Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინათინ ხიდაშელი: დასავლეთმა საქართველო და უკრაინა არ უნდა დაივიწყოს


თინათინ ხიდაშელი
თინათინ ხიდაშელი

ტერორიზმის გლობალური საფრთხის პარალელურად, რუსეთის აგრესიული ქმედებები წარმოადგენდა განხილვების ერთ-ერთ უმთავრეს თემას საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე, რომელსაც 20–22 ნოემბერს კანადის ქალაქი ჰალიფაქსი მასპინძლობდა. ღონისძიების პლენარულ სესიაზე („ითანამშრომლე, შეაკავე ან დაიპყარი - 70 წლის შემდეგ პრიორიტეტების განსაზღვრის სტრატეგია“) სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი. მან ისაუბრა აუცილებლობაზე, რომ, ტერორიზმის მსგავს გლობალურ პრობლემებზე რუსეთთან თანამშრომლობის შემთხვევაში, დასავლეთმა არ უნდა დაივიწყოს, თუ რამხელა აგრესია გამოავლინა რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრის აზრით, ეს გააძლიერებს რუსეთის აგრესიულ გეგმებს. რა პასუხია დასავლეთის მხრიდან?

ბევრს ახირება ეგონა, როდესაც საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იწინასწარმეტყველა რუსეთის აგრესია ახლა უკვე უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთმა მართლაც დაარტყა უკრაინას – ამ შინაარსის განცხადებითგაიხსენა მოსკოვის მიზანმიმართული აგრესიული ქმედებები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის სესიაზე და იქვე დააზუსტა, რომ რუსეთის აგრესიას საზღვრები არა აქვს. თინათინ ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ თუკი საერთაშორისო თანამეგობრობა, გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მოტივით, უკრაინისა და საქართველოს საკითხს დაივიწყებს, რუსეთის შემდეგი ცდა უფრო მასშტაბური იქნება და ის პირდაპირ ნატოს ქვეყნებს მიადგება. შესაბამისად, მინისტრი ხიდაშელი მოუწოდებს დასავლეთს, რომ მუდამ გაითვალისწინოს უკრაინის დანაწევრებისა და ანექსიის პრობლემა და ასევე საქართველო, სადაც ისევ გრძელდება კრემლის მცოცავი ოკუპაცია, საოკუპაციო ძალები კვლავაც იტაცებენ და კლავენ ადამიანებს.

„თუკი დღეს ვამბობთ, რომ მსოფლიო ვერ გაუმკლავდება სირიის პრობლემას რუსეთის გარეშე (რაც ჩვენ გვესმის ბევრი ევროპელი ლიდერისგან), ეს აძლიერებს მოსკოვს, ეს აძლიერებს პუტინს... კრემლში სხვაგვარად ესმით თქვენ მიერ გახმაურებული მესიჯები... ეს მათთვის მწვანე შუქი და ღია მიპატიჟებაა, რომ რუსეთის დახმარების გარეშე მსოფლიოში ვერაფერი მოგვარდება... ეს არის მცდარი მესიჯი იმ ტიპის ხელმძღვანელობისთვის, როგორიც მოსკოვშია“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

პირველი რიგის ძალისხმევას წარმოადგენს პასუხის გაცემა. არ არის აუცილებელი, რომ ეს სამხედრო ხასიათის პასუხი იყოს, მაგრამ პასუხი უნდა გაეცეს და უნდა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის ნებისმიერი სახის აგრესიას, რომელიც მიმართულია შეერთებული შტატების ინტერესების, მისი მოკავშირეებისა თუ პარტნიორების წინააღმდეგ...
თინათინ ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, როგორც თავად აღნიშნავს, არ ეთანხმება აზრს, თითქოსდა შეერთებულმა შტატებმა ანდა ევროპის ქვეყნებმა დაივიწყეს და მიატოვეს თავიანთი პარტნიორები, იქნება ეს საქართველო თუ უკრაინა. მაგრამ, მისი თქმით, ფაქტია, რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყო და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსოფლიომ სიირის საკითხის გარშემო რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების მეგობრული საუბრის ამსახველი კადრები იხილა. საქართველო, ცხადია, ვერანაირ საუბარს ვერ შეუშლის ხელს და გასაგებია, რომ საუბარი გარდაუვალია რუსეთთანაც, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს პარტნიორი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით და შესაბამისი, „მკაფიოდ განსაზღვრული დღის წესრიგის“ არსებობის პირობებში, – მიაჩნია საქართველოს თავდაცვის მინისტრს.

თინათინ ხიდაშელთან ერთად, უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რობერტ ვორკი, რომლის თქმითაც, შეერთებული შტატები არასოდეს დატოვებს უყურადღებოდ თავის პარტნიორ ქვეყნებს და, მათ შორის, საქართველოს, რომელსაც გამორჩეულად მასშტაბური წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. ითქვა, რომ შეერთებული შტატები კარგად ხედავს და გმობს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, მაგრამ დიდ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა გარდაუვალია. რობერტ ვორკმა შეახსენა აუდიტორიას, რომ რუსეთის მიმართ შეერთებული შტატების მიდგომის სტრატეგია ორ ასპექტს ეფუძნება: „მტკიცესა“ და „დაბალანსებულს“.

„პირველი რიგის ძალისხმევას წარმოადგენს პასუხის გაცემა. არ არის აუცილებელი, რომ ეს სამხედრო ხასიათის პასუხი იყოს, მაგრამ პასუხი უნდა გაეცეს და უნდა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის ნებისმიერი სახის აგრესიას, რომელიც მიმართულია შეერთებული შტატების ინტერესების, მისი მოკავშირეებისა თუ პარტნიორების წინააღმდეგ. მეორე მხრივ, უნდა ვიმუშაოთ მუყაითად ჩვენი მოკავშირეებისა თუ პარტნიორების მდგრადობის გასაზრდელად, რათა მათ შეძლონ პასუხის გაცემა რუსეთის აგრესიისთვის. ასეთია სტრატეგიის „ძლიერი“ ნაწილი, ხოლო რაც შეეხება „ბალანსის“ ნაწილს, ყველას ინტერესებში შედის, როცა დიდი სახელმწიფოები თანამშრომლობენ დიდი პრობლემების გარშემო. ამან შეიძლება კარგი შედეგი მოიტანოს. მაგალითად, რუსეთმა დიდი წვლილი შეიტანა ირანთან შეთანხმებაში, რომ მას უარი ეთქვა ბირთვული იარაღის შექმნაზე“.

კანადის ქალაქ ჰალიფაქსში გამართული ყოველწლიური საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმი, რომლის ფარგლებშიც თინათინ ხიდაშელი შეხვდა კოლეგებს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან და ასევე ესაუბრა სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებათა მაღალი რანგის პირებს, ანალიტიკოსების აზრით, საქართველოსთვის წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან სარბიელს თავისი ინტერესების გასახმოვანებლად. სწორედ ფორუმის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს, მაგალითად, ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძე, რომელიც ასევე იმყოფებოდა ჰალიფაქსში:

„ჰალიფაქსის კონფერენცია არის ერთ-ერთი მთავარი კონფერენცია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. წლევანდელი განსაკუთრებით საინტერესო იყო იმის გამო, რომ ეს კონფერენცია გაიმართა ძალიან სწრაფად პარიზის ტერაქტების შემდეგ და ძირითადად, რა თქმა უნდა, ფოკუსირებული იყო ამ ახალ გამოწვევებზე, უსაფრთხოების ახალ გარემოზე... თუმცა ფოკუსი იყო არა მხოლოდ ე. წ. „ისლამურ სახელმწიფოზე“ და მისგან მომავალ საფრთხეებზე, არამედ იმ საფრთხეებზე, რომლებიც ჩვენს რეგიონში არსებობს და მომდინარეობს რუსეთისგან“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, კანადის ქალაქ ჰალიფაქსში გამართული ფორუმის ფარგლებში საქართველო შეეცადა უფრო მეტი გარანტია მიეღო საერთაშორისო თანამეგობრობისგან იმისა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ წარიმართება საქართველოს ინტერესების დაზარალების ხარჯზე. თინათინ ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოს ინტერესების იგნორირებას. „არც ერთი წამით არ შეიძლება გვქონდეს ამის განცდა“, – აღნიშნა მან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG