Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიტანეთში ვიზიტი დაასრულა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პოლონეთისა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების შემდეგ დიდ ბრიტანეთში ჩავიდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, როცა ის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს რეზერვის საკითხებში და თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანს ჯულიან ბრაზიერს შეხვდა, ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი, მაგალითად, მზად არის განიხილოს ბრიტანელი სამხედროების ჩართვის საკითხი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC-ის) მუშაობაში. თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტში (RUSI) სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევების, ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილის, ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და ტერორიზმთან ბრძოლაში შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს უსაფრთხოებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ენერგოდერეფნის კონტექსტში, რკინიგზის კონტექსტში, რომელიც ჩინეთს ევროპასთან დააკავშირებს, მომავალი შესაძლებლობების კონტექსტში, რასაც ირანთან, დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის მხრიდან შეთანხმების მიღწევის პირობებში შეიძლება ელოდებოდეს სამყარო. ეს, ალბათ, არის მიზეზიც და შედეგიც ყველა იმ პრობლემისა, რომელიც საქართველოს თავს დაატყდა. როგორც ჩანს, რუსეთისთვის სრულიად წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ მის კონტროლს მიღმა არსებობდეს ასეთი თავისუფლების დერეფანი, არსებობდეს ტერიტორია, რომელსაც ვერ აკონტროლებს, რომელზეც გავლენა არ აქვს, გადაწყვეტილებებს ვერ იღებს“, -განაცხადა საჯარო გამოსვლისას თინათინ ხიდაშელმა. შეხვედრების დასასრულს მან რადიო თავისუფლებას ინტერვიუ მისცა და ვიზიტის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, საქართველო მომავალი წლის ვარშავის სამიტისთვის ევროპული მხარდაჭერის მაქსიმალურად მობილიზებას ცდილობს. ხიდაშელის აზრით,რუსეთისგან მომავალ საფრთხეს ევროკავშირმა და ნატომ გაფართოებით უნდა უპასუხონ და მეტი გასაქანი მისცენ თავისუფლებას, თუმცა, თავდაცვის მინისტრის თქმით, 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ არც სკეპტიციზმი უნდა გაღრმავდეს.

საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში რევაზ გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრის ვიზიტი წარმატებული და ნაყოფიერი იყო. მისი თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიების უღიარებლობის მიმართულებით. გაჩეჩილაძის აზრით, საქართველოს მართებს სტრატეგიული მოთმინება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

რა იციან ბრიტანეთში საქართველოს შესახებ და როგორ აფასებენ აქ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს? ლონდონში მცხოვრები ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის აზრით, ბრიტანელები საქართველოს რაგბით უფრო იცნობენ, ვიდრე პოლიტიკით. მისი თქმით, არავინ იცის, რა იქნება რამდენიმე წლის შემდეგ და როგორ შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ, რადგან დიდ ბრიტანეთშიც შიდაპოლიტიკური ვითარება არაპროგნოზირებადია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში დღეს დასრულდა. ახლა მთელი ქვეყანა რაგბის მსოფლიო თასის გათამაშებაზე გადაერთვება, რომლის მასპინძელიც წელს დიდი ბრიტანეთია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG