Accessibility links

logo-print

თიბილოვი ცხინვალელების თბილისში მკურნალობით შეშფოთებულია


თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში ცხინვალიდან ჩამოსულმა არაერთმა პაციენტმა მიიღო სამედიცინო დახმარება, თიბილოვის ხელისუფლებას კი არ მოსწონს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეების საქართველოს კლინიკებში გადაყვანა. ცოტა ხნის წინ თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ერთადერთ ლეგალურ მიმართულებად დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის რუსეთის ფედერაცია რჩება. თიბილოვის აზრით, მხოლოდ გამონაკლის და გადაუდებელ შემთხვევებში შეიძლება ავადმყოფების გადაყვანა თბილისში, როცა როკის უღელტეხილზე ავადმყოფების ტრანსპორტირება შეუძლებელია. გარდა ამისა, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ საქართველოს სპეცსამსახურები სარგებლობენ ავადმყოფთა ნათესავების უმწეო მდგომარეობით და მათ საქართველოს მოქალაქეობას სთავაზობენ. თიბილოვის განცხადებას ცხინვალში დისკუსია მოჰყვა. ჩვენი რადიოს ჟურნალისტი, ანონიმურობის დაცვის გარანტიით, ერთ-ერთ მოქალაქეს ესაუბრა, რომელსაც ცოტა ხნის წინ შვილი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ჰყავდა. მისი თქმით, საქართველოს კლინიკებში გამგზავრება არა მარტო ჯანმრთელობის გამოსწორების, არამედ, ხშირ შემთხვევაში, სიცოცხლის გადარჩენის შანსია. მის გოგონას ცხინვალში დიაგნოზი ვერ დაუსვეს, - ვლადიკავკაზში უთხრეს, რომ ამ დაავადებასთან საბრძოლველად გამოცდილება არ ჰქონდათ, - ამიტომ ოჯახს ისღა დარჩენოდა შვილი თბილისში გადმოეყვანა. ჩვენი წყარო ამბობს, რომ მათთვის საქართველოს მოქალაქეობა არ შეუთავაზებიათ, თუმცა საავადმყოფოში სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მისულები და საქმეში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩარევის შემდეგ ვითარება დაწყნარდა. წყაროს თქმით, არის შემთხვევები, როცა ცხინვალელი პაციენტების ახლობლები სამედიცინო მომსახურების თანხას ვერ იხდიან და ასეთ შემთხვევებში დიმიტრი სანაკოევის დროებითი ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ფულზე უარს არ ამბობენ.

ცხინვალელები აცხადებენ, რომ თუ ცხინვალსა ან ვლადიკავკაზში იქნება საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება, სადაც ექიმები ყველა სახის დაავადებას შეებრძოლებიან, მაშინ თბილისისკენ არც გაიხედავენ, მაგრამ როცა საქმე ბავშვის სიცოცხლეს ეხება, მაშინ პოლიტიკაზე აღარავინ ფიქრობს.

დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გადაუდებელი შემთხვევების გარდა, თბილისში ის პაციენტებიც მიდიან, ვისაც უბრალო ანალიზის ჩატარება სჭირდება. ასეთი ადამიანების რიცხვი კი დღითიდღე იზრდება, რაც ადგილობრივი ხელისუფლების შეშფოთების მიზეზი გახდა. საზოგადოების ნაწილი ამ ადამიანებს მოღალატეებსაც კი უწოდებს, რადგან, მათი აზრით, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესში შედის სამხრეთ ოსეთის ინტეგრაცია ჯანდაცვის მიმართულებითაც, თბილისში გასული მოქალაქეები კი ამ სტრატეგიის განხორციელებაში უწყობენ ხელს იმ ქვეყანას, რომელთანაც სამხრეთ ოსეთს არანაირი ურთიერთობა არა აქვს.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ პლიევი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში ამდენი ადამიანი არ უნდა გადიოდეს და გამონაკლისი მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევები უნდა იყოს:

„არის შემთხვევები, მაგალითად, როცა ბავშვების და ექსტრემალური შემთხვევების დროს უღელტეხილზე ავადმყოფების გადაყვანა შეუძლებელია. ჩვენ იძულებული ვართ ისინი საქართველოში გავგზავნოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს ერთეული შემთხვევები და ეს დასაბუთებული უნდა იყოს, პირველ რიგში, ექიმების მიერ. ცოტა ხნის წინ იყო 11 წლის გოგონა. ჩვენ მისი გამოკვლევის პირობები არ გვქონდა. კომპიუტერული ტომოგრაფია იყო საჭირო. ბავშვი კომაში იყო და მისი გადაყვანა უღელტეხილით შეუძლებელი იყო. პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაუმჯობესოთ აქ ჩვენი მედიცინა. პირველ რიგში უნდა დავდგათ კომპიუტერული ტომოგრაფი. მისი არქონის გამო ბევრი ადამიანი გადის საქართველოში. უნდა მოვამზადოთ ჩვენი სამედიცინო კადრები. 2 წელიწადში ალბათ გარკვეულ დონეს მივაღწევთ. ვერ ვიტყვი, რომ თბილისის მედცენტრების დონეზე ავალთ, მაგრამ ტომოგრაფი დაგვეხმარებოდა, რომ ავადმყოფთა 80 პროცენტისთვის ადგილზე გვემკურნალა. კიდევ არის ერთი პრობლემა: რუსეთში მკურნალობისთვის ჩვენი კვოტების დაფინანსება შემცირდა. ჩვენი მოქალაქეების ძვირად ღირებული მკურნალობა სპეციალური ანგარიშიდან ფინანსდებოდა, ახლა ეს ფული სხვა პრობლემების მოსაგვარებლად იხარჯება. შესაბამისად, რუსეთის საუკეთესო სამედიცინო ცენტრებში მიმართვები შემცირდა“.

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ გამორიცხულია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გაწეული სამედიცინო მომსახურების სანაცვლოდ ვინმეს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას აიძულებდნენ და ამის კონკრეტულ მაგალითებს ვერც დე ფაქტო ხელისუფლება მოიტანს. მისი აზრით, თიბილოვის მთავრობა შეშფოთებულია იმით, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი გადმოდის თბილისში:

„მკაფიოდ არის გატარებული მთელი პოლიტიკა, რომ ავადმყოფებზე, ვინც ჩამოდის სოხუმიდან და ცხინვალიდან, არანაირი ზემოქმედება არ მოხდეს და არც ერთი არ ამბობს ამას. ერთი კაცი მაინც მოიყვანონ მაგალითად. გამორიცხულია, არაფერი ამ ტიპის არ ხდება. ეს არის შეშფოთებული და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის პოზიცია, რომელიც ხედავს, რომ მისი მოსახლეობა უფრო ენდობა საქართველოს, ვიდრე მის ხელისუფლებას“.

თიბილოვის განცხადებას ცხინვალში არაერთი ადამიანის უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან ამ პატარა ქალაქში ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და ცხინვალელებმა კარგად იციან, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მათი ნათესავები თვითონ სარგებლობენ საქართველოს სამედიცინო მომსახურებით, იმ ადამიანებს კი, ვისაც მთავრობაში ნათესავები არ ჰყავს, თბილისის კლინიკებში გასვლის გამო მოღალეტეებსაც კი უწოდებენ.
XS
SM
MD
LG