Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოსდამცველები ტყის ხანძრებზე პასუხისმგებლობას ენერგეტიკის მინისტრს აკისრებენ


არასამთავრობო ორგანიზაცია ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” აცხადებს, რომ ოთხ წელზე მეტია, რაც საქართველოს ტყეებში ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები არ გატარებულა, რისი მიზეზიცაა ზაფხულობით ტყის მასივებში მომრავლებული ხანძრები. ხანძრისგან საქართველოს ტყეები არც წელსაა დაზღვეული, აცხადებს ცენტრის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე და პასუხისმგებლობას ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს აკისრებს.

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” კითხვას, გატარდა თუ არა წელს საქართველოს ტყეებში ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები, ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უპასუხა, რომ ”ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით ტყის ფონდის მონიტორინგი გამკაცრდა”. “ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” თავმჯდომარე ნოკოლოზ მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ეს პასუხი სწორედ იმას ნიშნავს, რომ სააგენტოს საჭირო პროფილაქტიკური ღონისძიებები წელსაც არ განუხორციელებია:

”ოთხი წელია ეს ღონისძიებები არ განხორციელებულა და ეს ყოვლად დაუშვებელია, მით უმეტეს, რომ იგივე სურათი გვაქვს წელსაც და თუ დღეს საქართველოს ტყეებში ხანძარი არ არის, ეს არის მხოლოდ ბუნების დამსახურება. მაგრამ, სინოპტიკოსების ვარაუდით, აგვისტო საკმაოდ ცხელი იქნება და ალბათობა იმისა, რომ ხანძრის კერები მრავლად გაჩნდება, საკმაოდ დიდია.”
რეგიონში ჩვენი წარმომადგენელი ამ პროცესს სულ ესწრება, აკონტროლებს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს, დანარჩენი კი, რაც ეხება გაუფრთხილებლობას, ძალიან ძნელია ყველას თვალყური ადევნო. არათუ ტყეში, პარკშია რთული ყველას გაჰყვე და გააკონტროლო, სიგარეტის ნამწვს სად გადააგდებს...
ნათია იორდანიშვილი

გაჩენილ ხანძრებზე პასუხისმგებლობას კი „ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ ენერგეტიკის მინისტრს ალექსნდრე ხეთაგურს აკისრებს:

”ვგულისხმობ სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლს - სამსახურებრივ გულგრილობას. ეს არის სწორედ სამსახურებრივი გულგრილობა მინისტრ ხეთაგურისა, რომლის უწყებასაც პირდაპირ ევალება ამ ღონისძიებების გატარება, რასაც ის არ ასრულებს.“

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ნათია იორდანიშვილი კი განმარტავს, რომ ზაფხულის დადგომისთანავე ყველა რეგიონალურ სატყეო სამმართველოს კონტროლის გამკაცრება დაევალა, განსაკუთრებით კი ხე-ტყის დამზადების ადგილებში, სადაც მოსახლეობა შედის:

”რეგიონში ჩვენი წარმომადგენელი ამ პროცესს სულ ესწრება, აკონტროლებს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს, დანარჩენი კი, რაც ეხება გაუფრთხილებლობას, ძალიან ძნელია ყველას თვალყური ადევნო. არათუ ტყეში, პარკშია რთული ყველას გაჰყვე და გააკონტროლო, სიგარეტის ნამწვს სად გადააგდებს. ლიცენზირებულ ტერიტორიებზე ლიცენზიანტებს მართვის გეგმაში, რომელსაც სამინისტრო ამტკიცებს, უწერიათ, რომ მათ უნდა გაატარონ ეს პროფილაქტიკური ღონისძიებები და ამას ასრულებენ კიდეც. სააგენტოს კი, გარდა იმისა, რომ კონტროლი გაამკაცრა და ჭრის ადგილებში მონიტორინგს ახორციელებს, სხვა ტექნიკური ღონისძიებები წელს არ განუხორციელებია.”
ხშირია ინსტიტუციური ცვლილებები, სატყეო სექტორი ხან ერთი უწყების დაქვემდებარებაშია, ხან მეორის, ხშირად იცვლება ხელმძღვანელი, რომელიც მოღვაწეობას, როგორც წესი, იწყებს ტყის რეფორმით, თუმცა არანაირი რეალური სატყეო რეფორმა 1999 წლის შემდეგ საქართველოში არ განხორციელებულა...
ირაკლი მაჭარაშვილი

გარემოსდამცველი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ტყის ხანძარი, როგორც პრობლემა, გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილებების პარალელურად სულ უფრო მწვავდება. ამას ისიც ემატება, რომ საბჭოთა პერიოდის შემდეგ, მისი შეფასებით, ტყის მენეჯმენტი პრაქტიკულად აღარ ხორციელდება. ისეთი ხანძარდამცავი ღონისძიებები, როგორიცაა სპეციალური თხრილების გაკეთება ხანძარსაშიშ ტერიტორიებზე, ფოთლოვანი სახეობების ზოლების დარგვა, სახანძრო გზების გაყვანა, ბოლო წლების განმავლობაში შეწყვეტილია. მაჭარაშვილის თქმით, გარკვეული ყურადღება ექცევა მხოლოდ იმ ფართობებს, რომლებიც გრძელვადიანი ლიცენზიებითაა გაცემული მეწარმეებისათვის. არადა, საქართველოს ტყის ფონდის უმეტესობა - დაახლოებით მილიონ რვაასი ათასი ჰექტარი - სწორედ ასეთი უკონტროლო ტერიტორიაა. დღეს კი საქართველოში გაცემულია 70 ლიცენზია, რომელიც დაახლოებით 170 000 ჰექტარ ფართობს ფარავს:

”ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა ხანძრების გაჩენა არა მხოლოდ დაუდევრობით, არამედ ხანძარს იწვევს სოფლის მცხოვრებლების არასწორი პრაქტიკა - სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა. ამ დროს უყურადღებოდ მიტოვებული ცეცხლი ტყის მასივს ედება ხოლმე. ზოგადად, ეს კომპლექსური პრობლემაა, რომლის გადაჭრის გზა არის ის, რომ ქვეყანაში არსებობდეს ერთიანი სატყეო პოლიტიკა და სტრატეგია, მიმდინარეობდეს ტყის მდგრადი მენეჯმენტი. სამწუხაროდ, ამის ჩანასახიც კი საქართველოში არ არსებობს. ხშირია ინსტიტუციური ცვლილებები, სატყეო სექტორი ხან ერთი უწყების დაქვემდებარებაშია, ხან მეორის, ხშირად იცვლება ხელმძღვანელი, რომელიც მოღვაწეობას, როგორც წესი, იწყებს ტყის რეფორმით, თუმცა არანაირი რეალური სატყეო რეფორმა 1999 წლის შემდეგ საქართველოში არ განხორციელებულა.”

ირაკლი მაჭარაშვილი იხსნებეს ერთ მაგალითს, რომელიც ნათლად გვაჩვენებს, თუ რა განსხვავებაა ტყის კარგ და ცუდ მენეჯმენტს შორის და რა გავლენა აქვს მას ტყის ხანძრებზე:
ირაკლი მაჭარაშვილი
ირაკლი მაჭარაშვილი

”2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად, სოფლების წაღვერისა და დაბის ტერიტორიაზე დაიწვა დაახლოებით 1000 ჰექტარი ტყე. ეს იყო სატყეო მეურნეობა, სადაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ტყის უკანონო ჭრა და იქ იყო ძალიან დიდი რაოდენობით დაგროვილი ნარჩენები, ტყე კი პრაქტიკულად დაუძლურებული იყო. ამ ტერიტორიიდან ოდნავ მოშორებით, ბორჯომ-ხარაგაულის პარკის ტერიტორიაზე, სამ ადგილას ჩამოყარეს ჭურვები და დაიწვა მხოლოდ 10 ჰექტარი ტყე. იქ საუკუნეზე მეტია ტყის აქტიური მენეჯმენტი მიმდინარეობს, ტყის დაცვა. თანაც ისე არ დაზიანებულა ეს ათი ჰექტარი, რომ ვერ აღდგეს. ეს არის კარგი მაგალითი, რას ნიშნავს ტყის კარგი და ცუდი მენეჯმენტი და რა შედეგები მოაქვს მას.”

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი ხანძარი 2006 წელს აბასთუმნის ტერიტორიაზე მოხდა, მეორე - 2008 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ტერიტორიაზე, აგვისტოს ომის დროს, და 2010 წელს - აწყურის მიდამოებში. შარშან და წელს, როგორც ნათია იორდანიშვილი განმარტავს, ტყის დიდი მასივები ხანძარს არ დაუზიანებია.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG