Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფლავისმანში ტირიფონის არხიდან გაჟონილმა წყალმა სახლები დატბორა


ტირიფონის სარწყავი არხი
ტირიფონის სარწყავი არხი

საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე ზოგიერთ სოფელში გვალვის გამო სარწყავი წყლის დეფიციტია და ნაკვეთებს გრაფიკის მიხედვით რწყავენ, ზოგან კი იმდენი წყალია, რომ სახლები და ეზოები იტბორება. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში ეზოები, სარდაფები და სახლების პირველი სართულები მოულოდნელად დაიტბორა. ადგილობრივი მცხოვრებლები გაკვირვებულები იყვნენ, როცა დაინახეს, რომ წყალი მიწიდან ამოდოდა. ატალახებულ ოთახებში სანიაღვრე არხები გაჭრეს და წყლის ამოხაპვა დაიწყეს. ციალა აზალაძე აცხადებს, რომ სახლებსა და ეზოებში წყლის ამოსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტირიფონის სარწყავი სისტემა გაწმინდეს და მასში წყალი გაუშვეს.

ფლავისმანში 21 სახლია დატბორილი. ტატულაშვილების ოჯახში ამბობენ, რომ არხიდან გამოჟონილმა წყალმა სახლიც დააზიანა. წყლით აივსო ქვევრები, დაიშალა თონეები და ატალახდა ოთახები. სახლიდან რამდენიც უნდა ამოტუმბონ, მალე იმავე რაოდენობით წყალი გროვდება.

დაახლოებით 2 თვის წინ ტირიფონის სარწყავი არხი გაწმინდეს და მასში წყალი ჩაუშვეს. მანამდე ეს არხი მოუვლელი იყო და შიგ ხეები იზრდებოდა. გასუფთავებულ არხში ბეტონის ჯებირები არ შეკეთებულა და წყალმა ახლომდებარე სახლებისკენ იწყო გაჟონვა.

ადგილზე სოფლის მეურნეობისა და მელიორაციის სამსახურების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩასულები. ისინი არჩევანის წინაშე დადგნენ: არხის შესაკეთებლად წყლის დაწყვეტა იყო საჭირო, რწყვის სეზონზე კი ეს, ფაქტობრივად, ყველა სოფელში მოსავლის განადგურების ტოლფასი იქნებოდა, რადგან ტირიფონი, ნაკვეთების გასარწყავების გარდა, ნადარბაზევის ტბასაც ავსებს, რომელიც გვალვების შემთხვევაში დამატებითი რესურსია. ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაზარალებული ოჯახებისთვის წყლის ამოსაქაჩი სპეციალური ძრავები მიეცათ. ჰიდრომელიორაციის განყოფილების უფროსი გიორგი ხიდაშელი ამბობს, რომ თვის ბოლოს, რწყვის სეზონის დასრულებისთანავე, სარწყავი არხი გადაიკეტება და მისი შეკეთებაც დაიწყება.

აგვისტოს ბოლოს ტირიფონის სარწყავი სისტემა გადაიკეტება. სპეციალისტების განცხადებით, პრობლემური ადგილების შეკეთებას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება.

XS
SM
MD
LG