Accessibility links

ტიმოშენკომ შიმშილობა შეწყვიტა


ხარკოვი, რკინიგზის ცენტრალური საავადმყოფო, სადაც 9 მაისს ციხიდან გადაიყვანეს იულია ტიმოშენკო

ხარკოვი, რკინიგზის ცენტრალური საავადმყოფო, სადაც 9 მაისს ციხიდან გადაიყვანეს იულია ტიმოშენკო

უკრაინაში ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს სამკურნალოდ ჩასული გერმანელი ექიმის, ლუც ჰარმსის განცხადებით, ტიმოშენკომ შეწყვიტა თითქმის სამი კვირის წინ დაწყებული შიმშილობა. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ტიმოშენკო ხარკოვის ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტიმოშენკო შვიდწლიან პატიმრობას იხდის პრემიერ-მინისტრობის დროს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდების საფუძველზე.

გერმანელი ნევროლოგი, ლუც ჰარმსი აღნიშნავს, რომ იულია ტიმოშენკოს შესაძლოა, მთელი თვე დასჭირდეს შიმშილობის შემდეგ ძალების აღსადგენად. ეს შეფასება მოჰყვა ჰარმსის განცხადებას, რომ მისმა პაციენტმა შეწყვიტა თითქმის სამი კვირის წინ, 20 აპრილს გამოცხადებული შიმშილობა. უფრო ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხარკოვში იხდის შვიდწლიან პატიმრობას, ციხიდან გადაიყვანეს მის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში. როგორც უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რაისა მოისეენკომ უთხრა ჟურნალისტებს, „გადაწყდა, რომ პროფესორი ჰარმსი უმკურნალებს იულია ვლადიმირის ასულს, ადგილობრივ საავადმყოფოში დასაქმებულ კოლეგასთან ერთად“.

უკრაინაში გერმანელი ექიმის ჩასვლა უკავშირდება ტიმოშენკოს უარს სამედიცინო დახმარებაზე უკრაინის სახელმწიფო სისტემაში დასაქმებული მედიკოსებისაგან. არადა ტიმოშენკო, გარდა იმისა, რომ 20 აპრილს შიმშილობა გამოაცხადა, ხერხემლის ძლიერ ტკივილს უჩივის 2011 წლიდან, მისი სასამართლო პროცესის პერიოდიდან. ტკივილს იწვევს, სავარაუდოდ, მალთაშუა დისკოს თიაქარი.

რაც შეეხება მისთვის მისჯილ პატიმრობას, ტიმოშენკო და მისი მხარდამჭერები მთელ სასამართლო პროცესს მიიჩნევენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი მთავრობის მხრიდან.

ტიმოშენკოს მიმართ მხარდაჭერას გამოთქვამენ უცხოეთშიც. სამშაბათს კიევმა გააუქმა 11-12 მაისისთვის დაგეგმილი სამიტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერების მონაწილებით მას შემდეგ, რაც რვა ქვეყნის პრეზიდენტებმა უარი თქვეს უკრაინაში ჩასვლაზე, ტიმოშენკოსთან მოპყრობის გამო პროტესტის ნიშნად. ამავე მიზეზით, რამდენიმე ევროპელი ლიდერი იმუქრება ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის უკრაინაში ჩასატარებელი მატჩების ბოიკოტით.

პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი (მისი ქვეყანა მომავალი თვიდან უკრაინასთან ერთად უმასპინძლებს ჩემპიონატს), კიევს მოუწოდებს, გააუქმოს „მოძველებული“ კანონი, რომელიც შესაძლებელს ხდის პოლიტიკოსების გასამართლებას წარსულში, მათი მმართველობისას მიღებული გადაწყვეტილებებისათვის.

თუმცა, კომოროვსკი მაინც გაუმართლებლად მიიჩნევს ევროპელი ლიდერების მუქარას, რომ არ ჩავლენ უკრაინაში მატჩებზე დასასწრებად: „პოლიტიკურმა ბატალიებმა არ უნდა დააზარალოს ჩვენი საერთო, პოლონურ-უკრაინული სპორტული ზეიმი და ჩვენი საერთო, პოლონურ-უკრაინული პროექტი, რომელიც ჩაფიქრებული იყო, როგორც დახმარება და უნდა უნდა ეხმარებოდეს კიდეც უკრაინას ევროპაში ინტეგრაციის გზაზე“, განაცხადა ვარშავაში პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ.

ხარკოვი - უკრაინის ქალაქი, რომლის ციხეშიც პატიმრობას იხდის იულია ტიმოშენკო - ევროპის ჩემპიონატის მატჩების ერთ-ერთი მასპინძელია.
XS
SM
MD
LG