Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი თიბილოვზე გაბრაზებულია?


ლეონიდ თიბილოვისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. 2012 წლის 24 ოქტომბერი
ლეონიდ თიბილოვისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. 2012 წლის 24 ოქტომბერი
14 მაისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა უნდა შემდგარიყო, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგა. დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე თიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ელჩმა დე ფაქტო რესპუბლიკაში მას, რუსეთის პრეზიდენტის გადატვირთული გრაფიკის გამო, შეხვედრის გადატანის თხოვნა გადასცა. ეს არის შეხვედრის გადატანის ოფიციალური ვერსია, მაგრამ ცხინვალში ამბობენ, რომ პუტინი თიბილოვზე გაბრაზებულია და ამის დამადასტურებელი რამდენიმე არგუმენტიც მოჰყავთ.

რადიო „ეხო კავკაზას“ ცნობით, მაისის დასაწყისში ცხინვალში კრემლის მაღალჩინოსნები ვლადიმირ ჩერნოვი და სერგეი ჩებოტარევი ჩავიდნენ. ეს ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო და ადგილობრივი მედიით მის შესახებ ცნობა არ გავრცელებულა. არაოფიციალური ინფორმაციით, კრემლის მოხელეები ამ ვიზიტით უკმაყოფილოები დარჩნენ. უკან დაბრუნებისას ვლადიკავკაზში თეიმურაზ მამსუროვთან შეიარეს, სადაც გადაწყდა, რომ პუტინს თიბილოვთან დაგეგმილი შეხვედრა უნდა ჩაეშალა. ჩვენს რადიოს ვლადიკავკაზელი წყარო ატყობინებს, რომ მხარეებმა რამდენიმე საკითხზე კომპრომისს ვერ მიაღწიეს. მთავარია საკადრო საკითხი. კრემლს თიბილოვის საკადრო პოლიტიკა არ მოსწონს და მას რამდენიმე მოხელის გათავისუფლებას სთხოვს. კრემლისთვის მიუღებელი მოხელეების სია კი, არაოფიციალური ინფორმაციით, ასე გამოიყურება: დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბორის ჩოჩიევი, პრემიერ-მინისტრი როსტიკ ხუგაევი და ვიცე-პრემიერი ალა ჯიოევა. კრემლი ამ პირების მოხსნას მოითხოვს და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ამჟამად საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ანატოლი ბიბილოვის დაწინაურების წინადადებით გამოდის. გარდა ამისა, წყაროს ცნობით, მოსკოველმა სტუმრებმა ვერ მიიღეს პასუხი, რაში დაიხარჯა ფედერალური ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხები.

სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხოვრებოვი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხინვალში, მართლაც, არაფერი შეცვლილა და გაურკვეველია, რაში იხარჯება რუსული ფული. მისი აზრით, პუტინის განაწყენების შესახებ გავრცელებული ცნობა საფუძველს მოკლებული არ არის.

ნახევრად დანგრეული ქალაქი, გადათხრილი ქუჩები, მტვერი მთელ ქალაქში, მოუწესრიგებელი წყალსადენი და საკანალიზაციო სისტემა – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოგვარება თიბილოვმა ერთწლიანი მმართველობის პერიოდში ვერ შეძლო. დე ფაქტო პრეზიდენტი გაბრაზებას არც მალავს და მინისტრებს პირდაპირ მთავრობის სხდომაზე დაპატიმრებით ემუქრება.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ თიბილოვი კრემლთან ვალშია და კრემლის კურატორები, რადგან გაპრეზიდენტებაში დაეხმარნენ, მისგან ისეთი საკადრო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ, როგორიც პუტინის ინტერესში შედის.

ცხინვალში უკვე იმაზე ლაპარაკობენ, რომ თიბილოვი გაითვალისწინებს კრემლის მოხელეების მითითებებს და საკადრო ცვლილებებს პრემიერ-მინისტრის გათავისუფლებით დაიწყებს. ანალიტიკოსების აზრით, თუ მან ეს არ გააკეთა, მაშინ არც 21 მაისისთვის გადატანილი შეხვედრა შედგება.
XS
SM
MD
LG