Accessibility links

logo-print
1917 წლის 10 ოქტომბერს ამერიკელი პიანისტი თელონიუს სფიერ მონკი დაიბადა. ორი სათაურის არ იყოს, ორი სახელი დაარქვეს: „თელონიუსი“ მამის, ხოლო „სფიერ“ პაპის პატივსაცემად. ფილოლოგების მოკრძალებული ვარაუდით, „თელონიუსი“ ძველი ლათინური წარმოშობის სახელი გახლავთ. ჯაზურ მუსიკაში მეტად ჩახედული ხალხი კი ამბობს, რომ „სფიერ“, ანუ „სფერო“, იმხანად გავრცელებული ჟარგონის „სქუეარ“, ანუ „კვადრატის“, ანტონიმადაც უნდა განვიხილოთ - ამ კუთხოვან ფიგურებად გამოუსწორებელ რეტროგადებსა და სიახლის შიშით შეპყრობილ ადამიანებს მოიხსენიებდნენო. თუმცა თავად თელონიუსის ბავშვობის მეგობრებს მისი იდუმალი სახელის ამოხსნაზე დიდად არ უწვალიათ - მეტსახელი „მანქი“ შეურჩიეს.

ჰოდა, „მანქი“ ნიუ-იორკში გაიზარდა, სან ხუან ჰილად წოდებულ აფროამერიკულ უბანში, სადაც ფორტეპიანო ქალაჩუნა ბიჭების საქმედ ითვლებოდა და დედამ ხელში საყვირი შეაჩეჩა. არ იყო სასულე ინსტრუმენტი თელონიუსის საქმე, რაც პედაგოგმაც მალევე შეამჩნია და მშობლებს მუსიკალური ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ბავშვმაც გაილაღა, ფერზე მოვიდა, უძილობასაც ეშველა. საფორტეპიანო ჯაზური ფირფიტების სმენას შეუდგა: არტ ტეიტუმის, ფეტს უოლერისა და დიუკ ელინგტონის ნამოქმედარს დაეწაფა. შავ-თეთრ კლავიშებს კი, 10 წლისა, დედის მიერ წვალებით ნაყიდ ინსტრუმენტზე გაეთამაშა, ხოლო საშემსრულებლო ტექნიკა ბაპტისტურ ეკლესიებში გამართულ წირვა-ლოცვებზე დახვეწა. თელონიუსმა, 20 წლის ასაკში, სახელოვან ჯულიარდის სკოლაშიც ჩააბარა, მაგრამ თეორიულ მეცადინეობებს გული დიდხანს ვერ დაუდო და სწავლა მიატოვა.



1940 წელს ნიუ-იორკში კლუბი „მინტონ ფლეიჰაუსი“ გაიხსნა, სადაც ორკესტრის უსტაბაში 27 წლის დრამერი კენი კლარკი ბრძანდებოდა. ეს ის კაცი გახლავთ, დასარტყამებზე დაკვრის მანერაში სიახლე რომ შეიტანა: ბას-დრამის ნაცვლად ძირითადი რიტმ-სექცია თეფშებზე გადაიტანა. ხეირიანი პიანისტის ძებნაში 23 წლის თელონიუსს გადაეყარა და დაასაქმა: კვირაში 7 კონცერტში 17 დოლარს უხდიდა. ასე შეიქმნა დრამერ-პიანისტის დუეტი, რომელმაც ზურგი აქცია კომერციულ სვინგსა თუ ჭკუამხიარულ დიქსილენდს. კლარკის მოუხელთებელი ტემპი, მთავარი მუსიკალური მოტივის არაპროგნოზირებადი ხასიათი და თელონიუსის ალოგიკური აკორდული განუკითხაობა ბევრ გამოცდილ ინსტრუმენტალისტს ჭირის ოფლს ადენდა. მეტიც, ამ მუსიკის კოპირებას თუ შემდგომ იმპროვიზირებას დიდხანს ვერავინ ბედავდა, სანამ კლუბს დიზი გილესპი და ჩარლი პარკერი არ ეწვია. დიზიმ, პიანისტის აკორდული სისტემის გარდა, თელონიუსის დარად მორთვა-მოკაზმვაც კი დაიწყო: შავი ბერეტი და ვეებერთელა სათვალე მოიხდინა. თუმცა მონკს ბოპერთა რევოლუციური მოდგმის მიმართ დიდი ინტერესი არ გამოუჩენია, კლუბიდან წავიდა და კოულმან ჰოუკინსთან ერთად კომპანია „ბლუ ნოუტში“ რამდენიმე ჩანაწერი გააკეთა. პროდიუსერებმა საქსოფონისტის რეკომენდაციას სცეს პატივი, თორემ მონკს სათოფეზეც არ იკარებდნენ. იცოდნენ, რომ მაგრად აფრენდა და მისი ექსცენტრული მუსიკის ეშინოდათ. თუმცა მოკვეთას დიდად არც თვითონ განიცდიდა - სიმარტოვეში საკუთარი კომპოზიციების წერას არაფერი ერჩივნა. სწორედ ამ პერიოდში შექმნა ლეგენდად ქცეული ულამაზესი თემა:



აქვე თელონიუსის ზნე და ხასიათიც ვახსენოთ. მსმენელს აინუნშიც არ აგდებდა, არ ესალმებოდა და აპლოდისმენტებისათვის არც მადლობას უხდიდა, კულისებში ისე გადიოდა, თითქოს არაფერი მომხდარაო. ტანად უზარმაზარს, დათვს ადარებდნენ, დაკვრისას წამოხტებოდა ხოლმე და, თვალებზე ბინდგადაკრული, ბარბაცით იწყებდა მოუქნელ როკვას. ზოგჯერ, უბრალოდ, ითიშებოდა, ფიქრებით გაღმა გადიოდა და, სფინქსივით გახევებულს, ამქვეყნად რის ვაი-ვაგლახით აბრუნებდნენ - მწარედ ჩქმეტდნენ ხოლმე. ჰოდა, ნარკოტიკებთან ბრძოლის ნიუ-იორკის ბიურომ ერთხელაც დაასკვნა - ჰეროინს მოიხმარსო და კონცერტების გამართვის ლიცენზია მომდევნო წლებში რამდენჯერმე ჩამოართვეს. თუმცა დანამდვილებით არავინ უწყის, რამდენად საფუძვლიანი გახლდათ ამგვარი ბრალდება. ჯაზის მკვლევარებმა იმდროინდელი სამედიცინო დასკვნებიც კი გამოქექეს, სადაც მძიმე ნარკოტიკების მოხმარება არ დასტურდებოდა. დიზი გილესპი იხსენებდა, კი ბატონო, მარიხუანას ეტანებოდა, ძლიერ ტრანკვილიზატორებს ვისკის აყოლებდა, მაგრამ იმდენად მოუქნელი იყო, ჰეროინის მოსახმარად მომზადებას ვერ შეძლებდა, ცოლის ჩაურევლად ფეხსაცმლის თასმებსაც კი ვერ იკრავდაო. ასეა თუ ისე, თელონიუსმა 40-იანი წლები უკიდურეს სიღარიბეში, მარტოსულობასა და იზოლაციაში გაატარა. თუ ვინმე გადაეყრებოდა, მასში დაბღვერილ, გაფუყულ და ბრაზისგან არეულ საშიშ ტიპს ხედავდა. არადა, უჩვეულოდ მგრძნობიარე ბუნებისა და ფაქიზი სულის პატრონი ბრძანდებოდა.

1954 წელს თელონიუსი პარიზში გაემგზავრა. მოგეხსენებათ, ფრანგებს განსაკუთრებით უყვარდათ ჯაზი და ამერიკულ მუსიკას ეთაყვანებოდნენ. თუმცა მონკის საშემსრულებლო მანერა ევროპელებმა უგემოვნოდ მიიჩნიეს და რიტმულ-ჰარმონიულ სტრუქტურასაც ვერაფერი გაუგეს. მოკლედ, პიანისტი მაგრად ჩაფლავდა. სამაგიეროდ, პანონიკა როტშილდს დაუახლოვდა, ჯაზმენთა ქომაგსა და მფარველ ქალბატონს, რომლის ფავორიტი ერთხანს ჩარლი პარკერი გახლდათ. „ჩიორას“ სიკვდილის შემდეგ კი ჯაზურ სამყაროს ახალი გმირი სჭირდებოდა. ჰოდა, ქალბატონმა მონკი ამოირჩია: ფინანსურად ეხმარებოდა, ხმის ჩამწერ სტუდია „რივერსაიდთან“ კონტრაქტი გაუხერხა და, რაც მთავარია, თავისი კავშირების წყალობით ზემოხსენებული ლიცენზიაც დაუბრუნა. თუ როგორ წავიდა მონკის ცხოვრება, შემდეგ ოთხშაბათს იყოს. მანამდე კი ულამაზეს თხზულებას, სახელად „პანონიკას“ მოვუსმინოთ, პიანისტმა მხსნელად მოვლენილ ბარონესას რომ მიუძღვნა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG