Accessibility links

logo-print

თინა ხიდაშელი ერთადერთ მიზეზზე, რომლის გამოც საქართველო დღემდე არ მიუღიათ ნატოში


თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი

„ამ დარბაზშიც და გარეთაც ყველამ იცის, რომ ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც საქართველო აქამდე არ არის ნატოს წევრი არის ის, რომ ეს რუსეთს არ სურს“, - ეს სიტყვები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა წარმოთქვა ვაშინგტონში ვიზიტისას. დარბაზში, რომელიც მან ახსენა, გაიმართა ავტორიტეტიანი კვლევითი ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერორგანიზებული შეხვედრა.

საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები თინა ხიდაშელი და მიხეილ ჯანელიძე დასავლეთს მოუწოდებენ გადადგან „გაბედული“ ნაბიჯები ნატოში გაწევრიანებისაკენ საქართველოს მისწრაფების მხარდასაჭერად და მოსკოვისთვის იმის საჩვენებლად, რომ ის არ განსაზღვრავს დღის წესრიგს. დისკუსიის დროს, რომელსაც „ატლანტიკურმა საბჭომ“ უმასპინძლა, ხიდაშელმა ემოციურად ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელობაზე - არამარტო საქართველოსათვის.

„ჩემი ქვეყნის უსაფრთხოება სწორედაც რომ ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია ევროპის უსაფრთხოებისათვის. და მე უფრო შორსაც კი წავიდოდი: არ არსებობს უსაფრთხო ევროპა, არ არსებობს თავისუფალი ევროპ, არ არსებობს მშვიდობიანი ევროპა მშვიდობიანი და უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად ქცეული საქართველოს გარეშე“, - აღნიშნა ხიდაშელმა ვაშინგტონში 8 ივნისს, ზუსტად ერთი თვით ადრე ვარშავაში ნატოს სამიტის დაწყებამდე. საქართველო იმედოვნებს, რომ ამ სამიტზე მორიგ ნაბიჯს გადადგამს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, რუსეთის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად.

ხიდაშელმა სცადა „ატლანტიკურ საბჭოში“ შეკრებილების დარწმუნება, რომ, უწინარეს ყოვლისა, საკუთრივ ნატოს ინტერესებში შედის ალიანსში საქართველოს მიღება: „თქვენ უფრო უნდა იყო დაინტერესებული ნატოში ჩვენი მიღებით, ვიდრე საქართველოა. თქვენ საქართველო იმაზე კიდევ უფრო მეტად გჭირდებათ, ვიდრე ჩვენ დღეს გვჭირდება ნატოში გაწევრიანება. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო გაძლევთ შესაძლებლობას, დაუმტკიცოთ რუსეთს, რომ მას არა აქვს ვეტოს უფლება, რომ ის არ მართავს თქვენს პოლიტიკას, ის არ იღებს გადაწყვეტილებებს თქვენს მაგივრად. რადგან ამ დარბაზშიც და გარეთაც ყველამ იცის, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო აქამდე არ არის ნატოს წევრი - არის ის, რომ ეს რუსეთს არ სურს“, - განაცხადა ხიდაშელმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც არაერთხელ თქმულა, რომ მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოტივი 2008 წლის აგვისტოში საქართველოში სამხედრო ინტერვენციის დროს იყო სურვილი, არ დაეშვა ნატოში საქართველოს გაწევრიანება, მიუხედავად იმავე წელს, რამდენიმე თვით ადრე, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველოს, საბოლოოდ, მიიღებენ ალიანსში.

8 ივნისს თინა ხიდაშელმა ვაშინგტონში „ატლანტიკურ საბჭოში“ შეკრებილებს მოუწოდა, ნუ ჩათვლიან, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობაში მოსკოვის ინტერესების გათვალისწინება პრობლემას მოაგვარებს. „თუ მართლა გჯერათ, რომ ახლა საქართველოსათვის ზურგის შექცევა - ოფიციალურად, ღიად, საჯაროდ - რუსეთს შეაჩერებს იქ, კავკასიონთან, ზუსტად ეს არის ის, რაშიც არასწორად აფასებთ რუსეთს!“ - ასე ფიქრობს თინა ხიდაშელი.

„ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის გარდა, მონაწილეობდნენ ჩერნოგორიის თავდაცვის მინისტრი მილიცა პეანოვიჩ-ჯურიშიჩი, უკრაინელი პარლამენტარი ჰანა ჰოპკო და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. აი, ამ უკავნასკნელის არგუმენტი, რატომ არ უნდა მიიჩნიოს ნატომ სარფთხედ საქართველოს მიღება: „ნატომ მხოლოდ დადებითი შედეგები მიიღო გაფართოებიდან და მხოლოდ გაძლიერდა გაფართოების ყოველი ეტაპის შემდეგ. იგივე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც. მაგრამ უნდა გადავწყვიტოთ, რა ტაქტიკას მივმართოთ ამის მისაღწევად. და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ტაქტიკა გადამწყვეტ ქმედებებს ითვალისწინებდეს და გაბედული ნაბიჯები გადავდგათ“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG