდან, რადგან მას აქვს ძალიან საინტერესო გეგმები და პერსპექტივები. პირადად აღვუთქვი, რომ ყოველთვის მხარში დავუდგებით მის საინტერესო ინიციატივებს და ასე დასრულდა ჩვენი შეხვედრა. მან დაწერა განცხადება”.

დავით საყვარელიძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლებმა 23 იანვარს, გვიან ღამით, ტელევიზიის საშუალებით შეიტყვეს. ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად და სიტუაციაში გასარკვევად, თუ რა მიზეზით დაწერა დავით საყვარელიძემ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ისინი კულტურის სამინისტროსთან 24 იანვარს შეიკრიბნენ. ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ თეატრში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება დაუშვებელია. მათი განცხადებით, თეატრის 600 კაციან კოლექტივს ჰქონდა სრული უფლება დირექტორის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონოდა:

„საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვქონდა იმის შესახებ, თუ რატომ წავიდა დავით საყვარელიძე თანამდებობიდან. ჩვენ ეს ყველაფერი ტელევიზიით შევიტყვეთ“.

„მივედით რეპეტიციაზე და დაგვხვდა ასეთი ამბავი. არავინ არაფერი არ ვიცოდით. არ ვიცით, რა გველის და რა გველის მომავალში. წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ ინიშნება. ვართ ამხელა დასი, ხომ შეიძლებოდა ვიღაცას ჩავეყენებინეთ საქმის კურსში?!“

24 იანვარსვე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარმა დირიჟორმა ჯანლუკა მარჩიანომ თეატრის მმართველ დავით საყვარელიძის გადაწყვეტილების თაობაზე, დატოვოს თანამდებობა, შიდა კრება გამართა. მოგვიანებით კი მან და თეატრის კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა კულტურის მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრა მოაწყვეს. თითქმის ერთსაათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ჯანლუკა მარჩიანომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დავით საყვარელიძის განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ მინისტრის მიერ ხელმოწერილი არ არის. მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში შედგება შეხვედრა კულტურის მინისტრთან, შეიქმნება ერთობლივი კომისია და თეატრის თანამშრომლების გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული:

”ბევრი ვისაუბრეთ. შემიძლია გითხრათ, რომ ამ დროისათვის განცხადება ხელმოწერილი არ არის და, შესაბამისად, არც გადაწყვეტილებაა მიღებული. ასე რომ, თეატრის დირექტორი კვლავაც დავით საყვარელიძეა. უახლოეს მომავალში კვლავაც გვექნება შეხვედრა, შეიქმნება კომისია, სადაც განიხილება თეატრის თანამშრომელთა მოთხოვნები, სურვილები. ოპერის და ბალეტის თეატრთან კონსულტაციების გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული”.

ამ განცხადებიდან რამდენიმე საათით ადრე ჯანლუკა მარჩიანომ ”ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე დაწერა: ”საქართველოში ოპერისა და ბალეტის თეატრთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და ოპერისა და თეატრის არაჩვეულებრივი დირექტორის დავით საყვარელიძის გათავისუფლება მოითხოვეს... ჩემთვის კი ის დრო დადგა, რომ ავლაპარაკდე და გამოვთქვა აზრი“.

24 იანვარსვე გახდა ცნობილი, რომ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განუცხადა. მისი თქმით, კულტურის სამინისტრო არ აპირებს მიიღოს ვერტიკალური გადაწყვეტილება. მინისტრის მტკიცებით, ზაალ ჩიქობავას მიერ თანამდებობის დატოვება ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, თეატრის მმართველის თანამდებობას კი, სავარაუდოდ, რობერტ სტურუა დაიკავებს:

”დიდი მადლობა ზალიკო ჩიქობავას, რომ მან ასე გადაწყვიტა. თქვა, ვერ ვმუშაობდით ერთადო და ჯობია მე გავერიდო ამ სიტუაციასო. მოდის დიდი მაესტრო. ის ქნება მმართველი”...

თუმცა მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე ზაალ ჩიქობავამ განაცხადა, რომ რუსთაველის თეატრის მმართველის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მის თქმით, თანამდებობიდან წასვლის მიზნით მასზე ზეწოლა არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის თვეშივე დაიწყო. მისი სიტყვებით, პირდაპირ მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ მას დაეტოვებინა თანამდებობა, ასპარეზი რეჟისორ რობერტ სტურუასთვის დაეთმო. 24 იანვარსვე თანამდებობა დატოვა ზაალ ჩიქობავას მოადგილემ მარინა საღარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დავით საყვარელიძე 2004-2009 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გენერალური დირექტორი იყო, 2009 წლიდან კი ის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველია. რაც შეეხება ზაალ ჩიქობავას, ის რუსთაველის თეატრის მმართველობას 2007 წლიდან ედგა სათავეში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG