Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თიქრითში სავარაუდო მასობრივი საფლავის გათხრა დაიწყო


თიქრითი, კედლებზე "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკა
თიქრითი, კედლებზე "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკა

ერაყის ქალაქ თიქრითში სპეციალისტებმა 12 სავარაუდო მასობრივი საფლავის გათხრის პროცესი დაიწყეს. მათი ვარაუდით, ამ საფლავებში განისვენებს 1700-მდე სამხედრო, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა დახოცეს.

მასობრივი მკვლელობები 2014 წლის ზაფხულში მოხდა. სამხედროები მსახურობდნენ აშშ-ის ყოფილ სამხედრო ბაზაზე. მათი დახოცვა გახდა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა სისასტიკის სიმბოლური მაგალითი. ექსტრემისტებმა გასულ წელს დაიპყრეს ტერიტორიები ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში.

ექსჰუმაციის პროცესი 6 აპრილს დაიწყო - რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის, მშობლიურ ქალაქ თიქრითიდან „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები განდევნეს ერაყის მთავრობის ძალებმა, რომლებსაც შიიტთა გასამხედროებული ჯგუფები და აშშ-ის ხელმძღვანელობით წარმოებული საჰაერო კამპანია უმაგრებდნენ ზურგს.

საფლავთა ნაწილი ჰუსეინის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენციის ტერიტორიაზეა.

„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა 1700-მდე სამხედრო, ძირითადად შიიტები, მაშინ შეიპყრეს, როცა ივნისში პოზიციები გაიმყარეს ჩრდილოეთ ერაყში.

ექსტრემისტული ჯგუფი აცხადებდა, რომ სამხედროები მალევე დახოცა და მათი სიკვდილით დასჯის ამსახველი შემზარავი ვიდეოჩანაწერები და ფოტოები სოციალური ქსელებით გაავრცელა.

სუნიტი ექსტრემისტები თავს დაესხნენ შიიტ მუსლიმებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს და სუნიტებსაც, რომლებსაც მათთან წინააღმდეგობაში დასდეს ბრალი.

ახლა, როცა ერაყის არმიამ 1 აპრილს თიქრითზე კონტროლის დამყარება შეძლო, სავარაუდოდ, ის მოსულს შეუტევს, რომელიც თიქრითიდან 230-მდე კილომეტრითაა დაშორებული, ჩრდილოეთის მიმართულებით.

6 აპრილს, ქურთთა ავტონომიურ რეგიონში ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადიმ თქვა, ცენტრალური ხელისუფლება ქურთთა მთავრობასთან ითანამშრომლებს, რათა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებისგან გათავისუფლდეს ნინევეს პროვინციაო. მოსული სწორედ ამ პროვინციის დედაქალაქია.

„ირბილში ჩვენი ვიზიტის მიზანია ერთობლივი გეგმის შემუშავება და კოორდინირება, რათა ნინევეს ხალხი გავათავისუფლოთ. ფედერალური ხელისუფლებაც და ქურთთა რეგიონალური მთავრობაც გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ნინევეს. ეს პროვინცია იქ მცხოვრებ ხალხს ეკუთვნის. ჩვენ ყველა მხარესთან ვიმუშავებთ, ყველა რელიგიის წარმომადგენლების ჩათვლით, რათა ნინევე გავათავისუფლოთ იქ მცხოვრები ხალხის საკეთილდღეოდ“ -ასეთი განცხადებით გამოვიდა აბადი ქურთთა რეგიონის პრეზიდენტთან, მასუდ ბარზანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბარზანიმ, თავის მხრივ, დასძინა, რომ მხარეებმა „სამხედროების და ექსპერტების ერთობლივი კომიტეტის“ შექმნა გადაწყვიტეს, რათა განისაზღვროს სამომავლო თანამშრომლობის ფორმები.

გერმანიაში გამომავალი ჟურნალ „შპიგელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ერაყის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თიქრითის გათავისუფლება იმედისმომცემი ამბავია, თუმცა დასძენს, რომ ჯგუფი „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ დიდ საფრთხედ რჩება.

აბადის თქმით, ამ ჯგუფის დამარცხება შეუძლებელია მანამ, სანამ ის განაგრძობს თავის რიგებში უცხოელი მეომრების მიწვევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG