Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მხარე აცხადებს, რომ ოსურ სოფლებს სარწყავ წყალს მიაწვდის


ტირიფონ-სალთვისის საირიგაციო სისტემა
ტირიფონ-სალთვისის საირიგაციო სისტემა
გორის რაიონის სოფელ კარბში ტირიფონის აღდგენილი საირიგაციო სისტემის ერთი ნაწილი ამოქმედდა. კონფლიქტის ზონაში ტირიფონ-სალთვისის საირიგაციო სისტემა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით აღადგინა. პროექტის საერთო ღირებულება 13 მილიონ ლარს აჭარბებს. სარწყავი მაგისტრალის გაწმენდაზე ასამდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. მუნიციპალური ფონდის დირექტორის მოადგილე თემურ მურღულია აცხადებს, რომ შიდა ქართლის გასარწყავება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია.

სალთვისისა და ტირიფონის საირიგაციო სისტემების მაგისტრალური არხები ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარს მიუყვება. ტირიფონის არხი ოკუპირებულ ტერიტორიას სამჯერ კვეთს, ამიტომ სამუშაოები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. ოკუპირებული ტერიტორიიდან არხში არც წყალი ჩადის და არც გაწმენდითი სამუშაოები ჩატარებულა. ამჯერად სოფელ კარბთან არხში პატარა ლიახვის წყალი შეუშვეს, მაგრამ ეს სისტემა კაშხლის ზემოთ დარჩენილ სოფლებს ვერ გაასარწყავებს. მაგალითად, სოფელ დიცისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ამ არხში სათავე ნაგებობიდანაც, რომელიც ცხინვალის რაიონში მდებარეობს, შევიდეს წყალი. გარდა ამისა, როგორც დიცელები აცხადებენ, მათ სოფელთან არსებული სარწყავი სისტემა მოსაწესრიგებელია.

ტირიფონის მაგისტრალური არხის გახსნის შემდეგ გორის რაიონში 23 სოფლის 5000 ჰექტარი მიწა მოირწყვება, აქედან 5 ოსური სოფლის - ზემო არცევის, გოიაანთკარის, ოტრევის, მაქსიიანთ უბნისა და წინაგარის - დაახლოებით 700 ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო ფართობი გასარწყავდება.

2008 წლამდე ტირიფონის საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილი სარგებლობდა, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ არხი გადაკეტა, რის გამოც უწყლოდ დარჩენილ სოფლებში მოსავლის მოყვანა შეუძლებელი გახდა. ამჟამად ოსურ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ცხინვალიდან წყლის მოწოდების თაობაზე. „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ წინა შეხვედრაზე ოსურმა მხარემ ოსური სოფლებისთვის წყლის მიწოდება მოითხოვა და, სამაგიეროდ, ტირიფონის სისტემაში წყლის გაშვების პირობა დადო. ქართული მხარე აცხადებს, რომ მათი მხრიდან პირობა უკვე შესრულდა და ახლა ჯერი ოსურ მხარეზეა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ოპტიმისტურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ ამ არხის მუშაობა როგორც ქართული, ისე ოსური მოსახლეობის ინტერესშია, ამიტომ საერთო ენის გამონახვა არ უნდა გაჭირდეს.

სპეციალისტების აზრით, მხოლოდ პატარა ლიახვის სარწყავ სისტემაში გადაშვებით პრობლემა ვერ მოიხსნება, რადგან ზაფხულში ეს მდინარე თითქმის დამშრალია ხოლმე. აუცილებელია, რომ ოსურმა მხარემ როგორც ტირიფონის, ისე სალთვისის სათავე ნაგებობები აამოქმედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასარწყავების პრობლემა სრულად ვერ მოგვარდება. „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე ოსურ მხარესთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG