Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თიბილოვმა მთავრობა დაითხოვა


ლეონიდ თიბილოვი
ლეონიდ თიბილოვი
სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მთავრობა დაითხოვა. თიბილოვმა სპეციალური განცხადება დღეს გამართულ თათბირზე გააკეთა და ის მიზეზები ახსნა, რომლებმაც ასეთი ნაბიჯის გადადგმა აიძულა. ოსური მედიის ცნობით, თიბილოვი აცხადებს, რომ როსტიკ ხუგაევის მთავრობამ ვერ შეძლო მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება, რაც რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესებთან იყო დაკავშირებული; არ სრულდებოდა პრეზიდენტის და მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებები და რაც მთავარია, მთავრობამ შეუთანხმებელი მოქმედებებით შეცდომა დაუშვა რუსეთიდან მიღებული ფინანსური რესურსების გადანაწილებაში, რამაც უარყოფითად იმოქმედა საინვესტიციო პროგრამების რეალიზაციაზე.

ცხინვალში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ როსტიკ ხუგაევის მთავრობას „დიდი დღე აღარ ეწერა“ და მას მალე დაითხოვდნენ. ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ ეს მოთხოვნა კრემლიდან მოდიოდა, მაგრამ თიბილოვი ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებდა.

გასულ წელს რუსეთის საანგარიშო პალატის სპეციალისტებმა ცხინვალში ფინანსური რესურსების მიზნობრივი ხარჯვის საკითხები შეისწავლეს და არაერთი დარღვევა აღმოაჩინეს. ხუგაევის მთავრობას კი ამ ხარვეზების და შეცდომების გამოსასწორებლად არაფერი გაუკეთებია. კრემლის ახალი კურატორი ვლადისლავ სურკოვიც დე ფაქტო ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ამიტომ ცხინვალში თიბილოვის მიერ მთავრობის დათხოვის გადაწყვეტილება ბევრი ანალიტიკოსისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

არასამთავრობო ორგანიზაციის - „ჟურნალისტები ადამიანის უფლებებისთვის“ - თავმჯდომარე ირინა იანოვსკაია მიიჩნევს, რომ ხუგაევის მთავრობამ დიდი ხნის წინ დაკარგა კონტროლი და ეფექტურობა. ამიტომ ეს ნაბიჯი გასაკვირი არავისთვის არ ყოფილა. მისი აზრით, კადრები წყვეტენ ყველაფერს და ახლა საინტერესოა, ვინ შევა ახალ მინისტრთა კაბინეტში.

კოალიციის - „დევნილთა უფლებებისთვის“ - ხელმძღვანელი ზურაბ ბენდიანიშვილი აცხადებს, რომ კრემლს დიდი ხანია ხუგაევის მთავრობის მიმართ პრეტენზიები ჰქონდა და მის მოშორებას ითხოვდა. გარდა ამისა, კორუფციის გამო ადგილობრივ მოსახლეობაშიც უკმაყოფილება სულ უფრო იზრდებოდა და თიბილოვს თვითონ შეექმნებოდა პრობლემები თუ მთავრობას არ დაითხოვდა.

თიბილოვის ბრძანებით, ახალი მინისტრთა კაბინეტის შექმნამდე მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას უკვე ყოფილი მთავრობის ვიცე-პრემიერი დომენტი ყულუმბეგოვი შეასრულებს. ცხინვალში გავრცელებული ვერსიით, ახალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სხვებთან ერთად ყულუმბეგოვის კანდიდატურაც განიხილება. თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ კრემლმა ამ თანამდებობაზე საკუთარი კადრი მოსკოვიდან გამოუშვას.
XS
SM
MD
LG